ფარული ვიდეოჩანაწერები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: ჩანაწერების მცირე ნაწილი განადგურდება

შსს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, ფარული ჩანაწერების მცირე ნაწილი განადგურდება, კერძოდ, ის ფაილები, რომლებიც ინტიმური ხასიათის მასალებს შეიცავს. როგორც ქალდანმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომის შემდეგ თქვა, დარჩენილ ფაილებში რამდენიმე ისეთი მასალა აღმოჩნდა, რომელიც პირად ცხოვრებას უკავშირდება.

"ამიტომ, კომისიამ მიიჩნია, რომ მათი განადგურება აუცილებელია. ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს თავად ფაქტზე", - აღნიშნა ქალდანმა.

მისივე თქმით, შსს-მ გადაამუშავა მასალა, რათა გარკვეულიყო, ხომ არ შეიცავდა ინტიმური ხასიათის ინფორმაციას. ქალდანის ცნობით, მასალა დახარისხებულია და გამოყოფილია, რა არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი და რა არის გასანადგურებელი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გამო.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა აღნიშნა, მასალის ძირითადი ნაწილი საგამოძიებო ორგანოებს ექნებათ, რათა გამოძიება დაიწყოს.

ცნობისთვის, შსს-მ პირად ცხოვრების ამსახველი 110 დისკი 2013 წლის 5 სექტემბერს გაანადგურა.

კომენტარები