გასაბჭოების დღე

პარლამენტის ყოფილ და ახლანდელ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს

ქუთაისსა და თბილისში პარლამენტის შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს. დღეს დროშა საქართველოს სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე დაშვებულია. 25 თებერვალს - საქართველოს გასაბჭოების დღეს, საქართველოში ტრადიციულად კოჯორსა და ტაბახმელაში დაცემული ქართველი იუნკრების ხსოვნით აღნიშნავენ. კოჯორში უკვე მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. იუნკრების მემორიალთან დღეს პრეზიდენტსაც ელოდებიან.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, იუნკრების საქციელი საუკეთესო მაგალითია ქართველი სამხედროებისთვის.

"იუნკრების საქციელი ჩვენი სამხედროებისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის და, განსაკუთრებით, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს იუნკრებისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა მოემზადო ყველაზე მნიშვნელოვანი დღისათვის ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ყველა სამხედროს დაუდგეს ნებისმიერ წამს - დაიცვა საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბუნებრივია, ეს ხსოვნა, პატივის მიგება ჩვენი მოქალაქეებისთვის არის სამაგალითო და მომავალ თაობებს აღვზრდით მათი მაგალითით და მივცემთ მაგალითს ქვეყნის დიდი სიყვარულის", - თქვა ალასანიამ.

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 93 წელი გავიდა. 1921 წლის 12 თებერვალს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში საბჭოთა არმია შემოიჭრა. დემოკრატიული საქართველოს ჯარმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლო. თუმცა, არმიამ ქართველებზე კვლავ მიიტანა იერიში. 24 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით ნოე ჟორდანიამ რუსეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მოლაპარაკების დაწყება მოითხოვა. საპასუხოდ, 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია  შემოვიდა. წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ქართველები დამარცხდნენ. რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობა კი ჯერ ბათუმში, ხოლო მარტში ემიგრაციაში წავიდა.

სუვერენული ქვეყნის გასაბჭოებამდე თბილისის შემოგარენში რუსებთან ბრძოლაში ქართველი იუნკრები დაიღუპნენ.

კომენტარები