ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014

კანდელაკი: ქართულ ოცნებას არ სჭირდება ეუთო-ს თვალები და ყურები

timer.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, "ქართულ ოცნებას არ სჭირდება ეუთო-ს თვალები, ყურები და ზედმეტი ყურადღება, რადგან ცხადია, რომ ქართული ოცნების მმართველობის არადემოკრატიული სტილისთვის ეუთო აღმოჩნდებოდა მნიშვნელოვანი დაბრკოლება". კანდელაკმა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, OSCE/ODIHR-მა საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს, რადგან ადგილობრივი არჩევნები მათ კომპეტენციაში არ შედის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა.  

"მინდა, შევახსენო ქალბატონ ფანჯიკიძესაც და საზოგადოებასაც, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი აკვირდებოდა თვითმმართველობის ყველა არჩევნებს, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. მაგალითად, 2010 წელს, არჩევნებზე წარმოგზავნილი დამკვირვებლების რაოდენობა იყო 442, საერთო ჯამში, არჩევნებს აკვირდებოდა 1872 უცხოელი დამკვირვებელი. ამდენად, მტკიცება იმისა, ამ არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის არდასწრების მიზეზი მანდატის არქონა იქნება, არის  ტყუილი. ვხედავთ, რომ უარესდება საარჩევნო გარემო, მიმდინარეობს ჩვენს კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლა, რეგულარული დაკითხვები, ჩვენი პარტიის რამდენიმე გაცხადებული კანდიდატი სხვადასხვა რეგიონში, რომლებსაც ჰქონდათ წარმატების დიდი შანსი, არიან პატიმრობაში, ხოლო ჩვენი საერთო-ეროვნული კამპანიის მენეჯერს გიგი უგულავას რეგულარულად იბარებენ დაკითხვაზე და გაცხადებულია ხელისუფლების სურვილი, რომ მოხდეს მისი დაპატიმრება. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი, რომ ქართულ ოცნებას არ სჭირდება ეუთო-ს თვალები, ყურები და ზედმეტი ყურადღება", - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას ჰყავს სუსტი, საზოგადოებისთვის თავს მოხვეული მერობის კანდიდატი, რომელსაც არ გააჩნია პირველივე ტურში წარმატების შანსი.

"სწორედ ამიტომ, ქართულ ოცნებას, პრემიერმინისტრ ჰაკიმ ფაშა ღარიბაშვილს სურს, რომ არ იყოს იმ ხარისხის საერთაშორისო დაკვირვება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში”, - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლები არ გამოგზავნოს. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლების კომპეტენციაში არ შედის. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დამკვირვებლებს მოწვევა 2013 წლის ბოლოს გაუგზავნა.

"შემდეგ, როდესაც სავარაუდო თარიღი ცნობილი იყო, უკვე გავაგზავნეთ კონკრეტული თარიღით მოწვევები. გამოხმაურება ჯერჯერობით, არ გვქონია. თუმცა, ერთი რამ ვიცით, რომ შეიძლება, ODIHR-მა არ გამოაგზავნოს დამკვირვებლები, რადგან ეს არის ადგილობრივი არჩევნები და არ შედის მათ კომპეტენციაში. გარდა ამისა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ საქართველოს პრესტიჟი არის ამაღლებული, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აქვს ნდობა და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იმდენი დამკვირვებელი ამ არჩევნებზე არ ჩამოვა, რამდენიც ჩამოვიდა წინაზე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) აკვირდებოდა საქართველოს როგორც 2010 წლის, ისე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

კომენტარები