შალვა თათუხაშვილის საქმე

ადვოკატი: თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურამ ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯა

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ფაქტობრივი გარემოებები დაამახინჯა. ამის შესახებ ზაქარეიშვილი Facebook-ში წერს.

„ესეც თქვენ დაპირებული სამართლიანობა. სახელმწიფო მანქანა დანაშაულის დასაფარად მთელი ძალებით არის მობილიზებული! პროკურატურამ დაამახინჯა რა ფაქტობრივი გარემოებები, შეეცადა სასურველი წარმოეჩინა რეალობად. სიცრუეა და არ დაიჯეროთ ვერსიათა ის ერთობლიობა, რასაც პროკურატურა გვთავაზობს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს  მთავარი პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით  ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გასულ კვირას გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და ადვოკატები მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და პროკურატურას აკისრებენ. მათი მტკიცებით, თათუხაშვილი პროკურატურის თანამშრომლებმა რამდენჯერმე გაიტაცეს და იძულებითი ჩვენება მიაცემინეს.

გასულ კვირას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოსურათები გაავრცელა, რომელზეც დაზიანებებია ასახული.

კომენტარები