სასჯელაღსრულების დაწესებულებები

გეგუთის ციხიდან საავადმყოფოებში გადაყვანა გასულ ღამეს 17 პატიმარს დასჭირდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების გეგუთის #14 დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული გადაიყვანეს. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება.

სამინისტროს განცხადებით, ამ მომენტისთვის ჩვიდმეტივე მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის N14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

უკვე რამდენიმე დღეა, ასეულობით პატიმარი გეგუთის ციხეში შიმშილობს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას მოითხოვენ.

კომენტარები