საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ლეფორი: ევროკავშირის პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას არავინ არ უნდა შეეცადოს

panarmenian.net

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. როგორც ლეფორმა Civil.ge-სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას.

"ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ამაში არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და არც უნდა შეეცადონ მის არასწორად ინტერპრეტაციას“, – განუცხადა ლეფორმა Civil.ge–ს ერევნიდან ტელეფონით დღეს, 21 იანვარს.

ლეფორის ეს უარყოფა მოჰყვა იმ ინფორმაციას, რომელიც ოსურმა საინფორმაციო სააგენტოებმა და რუსულმა სააგენტო რეგნუმმა გაავრცელეს. მათი ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ, საქართველოში საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ფილიპ ლეფორმა ცხინვალში განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სტატუსი რეალობაა, რომელიც შეცვლას არ ექვემდებარება".

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამის თაობაზე განმარტებას თავად ფრანგ დიპლომატს მოსთხოვს. მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ ოსური მედიის მიერ გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის უფლება აქვს.

კომენტარები