მსოფლიო

ობამაქეარი - ცურვა დინების საწინააღმდეგოდ

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფის მიერ წამყვანი ფინანსური როლის შესრულების მომხრე კოალიცია ქართული ოცნების მთავრობასა და მის მომხრე ქართველ სოციალისტებს, ალბათ, არ მოეწონებათ „სოციალისტურ” შვედეთში დაფიქსირებული ტენდენცია: ხანგრძლივად რიგში დგომითა და უხარისხო სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილო შვედები სულ უფრო მეტად იძენენ ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტებს.

9.5-მილიონიან ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე კერძო დაზღვეული ჯერჯერობით შეიძლება ბევრი არაა, მაგრამ ტენდენცია ნათელია. აღსანიშნავია, რომ ამ ნახევარი მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადს, უმეტეს შემთხვევაში, დამსაქმებელი იხდის.

შვედეთში დამსაქმებელს უღირს ამ თანხის გადახდა: თუ სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ თანამშრომელს, რომელიც საოპერაციოა, კომპანია, საავადმყოფოებში დიდი რიგების გამო, უკეთეს შემთხვევაში სრულფასოვნად ერთ წელიწადში დაიბრუნებს, კერძო დაზღვევით მოსარგებლე თანამშრომელი სამსახურში 2 კვირაში გამოცხადდება.

[ვიდრე საკითხზე მსჯელობას გავაგრძელებ, მკაფიოდ უნდა განვაცხადო: ისე არ გამიგოთ, მხარს ვუჭერდე იდეას, რომ საქართველოში კერძო ბიზნესს დავავალოთ დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების შეძენა. ეს, პრაქტიკულად, ახალი გადასახადი იქნება და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკას ისედაც გაურთულებს ფეხზე წამოდგომას.]

აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, 1970-იან წლებამდე, შვედეთი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებდა, რაც „მცირე მთავრობასა” და ნაკლებ რეგულაციებში გამოიხატებოდა. 1970-იანებიდან შვედეთმა 80 წლის განმავლობაში ნაგროვების გადანაწილება დაიწყო, მაგრამ შვედურ 20-წლიან სოციალიზმს პირველი ბზარები უკვე 1990-იან წლებში გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ 1990-იანების კრიზისს შვედეთმა მრეწველობის მთელი დარგების დერეგულაციით და საზოგადოებრივი სერვისების პრივატიზაციით უპასუხა. შვედეთის საშუალო სკოლები მოგებაზე არიან ორიენტირებული (რასაც ხელს უწყობს იმ ტიპის ვაუჩერული სისტემა, რომლის ანალოგიც საქართველოში გვაქვს – „9-წლიანი რეჟიმის” მიერ დანერგილი), ხოლო ერთ-ერთი კერძო საავადმყოფო საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და მისი აქციების ფასი სულ უფრო მაღლა მიდის.

შვედეთში დასწიეს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დღეს უკვე უფრო ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთში, ბელგიასა თუ დანიაში, ხოლო სახელმწიფო მშპ-ის 53.3%-ს ხარჯავს ნაცვლად 71%-ისა, როგორც ეს 1993 წელს იყო. [აქაც შენიშვნა. შვედების 53.3% მაგალითად არ უნდა ავიღოთ. ჩვენნაირმა ქვეყანამ მშპ-ის 30%-ზე მეტი არ უნდა ამოიღოს გადასახადების სახით, რაც ამჟამად უზრუნველყოფილია 2014 წლის 1 იანვარს ძალაში შესული „ეკონომიკური თავისუფლების აქტით”.]

შვედური ტენდენციის საპირისპირო გზა აირჩია შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც „დიდი მთავრობის აპოლოგეტია”. მის მიერ შეთავაზებული „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აქტი”, იგივე „ობამაქეარი”, ამერიკის კონგრესმა სამი წლის წინ იმ ლოზუნგით მიიღო, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობაში დაზღვევის არმქონე დაახლოებით 30 მილიონ ამერიკელს „დახმარებოდა”.

ამისთვის, ობამაქეარის მეშვეობით, ფედერალურ და შტატების დონეზე, დაზღვევის ბირჟები შეიქმნა – პლატფორმა, რომელზეც მოქალაქე ან თავისით იძენს დაზღვევას, ანდა დამსაქმებელი ყიდულობს მისთვის დაზღვევის პოლისს. განსხვავება ისაა, რომ მედიქეიდისა და მედიქეარის (ჩვენებურად, სოციალურად დაუცველთა ბაზა) წევრებს, აგრეთვე, მანამდე ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონეებს სახელმწიფო მთლიან ან ნაწილობრივ სუბსიდირებას უკეთებს.

ობამაქეარი ძალაში 2014 წლის 1 იანვარს შევიდა, თუმცა სისტემაში დარეგისტრირება 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. პირველი შედეგები სავალალოა.

Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ დაუზღვეველნი არ ყიდულობენ ჯანმრთელობის დაზღვევის ობამაქეარით შეთავაზებულ პაკეტებს: 2013 წლის 28 დეკემბრისთვის იმ 2.2 მილიონი ადამიანიდან, ვინც ობამაქეარში ჩაერთო, უმრავლესობა უკვე სარგებლობდა ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით. McKinsey & Co.-ს კვლევამ აჩვენა, რომ იმათგან, ვინც ობამაქეარით ჩაერთო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამაში, მანამდე მხოლოდ 11% იყო დაუზღვეველი.

მეტიც, Gallup-ის გამოკითხვები ადასტურებს, რომ 2008 წლის ნოემბერში, როდესაც ბარაკ ობამა პრეზიდენტი გახდა, ამერიკელთა 13.9% იყო დაუზღვეველი, დღეს კი – 16.1%-ია. ეს არცაა გასაკვირი: ობამაქეარმა კი არ გაზარდა ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებში ჩართვის მოტივაცია, არამედ შეამცირა. ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

იმის გამო, რომ დაზღვევის გადასახადს უზრდიდა, ბევრმა დამსაქმებელმა მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში უარი თქვა თანამშრომლის დაზღვევაზე და დასაქმებულებს თავისი ჯიბიდან მოუწევთ ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის ნაწილის გადახდა. მათთვის გათვალისწინებული სახელმწიფო სუბსიდია, თუკი ამ კატეგორიაში ხვდებიან, ვერ ანაზღაურებს იმ დანაკლისს, რასაც დასაქმებულები იღებენ.

აქ აღსანიშნავია ისიც, რომ მსხვილი დამსაქმებლების ზეწოლით, ღარიბებზე „მზრუნველმა” ობამამ დამსაქმებლებისთვის საერთოდ ერთი წლით გადაავადა ობამაქეარით გათვალისწინებული ვალდებულებების ამოქმედება. თუმცა დამსაქმებლები უკვე იღებენ ზომებს საიმისოდ, რომ გაისად დიდი ხარჯების წინაშე არ აღმოჩნდნენ. ეს კი დასაქმებულებისთვის დაზღვევის პოლისის შეძენაზე უარის თქმას ნიშნავს. კეთილი ზრახვებით მოქმედმა პრეზიდენტმა ცხოვრება გაუუარესა მათ, ვისზე მზრუნველადაც აცხადებდა თავს.

დიუკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და უთანასწორობის კვლევის ცენტრის ჯანდაცვის ეკონომისტი ქრისტოფერ ქონოვერი მიიჩნევს, რომ 2014 წლის ბოლოსთვის ობამაქეარის იმ 189 მილიონი ადამიანიდან, რომელიც დღეს ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობს, ნახევარზე მეტი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის გარეშე დარჩება, ხოლო ისინი, ვინც შეძლებს შეინარჩუნოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, უფრო ძვირს გადაიხდიან. Manhattan Institute-ის ექსპერტის, ევიკ როის აზრით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები საშუალოდ 41%-ით გაძვირდება.

შედეგად, 6 მილიონმა უკვე დაკარგა ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანდაცვის დეპარტამენტისვე (იქაური სამინისტრო) დათვლით, 75 მილიონი სარგებლობს იმგვარი დაზღვევით, რომლის საფასურს დამსაქმებელი იხდის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მასშტაბი იმ პრობლემებისა, რომლებმაც უკვე ახლა, ობამაქეარის ამოქმედებისთანავე იჩინა თავი.

მათ, ვინც ისედაც საკუთარი ჯიბიდან იხდიდა ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს და მედიქეიდ-მედიქეარის სუბსიდიებით არ სარგებლობდა, ობამაქეარზე გადასვლით დაზღვევის პოლისი გაუძვირდება. როგორც სოციალისტურ სისტემებში ხდება, ვიღაცისთვის უფასოდ გამოცხადებული საზოგადო სიკეთე მართლა უფასო კი არაა, არამედ ვიღაცის ხარჯზეა უფასო.

ეს „ვიღაცა” ამერიკის საშუალო კლასია. თან რაც უფრო ახალგაზრდაა დასაქმებული, მით უფრო მეტად იმატებს მისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ფასი. ობამას გათვლაც ეს იყო: დაზღვევის ბირჟებზე მეტი ახალგაზრდა უნდა დარეგისტრირებულიყო (რომელიც ჯანმრთელობის ყველაზე დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება და რომელსაც დაზღვევის შეძენის ყველაზე დაბალი მოტივაციაც აქვს), რათა უფრო ასაკოვანი, ჯანმრთელობის მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ხარჯი სადაზღვევო კომპანიებს არ დასწოლოდათ და მთელი სადაზღვევო სისტემა – ამერიკის ეკონომიკის 1/6 – არ დანგრეულიყო.

მაგრამ ეს „მოჯადოებული წრეა”: რაც უფრო ცოტა ერთვება ობამაქეარში, მით უფრო უარესდება სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად, იმატებს დაზღვევის პაკეტის ფასი, შესაბამისად, უფრო ნაკლები ადამიანი ახერხებს პროგრამაში ჩართვას.

უკვე დღეს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტმა დასაშვებად მიიჩნია მოქალაქის მიერ „კატასტროფული პაკეტის” შეძენა, პაკეტის, რომლის ბაზარზე გამოჩენას ობამაქეარი ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ ეს პაკეტი მინიმალური პაკეტის მოთხოვნებზე დაბლაა. სხვაგვარად, სადაზღვევო კომპანიები დაზღვეულთა საჭირო, მინიმალურ რაოდენობას ვერ აგროვებენ, რომ თავიანთი ელემენტარული ხარჯი დაფარონ.

მაგრამ ეს ამერიკის სადაზღვევო სისტემას კოლაფსისგან ვერ გადაარჩენს. ამიტომ „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აქტის” ავტორებმა თავი ორმაგად დაიზღვიეს: (1) მზღვეველებისთვის ობამაქეარში მონაწილეობა ნებაყოფლობითია ანუ თუ სადაზღვევო კომპანიისთვის ამ სოციალისტურ სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობა წაგებიანი ხდება, მას შეუძლია პროგრამიდან გასვლა; (2) „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აქტი” მთავრობის მიერ ე.წ. გამოსყიდვას (bailout) ითვალისწინებს. სხვადასხვა გათვლებით, ობამაქეარი ისე დაანგრევს ამერიკის სადაზღვევო სისტემას, რომ მთავრობას ათობით მილიარდი დოლარით ჩარევა მოუწევს.

არსებობს ვარაუდი, რომ სადაზღვევო კომპანიები ობამაქეარით მიყენებულ ზარალს დაზღვეულების ხარჯზე ამოიღებენ. კერძოდ, ისმის კითხვა: შეძლებს თუ არა ამერიკელი ახალი დაზღვევით იმავე ექიმთან მისვლას, ვისთანაც წლების განმავლობაში დადიოდა? ექნება თუ არა მედიკამენტებით იგივე უზრუნველყოფა? მოუწევს თუ არა უფრო გრძელ რიგში დგომა, ვიდრე ექიმამდე მიაღწევს?

შემდეგ წერილში (სიკვდილის პირას მყოფი) ჯანმრთელობის დაზღვევის ქართულ სისტემასთან ზემოაღნიშნული ორი ქვეყნის ტენდენციების მსგავსება/განსხვავებაზე ვისაუბრებ. აქ კი მხოლოდ ერთს აღვნიშნავ:

მე სადაზღვევო კომპანიების ბედი ნაკლებად მაღელვებს (და თუ მაღელვებს, ქართული ეკონომიკის საერთო მდგომარეობის გამო). მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს. მათ წინააღმდეგ მიმართულ „შავ პიარს” ჩვენი, ბიუროკრატების ზოგიერთი ქმედებაც ახალისებდა, მაგრამ მთავარი შეცდომა, რაც მათ დაუშვეს, ისაა, რომ დაზღვეულებში ვერ მოიპოვეს ნდობა და ავტორიტეტი.

ამაში „ცოდვის” რა წილი მიგვიძღვის ბიუროკრატებს, სამედიცინო პერსონალს (რომელსაც სადაზღვევოები, რბილად თუ ვიტყვით, არ უყვართ) და თავად სადაზღვევოებს, ცალკე საუბრის თემაა.

მომავალი წერილის თემა კი იქნება, რამდენად წაადგება სადაზღვევო კომპანიების ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროდან გასვლა საქართველოს მოქალაქეების მიერ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას ყველაზე ადეკვატურ ფასად.

 

კომენტარები