თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

წიკლაური: ვერ ამაღებინებენ ხელს იმაზე, რაც ჩემი ქვეყნის თავისუფლებას ეხება

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

”დაახლოებით 3 საათისთვის ღამით დავბრუნდი მე სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო დაახლოებით 7-8 ადამიანი. ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ ისინი თავს. დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში ჩემი შეგდება და ყველანაირად ცდილობდნენ, მანქანაში შევეტენე როგორმე. როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო 2-ჯერ ელექტროშოკი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება, ვერანაირი საშუალებებით ხელის აღებინება იმაზე, რაც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, რაც უკავშირდება ჩემი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და ჩემი ქვეყნის თავისუფლებას”, - თქვა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაური გუშინვე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია 120-ე მუხლით.

კომენტარები