გიგი უგულავას საქმე

უგულავა: პროკურატურა ჩემს მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას შეეცდება

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე გიგი უგულავა აცხადებს, რომ 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს სხდომაზე პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას შეეცდება და წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. როგორც უგულავა აღნიშნავს, ამ ვარაუდის საფუძველს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი აძლევს. აღნიშნულ ოქმში, რომელსაც უგულავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ "2014 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე ბრალდებული გიორგი უგულავა უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით".

თუმცა, როგორც აქვეა ნათქვამი, "უგულავამ 2014 წლის 5 მარტს 04:34 საათზე, თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაფრინდა თურქეთის მიმართულებით". ოქმში აღნიშნულია, რომ პროკურორი ბრალდებულის ადვოკატ ბექა ბასილაიას 5 მარტს, 22:00 საათზე დაუკავშირდა და აცნობა, რომ უგულავა 6 მარტს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გიორგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული აქვს გირაო და 2014 წლის 8 იანვრის სათანადო ოქმით იგი გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიორგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია", - წერია პროკურორის ოქმში.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ამ ოქმიდან ჩანს, რომ სასამართლოს სხდომაზე პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას შეეცდება.

"როგორც ამ ოქმიდან ჩანს, მთავრობა და პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ შეეცდებიან ჩემს მიმართ აღკვეთი ღონისძიების დამძიმებას, ანუ მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას. (მათი საქმეა, ვერ დაუშლი. ამას არც პირველად ჩადიან და ალბათ არც უკანასკნელად). ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი "გამოძიებასთან ართანამშრომლობის" მაგალითად ამ ოქმში მითითებულია, რომ 6 მარტს არ გამოვცხადდი პროკურატურაში. საქმე იმაშია, რომ პროკურორმა ადვოკატს 5 მარტს 22 საათზე აცნობა ამის შესახებ და იქვე ცინიკურად ოქმში მიუთითებს, რომ მე 5 მარტს დილით გავემგზავრე დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესში მონაწილეობის მისაღებად და, შესაბამისად, 6 მარტს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი თბილისში. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ პროკურატურას თვეები ჰქონდა ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ასევე იმ ფაქტს, რომ თუ ასე აუცილებელი იყო ჩემი გამოცხადება, საზღვარზე შეეძლოთ ეცნობებინათ და ბოლო-ბოლო არ გავეშვი. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, ჩვენს პროკურატურას გეოგრაფიაშიც უჭირს, რადგან ვერანაირად პირი ასეთ მცირე დროის ინტერვალში დუბლინიდან თბილისში ვერ მოხვდება", - აღნიშნავს უგულავა.

უგულავა ”პროკურატურის გასაგონად” აცხადებს, რომ მიმალვას არ აპირებს. მისივე თქმით, ”ამ სიამოვნებას ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ვერ მიანიჭებს”.

”მე დღეს ჩვეულებრივად ვბრუნდები საქართველოში, იმის მიუხედავად, აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვენ, თუ გაციმბირებას. მთავრობის მხრიდან მორიგ გავეშებას მე ვუკავშირებ ორ ფაქტს: 1. ჩემს უპასუხოდ დატოვებულ განცხადებას ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზე, რომ ის მინისტრ კალაძესთან ერთად უკანონო ბიზნესსქემების დალაგებითაა დაკავებული. 2. მე ვარ ერთიანი ნაციონალირი მოძრაობის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ხოლო ნაცმოძრაობის განადგურება ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის დეკლარირებული და მორიგი ვერშესრულებული წინასაარჩევნო დაპირებაა. ამდენად, ჩემი ნეიტრალიზებით, ბუნებრივია, პარტიას ზიანი მიადგება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე. პროკურატურის ამ განზრახვის დამადასტურებელი სხვა მასალებიც გამაჩნია, რომელთა შესახებ საუბარს უკვე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვაპირებ”, - აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები