ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

პრემიერი: ჭიკაიძემ არანორმალური ადამიანის მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ "იმ მიუღწეველ სურვილებზე ისაუბრა, რომლებიც შეიძლება, ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს". ჭიკაიძის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამზადებს და ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავს.

"რა ინფორმაცია არსებობს ამასთან დაკავშირებით, დეტალურად საუბარი ჩემგან არასწორი იქნება, ამაზე ისაუბრა მინისტრმა და სჯობია, რომ მან განმარტოს. მე ვფიქრობ, რომ რაიმე საგანგაშო მასში არაფერი ყოფილა. მინისტრმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს ქვეყანაში და იმ მიუღწეველ სურვილებზე, რომლებიც შეიძლება, ჰქონდეს რომელიმე არანორმალურ ადამიანს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს. მისი მტკიცებით, თუ ვინმეს ამის მცდელობა ექნება, ის "ძალიან მკაცრად დაისჯება".

"ვერავინ გაბედავს რაიმე ფორმით, რაიმე სახით, რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობას. თუ ვინმეს ამის მცდელობა ან სურვილი ექნება, ის ძალიან მკაცრად დაისჯება - ვინც არ უნდა იყოს. მინდა, ყველას მაქსიმალურად სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ, დაგამშვიდოთ და სრული პასუხიმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დესტაბილიზაციის მოწყობას ვერავინ შეძლებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები