უკრაინა

უკრაინა ევროპაში

2014 წლის იანვრის თვეა. კიევის საპატრიარქოს მოსაცდელში ვზივარ სხვა ეპისკოპოსებთან ერთად და ველოდები, როდის დამთავრდება სინოდის სხდომა, რომ პატრიარქი ფილარეტი ვნახო. გარეთ თოვლია და ყინავს. ქვეყანაში რევოლუციაა!

Malkhaz Songulashvili
პატრიარქი ფილარეტი ბოლოს 2011 წელს ვნახე, როცა ანგლიკანური ეკლესიის დელეგაციას ჩავყევი კიევში. დელეგაციაში იყვნენ ვეიკფილდის ეპისკოპოსი სტივენ პლატენი, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის პირადი კაპელანი ჯონათან გუდალი და ცნობილი ანგლიკანი კანონიკოსი ჰიუ უაიბრუ, მართლმადიდებლური ლიტურგიის საუკეთესო ექსპერტი. ძალიან გაიხარა მაშინ პატრიარქმა ჩვენი სტუმრობით. კარგად გვიმასპინძლა. მე და მეუფე სტივენი წმიდა ვლადიმერის ორდენებით დაგვაჯილდოვა, ჯონათანი და ჰიუ წმიდა გიორგის ორდენებით. მე და სტივენს ასევე გადმოგვცა პანაღიები. პანაღიას რომ მაძლევდა, მიუტრიალდა იქ მყოფებს გაბრწყინებული თვალებით და განუცხადა: „Це Владыко Малхаз вiн православнi баптист" (ეს მეუფე მალხაზი მართლმადიდებელი ბაპტისტია). მაშინ კარგ გუნებაზე იყო პატრიარქი.

Patriarch Mstyslav Skrypnyk
ჩვენმა ვიზიტმა ჭკუიდან გადაიყვანა მოსკოვის საპატრიარქო. მაშინვე ლახვრისჩამცემი წერილები აფრინეს ლამბესის სასახლეში, რომელიც კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ლონდონის რეზიდენციას წარმოადგენს. ერთი წერილი ეკუთვნოდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების გამგეს მიტროპოლიტ ილარიონს, ხოლო მეორე – ერთ ბრიტანელ მართლმადიდებელ მიტროპოლიტს, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაშია. ილარიონ ალფეევმა და მიტროპოლიტმა არაფერი დაიშურეს ინგლისის ეკლესიისა და მისი მეთაურის დასატუქსად. ორივენი საყვედურობდნენ მთავარეპისკოპოსს, როგორ გაბედეთ და დელეგაცია გააგზავნეთ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკითხავადო. როუენ ვილიამსმა, კენტერბერიის მაშინდელმა მთავარეპისკოპოსმა, დინჯად და აუღელვებლად გასცა საკადრისი პასუხი დაბოღმილ ეპისკოპოსებს. ამის შემდეგ ვეიკფილდის ეპისკოპოსმა, სტივენ პლატენმა ჩვეულებრივ გააგრძელა ურთიერთობა როგორც უკრაინის ეკლესიის მეთაურთან პატრიარქ ფილარეტთან, ასევე მის წარმომადგენელთან დიდ ბრიტანეთში, არქიმანდრიტ კირიონ ინასარიძესთან.

საოცარი ადამიანია ფილარეტი. პირველად მას ნარინჯისფერი რევოლუციის დღეებში შევხვდით მე, დეკანოზი ბასილ კობახიძე და მამა ზაზა თევზაძე. ჩვენ სამნი კიევში ჩავედით, რომ ქრისტიანული სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინის რელიგიური თემებისათვის, რომლებიც მაშინაც მეტ-ნაკლებად მხარს უჭერდნენ რევოლუციას. დავდიოდით ასე სამნი რევოლიუციურ კიევში. სამივეს ნარინჯისფერი კაშნები გვეხვია ყელზე. მამა ზაზას ანკესის თავზე წამოცმული საქართველოს დროშა ეჭირა. მამა ბასილს კეპი ეხურა თავზე და სიგარეტის მოწევა რომ მოუნდებოდა, ანაფორის კალთებს იკეცავდა შალის პალტოს ქვეშ. მე შავი მოსასხამი მქონდა მოხვეული და შიშველ ფეხზე სანდლები მეცვა. კარგი სანახავები ვიყავით ეს სამი ექსცენტრული გურჯი კიევის ქუჩებში. ხო, მართლა, ერთხელ სამივეს ძალიან შეგვცივდა. მამა ზაზა სულ გაგვილურჯდა სიცივისგან, მაგრამ ხელიდან არ აგდებდა ანკესზე წამოცმულ ქართულ დროშას.

Patriarch Volodymyr Romaniuk
მე მგონი, ფილარეტთან შეხვედრაზე მივდიოდით, ვიღაცა გამვლელმა მამა ზაზაზე გაკვირვებულმა იკითხა:

„А почему у этого армянского священника грузинский флаг?"

ამაზე სამივემ გულიანად ვიცინეთ.

წლეულს პატრიარქ ფილარეტს 85 წელი შეუსრულდა. მეც ჩემი კიევში ჩასვლა დავამთხვიე მის იუბილეს. ვიდრე რევოლუცია დაიწყებოდა, უკრაინის ეკლესიას დაგეგმილი ჰქონდა გრანდიოზული ღონისძიებები პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად, მაგრამ რევოლუციის გამო ფილარეტმა გააუქმა ყველა საზეიმო ღონისძიება და ქვეყნის პრეზიდენტსაც უარი უთხრა საიუბილეო ჯილდოზე.

ფილარეტი თავის დროზე მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იერარქი იყო, იგი კიევის საეგზარქოსოს ედგა სათავეში. მოსკოვის პატრიარქი პიმენი რომ გარდაიცვალა, ფილარეტი განაგებდა საპატრიარქო ტახტს, ვიდრე ალექსი მეორეს აირჩევდნენ პატრიარქად. ამის შემდეგ ფილარეტმა გააგრძელა თავისი საქმიანობა, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფმა ეგზარქოსმა.

კიევის საპატრიარქოს დაარსება ძალიან ჰგავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს 1917 წელს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა შესაძლებელი გახდა ცარიზმის დამხობის წყალობით, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა – საბჭოთა კავშირის დანგრევის წყალობით.

„აი, ყველა ის მაცხოვრის სამსჭვალი რომ შეაგროვო, რაც ეკლესიებშია დაგროვილი, ალბათ ათი ტონა გამოვა, ასიათასობით ლურსმანი ინახება ეკლესიებში".
მეუფე ევსტატი

1991 წლის 1-3 ნოემბერს შეიკრიბა უკრაინის საეგზარქოსოს სრულებით ლეგიტიმური კრება, რომელმაც გამოაცხადა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამავე კრებამ გამოხატა სურვილი, რომ ამ ეკლესიის მომავალი პატრიარქი ყოფილიყო ფილარეტი. კრების მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ მოსკოვის საპატრიარქო ადვილად აღიარებდა ეკლესიის კანონიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ მწარედ მოტყუვდნენ. მოსკოვის საპატრიარქომ მოიწვია სინოდის საგანგებო სხდომა უკრაინის ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილების განსახილველად. სინოდმა მოსთხოვა ფილარეტს, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან „მშვიდობის გულისთვის". ფილარეტი მოსკოვში ყაბულს გახდა, რომ გადამდგარიყო, მაგრამ კიევში რომ დაბრუნდა, უარი თქვა გადადგომაზე. მან კიევში მოიწვია პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ მასზე მოსკოვში ზეწოლა მოახდინეს, როგორც საეკლესიო წრეებმა, ისე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ სინოდის სხდომას. უკრაინის ეკლესიის გადაწყვეტილება ავტოკეფალიის შესანარჩუნებლად მტკიცე იყო. ამიტომ მოსკოვის საპატრიარქომ ხარკოვში მოიწვია თავისი მომხრე ეპისკოპოსების კრება, 1992 წლის მაისში, რითაც გახლიჩა უკრაინის მართლმადიდებელთა ერთობა. პრომოსკოვურ გუნდს მოსკოვმა მეთაურად დაუყენა ეპისკოპოსი ვოლოდიმირ სლობოდანი და გამოაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში.



ფოტო: AFP
ამის პასუხად, ფილარეტის მომხრე ეპისკოპოსები და უკრაინაში იმჟამად ჩამოყალიბებული უკრაინის ავტოკეფალური ეკლესის ეპისკოპოსები 1992 წლის 25 ივნისს შეიკრიბნენ და დააარსეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – კიევის საპატრიარქო. აირჩიეს ღრმადმოხუცებული პატრიარქი მსტისლავ სკრიპნიკი (1898-1993), რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე პატრიარქი ვოლოდიმირ რომანიუკიც (1925-1995) მალე გარდაიცვალა. 1995 წლიდან მოკიდებული დღემდე, კიევის საპატრიარქოს საჭეთმპყრობელია ფილარეტი, რომელიც მისი წინამორბედი პატრიარქების მმართველობის დროსაც უკვე სერიოზულ როლს ასრულებდა ახლადორგანიზებული საპატრიარქოს ცხოვრებაში.

კიევის საპატრიარქო დღეს ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917 წლიდან 1943 წლამდე, ვიდრე მას იოსებ სტალინი არ გამოესარჩლა და არ აიძულა რუსეთის ეკლესია, ეღიარებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ისეთი მოსარჩლე არავინ გამოუჩნდა, რომ მისი ავტოკეფალიის აღიარებაში დახმარებოდა. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა იუშჩენკომ სცადა გამოსარჩლება, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სთხოვა დახმარება. მსოფლიო პატრიარქი კიევში ჩავიდა და მზად იყო საქმიანი მოლაპარაკება გაემართა კიევის საპატრიარქოსთან, მაგრამ საქმეში კრემლი ჩაერია და თურქეთის მთავრობის მოშველიებით, მსოფლიო პატრიარქს, რომლის რეზიდენციაც სტამბოლში მდებარეობს, ხელი ააღებინა უკრაინის ეკლესიის დახმარებაზე.


ფოტო: AFP

უკვე ლამის ოცი წელია, კიევის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობებს შესაშური მოწადინებით ბლოკავს მოსკოვის საპატრიარქო. მას სურს, რომ კიევის საპატრიარქო იზოლირებული იყოს როგორც ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისგან, ისე ზოგადად ქრისტიანული სამყაროსგან.
ასევე უკვე წლების განმავლობაში კიევის საპატრიარქო ცდილობს, რომ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის წევრი გახდეს. აქამდე ყველა მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. მოსკოვის საპატრიარქოს გამო მისი წევრობა იბლოკება. მას არც უარს ეუბნებიან და არც თანხმობას აძლევენ. აქ არ შეიძლება პარალელები არ დაინახო: კრემლი ბლოკავს უკრაინის მცდელობას, გახდეს ევროპული საზოგადოებრიობის სრულუფლებიანი წევრი. კრემლის ერთგული მოსკოვის საპატრიარქო ასევე ბლოკავს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სურვილს, გახდეს ევროპის ეკლესიათა სამეგობროს ნაწილი.

მიუხედავად ყველაფრისა, პატრიარქი ფილარეტი კერკეტი კაკალი გამოდგა, ვერავინ შეაშინა, ვერაფერმა გატეხა. იგი დღემდე ხელებდაკაპიწებული შრომობს უკრაინის ეკლესიის გასაძლიერებლად. მან საკუთარი ხელით კატასტროფული სისწრაფით თარგმნა ბიბლია უკრაინულ ენაზე და გამოსცა. ასევე უკრაინულ ენაზე გადმოიღო ყველა ლიტურგიული წიგნი და უკრაინელ სამღვდელოებას მისცა სახელმძღვანელოდ.

მიუხედავად სიჭარმაგისა, თავად დადის ევროპასა და ამერიკაში, რათა ლობირება გაუწიოს უკრაინის ევროკავშირში და NATO-ში გაწევრიანების საქმეს. მისთვის ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საქმეს წარმოადგენს. გასულ წელს კიევის სამთავროს მოქცევის 1025 წელი აღინიშნა უკრაინაში. ამ ზეიმთან დაკავშირებით პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ხალხმა მაშინ გააკეთა არჩევანი ევროპაზე, როცა ქრისტიანობა მიიღო 1025 წლის წინ. ეს საკითხი შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ ის კი ცხადზე ცხადია, რომ კიევის სამთავროს ქრისტიანობაზე მოქცევა უზარმაზარ ისტორიულ მოვლენას წარმოადგენდა. აქ შეიძლება იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ინიციატორი კიევის ქრისტიანობაზე მოქცევისა იყო მთავარი ვლადიმირი, რომელიც რიურიკების, წარმოშობით ჩრდილოევროპული ანუ სკანდინავიური, დინასტიის წარმომადგენელი იყო. რიურიკები კიევს 862 წლის შემდეგ მართავდნენ.

კიევის საპატრიარქოს დაარსება ძალიან ჰგავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს 1917 წელს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა შესაძლებელი გახდა ცარიზმის დამხობის წყალობით, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა – საბჭოთა კავშირის დანგრევის წყალობით.

ვლადიმირის მიერ ახალი რელიგიის ძიება დასრულდა 988 წელს, როდესაც მან – მას შემდეგ, რაც იუდაიზმი დაიწუნა იმისთვის, რომ სახელმწიფო არ გააჩნდათ, ისლამი დაიწუნა იმის გამო, რომ ღორის ხორცის ჭამასა და ალკოჰოლის დალევას კრძალავდა, კათოლიკური ქრისტიანობა დაიწუნა იმის გამო, რომ მათი რიტუალებიდან „დიდება" არ გამოსჭვიოდა – მიიღო ბიზანტიური ქრისტიანობა და იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. გადმოცემის მიხედვით, ვლადიმირს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა მისი ემისრების მიერ მოტანილმა ამბავმა, რომლებმაც თავიანთ ბატონს აცნობეს, რომ ბიზანტიური ლიტურგია ზეციური იყო და „უფრო მშვენიერი, ვიდრე ყველა სხვა ერის ღვთისმსახურება". რა თქმა უნდა, გულუბრყვილობა იქნებოდა იმისი ფიქრი, თითქოს მხოლოდ ესთეტიკური ღირებულების გამო მიიღო ვლადიმირმა ქრისტიანობა. ბიზანტიასთან რელიგიური დაახლოება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

პატრიარქი ფილარეტი დღეს ამ მოვლენის ახლებულ და რელევანტურ რეინტერპრეტაციას გვთავაზობს. იგი მას ევროპასთან ინტეგრაციის კონტექსტში განიხილავს. ყოველ წელს კიევში დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ ვლადიმირობას, ანუ ქრისტიანობის მიღებას მთავარ ვლადიმირის მიერ, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ იდენტობას აღმოსავლელ სლავებს შორის.

ფილარეტმა იცის, რომ უკრაინა შეიძლება განვითარდეს და აყვავდეს მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის წყალობით. ამიტომ მას არ სურს, მისმა სამშობლომ რუსული იმპერიალიზმის მონობაში გაატაროს მთელი ცხოვრება. ევროპასთან ინტეგრაცია მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიების გარდა, ევროპასთან ინტეგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში გაერთიანებული ადგილობრივი ეკლესიის ჩამოყალიბებას. ამდენად, რუსეთის მარწუხებიდან თავის დაღწევით, უკრაინის ეკლესიას გაუჩნდება საეკლესიო ერთობისა და მისი ავტოკეფალიის აღიარების შანსი.

ახლა ისევ ჩემს ვიზიტს უნდა დავუბრუნდე: როგორც იქნა, სინოდის სხდომა დამთავრდა. დარბაზიდან გამოიშალნენ სინოდალური მეუფეები (უკრაინის ეკლესიის სინოდში მხოლოდ 10 ეპისკოპოსი შედის დანარჩენი 30 ეპისკოპოსიდან). პატრიარქმა ძველებურად თბილად მიმიღო, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ შეფიქრიანებული იყო. იმ დღეს სამთავრობო ძალებმა სამი მომიტინგე მოკლეს და ხალხს ცრემლსადენი ყუმბარები დაუშინეს. მაიდანზე დაზარალებულთა შორის იყო ყირიმის ეპისკოპოსიც, რომელიც ჩემთან ერთად ელოდა სინოდის სხდომის დამთავრებას.

სინოდალებიც (ასე ეძახიან სინოდის წევრ ეპისკოპოსებს) და მოსაცდელში მომლოდინე ეპისკოპოსებიც დამშეულები ვიყავით და პირდაპირ სასადილო დარბაზში გადავინაცვლეთ. აქ ჩვენ მოკრძალებული, მაგრამ გემრიელი სადილი გველოდა: ცხელი ბორშჩი, თევზეული და ხილეული. პატრიარქმა სუფრა დალოცა და სუფრას მივუსხედით. კარგი სანახავი იყო პატრიარქის სადილი. სადილს მივუსხედით თუ არა, ეპისკოპოსების და მიტროპოლიტების უმეტესობამ აიპადები და აიფონები დააძრეს – ყველას აინტერესებდა, რა ხდებოდა ბარიკადებზე. ისინი ერთმანეთის მონაცვლეობით კითხულობდნენ ახალ ამბებს და თან სადილს შეექცეოდნენ.

„ნახეთ, მოსკოვის საპატრიარქო ახლა წმიდა ნაწილების გამოყენებით ცდილობს ჩვენი ხალხის გადაბირებას", – აღმოხდა ერთ ეპისკოპოსს, რომელსაც თვალებთან ახლოს ჰქონდა მიტანილი აიფონი და გაფაციცებით კითხულობდა ეკრანზე გამოჩენილ ინფორმაციებს.

„რა წმიდა ნაწილები?" – იკითხა პატრიარქმა და კოვზით ბორშჩი შეხვრიპა.

„მოგვების საჩუქრები, რომელიც ყრმა იესოს მიართვეს მოგვებმა, ისინი ჩამოუტანიათ რუსებს ლავრაში", – უპასუხა პატრიარქს ეპისკოპოსმა.

„რა მოგვების საჩუქრები, ეგ არაფერ სიწმიდეს არ წარმოადგენს, ან საიდან ვიცით, რომ მართლა ის საჩუქრებია!?" – აპილპილდა მიტროპოლიტი ეპიფანე, რომელიც პატრიარქის მოსაყდრეა. ამ ამბავმა აუღელვებელი არავინ დატოვა, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას.

Patriarch Filaret conducting a religious service.
ფოტო: AFP
„მე უნდა გითხრათ წმიდა ნაწილების ამბავი, – საუბარში დაწინაურდა ერთი ყველაზე ფაშფაშა და საყვარელი ეპისკოპოსი, – საბერძნეთში მყავდა ჩემი ერთი მორჩილი გაგზავნილი. ერთი მონასტერი მოულოცავს. იქ მისთვის უამრავი თავის ქალა უჩვენებიათ, ყველა იოანე ნათლისმცემლისა, თან უთქვამთ, ამ თავის ქალებიდან მარტო ორი მათგანი არისო ნამდვილად ნათლისმცემლისა". ეპისკოპოსის ოხუნჯობამ ყველანი კარგ გუნებაზე დაგვაყენა.

„აი, ყველა ის მაცხოვრის სამსჭვალი რომ შეაგროვო, რაც ეკლესიებშია დაგროვილი, ალბათ ათი ტონა გამოვა, ასიათასობით ლურსმანი ინახება ეკლესიებში", – განაცხადა მეუფე ევსტატიმ... პატრიარქმა ალბათ იფიქრა, ახლა ამათ ნამეტანი არ მოუვიდეთ წმიდა ნაწილების განქიქებაზე ლაპარაკიო და დინჯად დაიწყო:

„არსებობს ნამდვილი წმიდა ნაწილები და არსებობს ტყუილი ნაწილები. ჩვენ ვლადიმირში (აქ იგულისხმება წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარი, სადაც თურმე კიევში სტუდენტობის დროს დადიოდა მიხეილ სააკაშვილი – მ.ს.) გვაქვს წმიდა ბარბარეს ნაწილები, რომელიც ვიცით, რომ ნამდვილია... ეგ მოგვების საჩუქრები არ ვიცით, ნამდვილია თუ არა..." – სცადა ეპისკოპოსების დაშოშმინება პატრიარქმა. ამით წმიდა ნაწილებზე შეწყდა ლაპარაკი, ეპისკოპოსები ისევ თავიანთ აიპადებსა და აიფონებს მიუტრიალდნენ.

გაოგნებული ვაკვირდებოდი ამ გარემოს და ვფიქრობდი, ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს-მეთქი თავისუფლებას და ევროპულ გარემოში ცხოვრებას.

ის, რაც ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ხდება უკრაინის დედაქალაქში, წარმოადგენს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის მკაფიოდ გამოხატულ ნებას. უკრაინელ ხალხს სურს თავისი ბედი საბოლოოდ დაუკავშიროს არა მარტო ევროკავშირს და დასავლეთს, არამედ იმ ღირებულებებს, რომელზედაც საერთოდ დასავლური ცივილიზაციაა დაშენებული.

ყველა ცივილიზაციას თავისი დადებითი და უარყოფითი აქვს. დასავლეთიც გამონაკლისს არ წარმოადგენს. მისი სიკეთე ის არის, რომ მისთვის ადამიანი და სამყარო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს.

არსებულ ცივილიზაციათა შორის ყველაზე პროგრესული ეს ცივილიზაციაა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იგი დაფუძნებულია დასავლეთ ევროპის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე პოლიტიკის, ეკონომიკის, ფილოსოფიისა და რელიგიის დომენებში. სულიერი თვალსაზრისით, ამ ცივილიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს ქრისტიანობამ, იუდაიზმმა და ისლამმა. ასევე ამ სამი მონოთეისტური რელიგიიდან ამოზრდილმა ფილოსოფიურმა და მეცნიერულმა სკოლებმა.

ასეთმა მემკვიდრეობამ დასავლეთი ყველაზე მულტიკულტურულ და ეკონომიკურად აღორძინებულ საზოგადოებად აქცია.

ამიტომ მიელტვის დასავლეთში ცხოვრებას ჩვენი პლანეტის უამრავი მკვიდრი: ზოგი განათლების მისაღებად, ზოგი სამეცნიერო შრომის გასაწევად, ზოგი კვალიფიციური მკურნალობის საძიებლად და ზოგიც თავისი ბედის საძიებლად.

Hierarchs Anton, Volodymyr and Filaret. Kiev, 1993.
აღმოსავლეთ ევროპის ერების წინაშე და, განსაკუთრებით, მცირერიცხოვანი ერების წინაშე დგას ორი ალტერნატივა: ან ჩვენს ქვეყნებს მივცემთ თავისუფალი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობას, შევუქმნით საამისო პირობებს, ან არა და დავკარგავთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო შვილებს „ბრეინ-დრეინის" გზით.

უკრაინელი ხალხის ნებაა, განვითარდნენ და ევროპულ ღირებულებებზე დააფუძნონ თავიანთი საზოგადოება, რომელიც ჯერაც ვერ გამოხსნილა საბოლოოდ საბჭოური მემკვიდრეობის მარწუხებიდან. დასანანია, რომ ამას ეწინააღმდეგება მისი მეზობელი ქვეყანა, რომელიც წესით თავადვე უნდა ესწრაფვოდეს დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციას. ეს სახელმწიფო (რომელზედაც ბოლო ხანებში ისე ლაპარაკობენ, როგორც ვოლდემორტზე – you know who) არის დაბოღმილი და ამბიციური ქვეყანა, რომელიც თავისი დაბოღმილობით, პირველ რიგში, საკუთარ თავს აზიანებს. დიღომში ასეთი ანდაზა გვაქვს, „ვირმა პალო აიწყვიტა და ერთი სხვას მოარტყა და ათი თავის თავსაო". ასეა სწორედ რუსეთის საქმეც. თავისი ამპარტავნობის გამო პირველ რიგში თავად რუსეთი ზარალდება.

ევანგელურ წრეებში ასე არის მიღებული – თანაზიარების ნიშნად უცხოელ სტუმრებს ეკითხებიან, როგორ ვილოცოთო თქვენი ქვეყნისთვის (How can we pray for your country). მე ხშირად მითქვამს ხუმრობით, განსაკუთრებით რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, არ არის საჭირო საქართველოსთვის ლოცვა, ლოცვა ახლა ყველაზე მეტად რუსეთს სჭირდება-მეთქი. რუსეთს მართლა ყველაზე მეტი ლოცვა სჭირდება დღეს, რათა იმ ბოღმისაგან გათავისუფლდეს, რომელიც მას ახრჩობს და სამტროდ განაწყობს არა მარტო დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციის წინააღმდეგ, არამედ ერთმორწმუნე უკრაინის, საქართველოს, ბელარუსისა და მოლდოვის წინააღმდეგ. ერთმორწმუნეობა მის ხელში ყულფიც არის და მათრახიც. ცხადია, ამას არც ქრისტიანობასთან აქვს რამე საერთო და არც მაცხოვრის სიყვარულთან. სამწუხაროდ, ამ საქმეში რუსული მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის პოლიტიკის განუხრელი გამტარია. როგორს ჩანს, მის იერარქებს არ ანაღვლებთ თავიანთი ხალხისა და ქვეყნის ბედი, მთავარია, „დერჟავა" კარგად იყოს. დასანანია, ძალიან დასანანია, მაგრამ ეს ასეა.

რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინაში სულ სხვაგვარი რელიგიური ვითარებაა. აქ რელიგიები ხელისუფლების ყმები არ არიან. უკრაინის პატრიარქი ფილარეტი არათუ მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ ამ პროცესებში თავად იღებს აქტიურ მონაწილეობას. იგი სტუმრობს ბრიუსელს, შეერთებულ შტატებს და ყველგან აცხადებს, რომ უკრაინის ადგილი ევროპაშია და მას სხვა ალტერნატივა შეუძლებელია ჰქონდეს. უკრაინის პატრიარქის გარდა, ბიზანტიური წესის კათოლიკეების ლეგენდარული წინამძღოლი კარდინალი ლიუბომირ ჰუზარიც აშკარად უჭერს მხარს ქვეყნის პროევროპულ ორიენტაციას და დემონსტრანტებს, რომლებიც სუსხიანი ზამთრის პირობებში ქუჩაში იბრძვიან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისათვის. აქ ის არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინის თავისუფლება მრავალი სხვა ქვეყნის ბედს განსაზღვრავს. ვინ იცის, ვინძლო ამან რუსეთზეც იქონიოს დადებითი გავლენა. იქნებ ოდესმე მოხდეს სასწაული და ეგ ქვეყანაც გათავისუფლდეს საკუთარი იმპერიული წარსულის მონობისგან.

სულ ახლახან ერევანში სტუმრობისას პუტინმა განაცხადა, ამიერკავკასიიდან სულაც არ აპირებს რუსეთი წასვლასო. მისთვის არაფერს ნიშნავს, რომ კავკასიაში სამი სუვერენული სახელმწიფოა და თუ ამ სახელმწიფოებთან მეგობრობა უნდა, მაშინ მათთან უნდა ითანამშრომლოს პარიტეტულ პრინციპებზე დაყრდნობით. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებდა რუსეთი ნამდვილი მეგობრების გაჩენას თავის სამეზობლოში. მაგრამ რუსეთს სხვა სახელმწიფოებთან მეგობრობის უნარი არ გააჩნია. იმპერიებს არ შეუძლიათ მეგობრობა. რუსეთს ამიერკავკასია ყმა სახელმწიფოებად სჭირდება.

ჩვენთან, ამიერკავკასიაში, საქართველოსა და ნაწილობრივ აზერბაიჯანს დასავლეთისკენ უჭირავთ თვალი, მაგრამ ეს იმპერიისათვის „временное явление"-ა. იმპერია ამიერკავკასიიდან სულაც არ აპირებს ფეხი მოიცვალოს. „რუსეთი ამიერკავკასიიდან არ წავა!" ამბობს დიქტატორი. ამას იგი ისე უტიფრად აცხადებს ერევანში, იმისაც არ ერიდება, რომ ამით მასპინძელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მის ღირსებას ფეხქვეშ თელავს. იგი თვლის, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მას ყარაბაღით ჰყავს გამოჭერილი, ხოლო საქართველო – აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთით.
მართალია, რუსეთს უკრაინა უფრო ეკონომიკით ჰყავს დღეს დაჭერილი, ვიდრე ტერიტორიების დაკარგვის საფრთხით, თუმცა თუ დასჭირდა, შეუძლია, ეს მექანიზმიც გამოიყენოს (ყირიმი, აღმოსავლეთის პერიფერიები). ყოველივე ამის მიუხედავად, დრო რუსეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს და ამას, ალბათ, კრემლშიც ხვდებიან.

ევროპული ღირებულების დასამკვიდრებლად პოსტსაბჭოურ სივრცეში სამი ძირითადი ფაქტორია განმსაზღვრელი. ეს არის: გამოცდილებითი, ლინგვისტური და რელიგიური ფაქტორები.
გამოცდილებაში ის იგულისხმება, რომ როდესაც ადამიანი მოგზაურობ დასავლეთის სივრცეში და ეცნობი იქაურ ღირებულებებს და საზოგადოების მოწყობის წესებს, რწმუნდები, რომ ჩვენი თანამემამულეები პოსტსაბჭოურ სივრცეში ბევრად უფრო დაჩაგრულები არიან, ვიდრე დასავლეთში. ადამიანი დასავლეთში უფრო თავისუფალია, მას აქვს კარგი განათლების მიღების საშუალება, კარგი სამედიცინო დახმარებისა და კარგი სოციალური სამსახურებით სარგებლობის საშუალება. იმასაც ხედავს, რომ დასავლელი ადამიანი ისეთივე შესაძლებლობისაა, როგორისაც აღმოსავლელი. განსხვავება ისაა, რომ აღმოსავლელს არ აქვს თავისი შესაძლებლობის სრულად რეალიზაციის საშუალება, დასავლელს კი აქვს. ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლეთში ადამიანი და მისი კეთილდღეობა უპირატეს ღირებულებას წარმოადგენს. რაც მეტი ფიზიკური მისვლა-მოსვლაა დასავლეთთან, მით უფრო გასაგები ხდება ადამიანისთვის დასავლური ღირებულებები, თუკი ამას ადამიანი მოიწადინებს, თორემ დასავლეთში მე ბევრი აღმოსავლეთევროპელი მინახავს, რომელიც ვერ მიმხვდარა, რატომ არის დასავლური ღირებულებები ასე განსხვავებული საბჭოურისგან. ამ მხრივ უკრაინელებს ჩვენზე ბევრად უკეთ აქვთ საქმე. უკრაინელს შეუძლია დილით გადავიდეს დასავლეთ ევროპაში და საღამოთი დაბრუნდეს. მას შეუძლია იაფფასიანი სატრანსპორტო საშუალებებით ადვილად იმოგზაუროს დასავლეთში და იოლად გაეცნოს დასავლურ კულტურასა და ღირებულებებს.

ლინგვისტური ფაქტორი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დაწაფებულია დასავლურ ენებს, უფრო ხშირად ინგლისურს, რაც ახალგაზრდა თაობას საშუალებას აძლევს, ვირტუალურ სივრცეში ეზიაროს იმ ღირებულებებს, რომელიც დასავლეთშია დამკვიდრებული. ეს არის პროცესი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. მე ჩემი შეგნებული ცხოვრების მრავალი წელი ტოტალიტარულ საზოგადოებაში გავიზარდე და ვიცი, რომ თავისუფლების წყურვილს ვერაფერი აკავებს. თავად ღმერთმა უბოძა ადამიანს თავისუფლება და ვის აქვს უფლება, რომ წაართვას?! კი ბატონო, ყველა ცდილობს ადამიანს ხელიდან გამოგლიჯოს ეს ღვთისაგან ნაბოძვარი თავისუფლება. ამ საქმეში ერთმანეთს ეცილებიან სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, სოციო-კულტურული და რელიგიური ინსტიტუციები, მაგრამ როგორც ქართული არაკი ამბობს, „ერთი დღე არავის შერჩენია". თავისუფლებისადმი სწრაფვას წინ ვერაფერი დაუდგება. ადამიანის მიერ აღმართული კედლები და მავთულხლართები მარადიული არ არის. ლინგვისტურად უკრაინელები საკმაოდ წინ არიან წასულები. ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა უკვე კარგად იცის დასავლური ენები და ისინი გატაცებით ეწაფებიან განათლებას დასავლეთის ქვეყნებში.

მესამე ფაქტორი არის რელიგიური. ვიცით, საბჭოეთის დამხობის შემდეგ რელიგია ლამის ყველა პოსტსაბჭოურ სივრცეში ჩაენაცვლა ირელიგიას (არარელიგიურობას), რომელიც მანამდე იყო გაბატონებული იდეოლოგია. სადაც სახელმწიფოებრიობა ძლიერი იყო, იქ რელიგია ან სახელმწიფოს სამსახურში ჩადგა, ან ადგილობრივი კულტურის. იქ, სადაც სახელმწიფოებრიობის განცდა სუსტი იყო, რელიგია წურბელასავით მოაჯდა სახელმწიფოს თავზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში რელიგიამ პოზიტიური როლი შეასრულა ამ ქვეყნების ევროპასთან რეინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების საქმეში. მათგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სავარაუდოდ, ხელისუფლების წაქეზებით, მალევე დაიკავა ანტიდასავლური პოზიცია. სახელმწიფომ ფაქტობრივად ახალი ცივი ომი წამოიწყო დასავლეთის წინააღმდეგ და ანტიდასავლურ იდეოლოგიად მართლმადიდებლობა ამოიფარა. პოლიტიკურად ეს მარჯვე ტაქტიკაა. სახელმწიფომ რელიგია გამოიყენა, რელიგიამ კი საკუთარი პრინციპები და ღირებულებები სახელმწიფოსთან ვაჭრობისას გადაცვალა ფულზე, პრივილეგიებზე და ძალაუფლებაზე. ამით იმპერიამაც იხეირა და ეკლესიამაც, წაგებული დარჩა მხოლოდ ქრისტე. ქრისტე კიდევ ერთხელ გაიყიდა, ოღონდ 30 ვერცხლზე უფრო ძვირად.

პატრიარქი გუნდიაევი, ვიდრე პატრიარქი გახდებოდა და მისი პატარა შეგირდი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, თავის დროზე, მთელ ევროპაში გამორჩეული ეკუმენური მოღვაწეები იყვნენ, ვიდრე ეს მათ ხელს აძლევდათ. ეკუმენურ და პანეკუმენურ შეხვედრებსა და ფორუმებს არ აკლდებოდნენ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში და ევროპის ეკლესიათა კონფერენციაში მათ გამოჩენილი ადგილები ეკავათ. ახლა ისინი იმპერიის სამსახურში არიან და ეკუმენურ მოძრაობაში მხოლოდ ნომინალურად რჩებიან. თუმცა ისევ აქვთ იმხელა გავლენა ამ ორგანიზაციებში, რომ ობსტრუქციები მოუწყონ ისეთი ეკლესიების გაწევრიანებას, რომლებიც მათ არ სიამოვნებთ: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქოსი), ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია (სამწუხაროდ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო დღეს მხოლოდ აჩრდილიღაა იმისა, რაც წინათ იყო. ეს ორგანიზაცია მეტწილად უსულგულო ბიუროკრატების ხელშია მოქცეული და ვფიქრობ, მას დიდი დღე აღარც უწერია. სამაგიეროდ, გაჩნდა სხვა ალტერნატიული ორგანიზაციები, რომლებიც იმ საქმეს ემსახურებიან, რასაც წესით ეკლესიათა მსოფლიო საბჭო უნდა აკეთებდეს).

ამ სამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, უკრაინის საქმე ცუდად არ არის. მის ევროპასთან ინტეგრაციას წინ ვერავინ დაუდგება. ხოლო როცა ეს მოხდება, მაშინ სხვა საბჭოურ ქვეყანებს და, მათ შორის რუსეთსაც, მიეცემათ შანსი, უფრო კარგად დაფიქრდნენ ევროპული ღირებულებების საჭიეროებაზე თუ აუცილებლობაზე.

ეს წერილი უკვე დასრულებული მქონდა, რომ ყატარში ყოფნისას მივიღე ერთი შესანიშნავი ახალგაზრდის წერილი, რომელშიც ერთი ძნელადმოსასმენი რიტორიკული კითხვა ამოვიკითხე.

„საშინელება ხდება კიევში, საშინელება..." – წერია მის წერილში, – „არ ვიცი, ეს როდის დასრულდება... მაგრამ იცი რაზე ვფიქრობ? ჩვენ რას ვიზამდით უკრაინელების ადგილზე? შევძლებდით კი ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას?!"

უცნაურად დამაბნია ამ კითხვამ და მოსვენება დამაკარგვინა. ჩემი ოთახის ფანჯარა გამოვაღე სასტუმროში. ოთახში თბილი ჰაერი შემოიჭრა. დოჰას ცათამბჯენების ფონზე მეზობლად მდებარე მეჩეთიდან მუეძინის ხმა შემომესმა. მუეძინი სალოცავად მოუხმობდა მლოცველებს:

„...აშ-ჰა-დუ ალ-ლაა ილააჰა ილ-ლალ-ლაა!..." (მე მოწმე ვარ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ღვთისა)

მესიამოვნა მუეძინის მოწოდება, რაღაცნაირი შვება ვიგრძენი.

„მე რა ვიცი, ჩვენ რას ვიზამდით უკრაინელების ადგილზე", ისე ვთქვი ხმამაღლა, თითქოს ის ჩემი მეგობარი ოთახში მჯდარიყო.

მას შემდეგ ხშირად ვფიქრობ ამ კითხვაზე. ხან მგონია, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით ასეთი წინააღმდეგობის გაწევას, ხანაც მგონია, რომ შეიძლება ჩვენშიც ამოეხეთქა თავისუფლების ჯერაც დატყვევებულ სულისკვეთებას და არაძალადობრივი წინააღმდეგობა გაეწია მოძალადისათვის. ხანაც იმას ვფიქრობ, რომ ამაზე მარჩიელობა სულ არ არის საჭირო. ამას დრო აჩვენებს. აღდგომა და ხვალეო!

კომენტარები