სერიალი

True სერიალი

საუკეთესო სატელევიზიო შოუების სახე დიდხანს იყო HBO. ეს საკაბელო ტელევიზია – ერთადერთი და განუმეორებელი ადგილი იყო, რომლის ლოგოც ხარისხის გარანტი გახლდათ. გავიდა დრო. გამოჩნდა AMC და Showtime, რომლებმაც დიდი მასწავლებლისგან ბევრი რამ ისწავლეს, სულ მალე კი მისი ჩრდილიდან გამოვიდნენ და HBO-ს გაუტოლდნენ. თუ 5 წლის წინ საუკეთესო სერიალების ჩამოთვლისას საუბარს ყველა Wire-ით და „სოპრანოს კლანით" იწყებდა, დღეს მათ გვერდით Breaking Bad, „მოსიარულე მკვდარი", Mad Men და „სამშობლო" გამოჩნდა. HBO სამეფო ტახტზე მარტო აღარ იჯდა და „უძღები შვილებისთვის" პასუხი უნდა გაეცა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ ის საუკეთესოა. პასუხი საკაბელო ტელევიზიის ოფისში ნიკ პიცოლატომ მიიტანა.

ნიკ პიცოლატო ამერიკელი მწერალი და სცენარისტია. ნიუ ორლეანში, ლუიზიანის შტატში დაიბადა და სამი უნივერსიტეტის დიპლომებიდან ორი სწორედ მშობლიურ მხარეში აიღო. მაკნისისა და ლუიზიანის უნივერსიტეტებში გატარებულმა წლებმა და შტატში გატარებულმა ბავშვობამ, პიცოლატოს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. სწორედ ლუიზიანის ატმოსფერო, ტომას ლიგოტის, ჰ. პ. ლავკრაფტისა და რობერტ უ. ჩემბერსის შემოქმედება იქცა „ნამდვილი დეტექტივის" შექმნის ინსპირაციად.

„ნამდვილი დეტექტივი" HBO-სთვის ახალი გამოწვევა და, ამავე დროს, დიდების ზენიტში დაბრუნების შანსი იყო. პიცოლატოს მკაფიო გეგმა ჰქონდა. მას სურდა რვაეპიზოდიანი სატელევიზიო შოუს შექმნა, რომელსაც ერთი სცენარისტი და ამდენივე რეჟისორი ეყოლებოდა. ეს ფაქტობრივად სრულმეტრაჟიან რვასაათიან მხატვრულ ფილმს ნიშნავდა, რომელიც HBO-ს ერთიანად უნდა გადაეღო და სეზონის მიმდინარეობისას პროექტში ცვლილებებს ვერ შეიტანდა. ასეთი რამ კი სატელევიზიო შოუების სამყაროში თითქმის არასოდეს ხდება.

სერიალს ჰყავს იდეის ავტორი, სცენარისტების გუნდი, რამდენიმე რეჟისორი, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდს იღებს და შოუს მიმდინარეობისას სცენარი ხშირად იცვლება ხოლმე. „დაკარგულების" მთავარი პერსონაჟი ჯეკ შეპარდი საწყის ეპიზოდებში უნდა მომკვდარიყო, მაგრამ მაყურებლის სიმპათიების მოპოვებასთან ერთად, ჯეი ჯეი აბრაამსმა სცენარი შეცვალა და საბოლოოდ მეთიუ ფოქსის პერსონაჟი „მთავარი დაკარგული" გახდა. ვინს გილიგანმა Breaking Bad-ზე მუშაობისას ჯონათან ბენქსის პერსონაჟისთვის ეპიზოდური როლი შექმნა, თუმცა მაიკის პერსონაჟმა ერთ სერიაში მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა და, შედეგად, გილიგანმა ის ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია. HBO-ს „ნამდვილი დეტექტივის" შემთხვევაში ამ ფუფუნებაზე უარი უნდა ეთქვა. საკაბელო ტელევიზიამ გარისკა და პიცოლატოს იდეას მწვანე შუქი აუნთო. საჭირო იყო რეჟისორის პოვნა, ვინც ამ ყველაფერს გადაიღებდა.

თავდაპირველად რეჟისორის სავარძელში ფილმების – „ბაბილონი" და „ბიუთიფული" – შემქმნელს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს ადგილი კარი ფუკუნაგას ერგო, რომლის კარიერის „ჰაილაითიც" 2011 წლის „ჯეინ ეარი" იყო. მთავარ როლები მეთიუ მაკონაჰისა და ვუდი ჰარელსონს მისცეს. ეს კი უკვე თამამი განცხადება იყო. HBO-ს შოუში ორი „ა" კლასის ვარსკვლავი მოჰყავდა.

„გრძელი კაშკაშა ბნელი" – ასე ჰქვია „ნამდვილი დეტექტივის" პირველ ეპიზოდს, რომლის ტიტრების გამოჩენასთან ერთად ვგრძნობთ, რომ საქმე ბანალურ სერიალთან არ გვაქვს. ეს სატელევიზიო შოუ ახალი ხილი იყო, რომლის ბოლომდე დაგემოვნებას რვა კვირა დასჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებით მის მნიშვნელობასა და ნამდვილ გემოს. „ნამდვილი დეტექტივის" პირველი კადრებიდან ლუიზიანის შტატში აღმოვჩნდებით, სადაც ყველაფერი ბლუზის, უკიდეგანო მინდვრების, რელიგიის, ალკოჰოლისა და თამბაქოს სუნითაა გაჟღენთილი.

სერიალის მოქმედება ერთდროულად 1995 და 2012 წლებში მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში გამომძიებლები რასტი კოული (მეთიუ მაკონაჰი) და მარტი ჰარტი (ვუდი ჰარელსონი) ვერმილიონის ოლქში ლორა ლანგის რიტუალური მკვლელობის საქმეს იძიებენ. 2012 წელს კი ისინი კვლავაც ლანგის საქმეს უბრუნდებიან, ოღონდ ამჯერად წარსულს იხსენებენ და ინფორმაციას დეტექტივებს პაპანიასა (ტორი კიტლზი) და გილბურს (მაიკლ პოტსი) უზიარებენ.

პირველი ეპიზოდის ნახვა სრულიად საკმარისია, რომ მიხვდეთ – ნიკ პიცოლატოს კლასიკური დეტექტივის გადაღება არც უფიქრია.

ნამდვილი დეტექტივი" არა ამბის გამოძიება, არამედ ორი მთავარი პერსონაჟის განვითარების, მათი ფსიქოპორტრეტის ჩვენებაა.

პიცოლატოს თხრობის სტილში სამხრეთკორეელი რეჟისორის ბონ ჯუნ ჰოს გავლენა იგრძნობა. აზიელი რეჟისორის ნამუშევარი „მკვლელობის მოგონებანი" ნელი, მონოტორული ფილმია, რომელიც კონცენტრირებული ატმოსფეროს შექმნაზე, მთავარი პერსონაჟების გაშიშვლებასა და ჩვენებაზეა ორიენტირებული და თავად გამოძიების საქმე მეორეხარისხოვანია. პიცოლატო აღმერთებს ტომას ლიგოტის შემოქმედებას და მის წიგნს, „შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ", თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნამუშევრად ასახელებს. ლიგოტი ლავკრაფტის ღირსეულ შთამომავლად ითვლება, ფილოსოფიური ჰორორის საკულტო წარმომადგენელია. „ნამდვილი დეტექტივი" ფილოსოფიური საშინელებათა დეტექტივია, სადაც ყველა კუთხე-კუნჭულში მინიშნებები, ალეგორიები და თავსატეხებია. ოღონდ ამ ყველაფერს არა ლანგის საქმის გახსნამდე, არამედ პერსონაჟების ბუნების შეცნობამდე მივყავართ.

რასტი და მარტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან. მარტი მკვლელობის განყოფილების სტაჟიანი დეტექტივია, ორი შვილის მამა, მშვენიერი მეგის (მიშელ მონაგანი) მეუღლე და ასევე მომხიბვლელი ლიზას (ალექსანდრა დადარიო) საყვარელია. „კლასგარეშე ინფორმაციის" მიღება არ აინტერესებს და, როგორც თავად აღწერს, უბრალოდ ჩვეულებრივი ტიპია. რასტი გულჩათხრობილი, მდუმარე კაცია. ნიჰილისტი, უემოციო ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. მისთვის ადამიანის ცნობიერება ევოლუციის ტრაგიკული შეცდომაა. ადამიანები თვლიან, რომ რაღაცას წარმოადგენენ, მაშინ როცა მათი არსებობა არაფერს ნიშნავს. თითოეული ინდივიდი ერთ წრეზე ტრიალებს, რომელსაც არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ნაბიჯს გადავდგამთ, მაინც ვერაფერს შევცვლით. რასტი მთლიანად ლიგოტის გავლენითაა შექმნილი, ლავკრაფტი იამაყებდა პიცოლატოს ქმნილებით.

პიცოლატო მთელი სერიალის განმავლობაში ბეწვის ხიდზე დადის. რვა სერიაში არაერთი მონოლოგი ან დიალოგია, რომელიც მსახიობებისგან გამორჩეული ნიჭის გამოვლენას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ფსევდოინტელექტუალური ნარატივით, უამრავი ზედმეტი სიმბოლოთი და მოსაბეზრებელი ერთფეროვნებით გაზავებულ, პათეტიკურ ფარსს დაემსგავსება. სწორედ აქ ერთვება საქმეში მეთიუ მაკონაჰი, რომელიც თავის როლს ფენომენალურად თამაშობს.

4-5 წლის წინ ვინმეს მეთიუ მაკონაჰისთვის ოსკარი რომ ეწინასწარმეტყველებინა, კინომოყვარულთა უდიდესი ნაწილი, დიდი ალბათობით, დასცინებდა და სრულიად დამსახურებულადაც. თუმცა თითქოს რაღაც შეიცვალა მაკონაჰიში. სამხრეთელი ბიჭი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მსახიობად იქცა. სოდერბერგთან ითამაშა, ჯეფ ნიკოლსთან ფანტასტიკური იყო, „დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა, ახლა კი კრისტოფერ ნოლანის ნამუშევარში მთავარ როლს შეასრულებს.

მაკონაჰი რაღაცით ჰგავს რასტის. ორივეს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რასტი სოფის სიკვდილმა შეცვალა. სწორედ შვილის გარდაცვალებამ აქცია ის შეშლილ ფილოსოფოსად, რომელსაც მოჩვენებები სტანჯავს, რომელსაც არ შეუძლია დაიძინოს, ის მხოლოდ სიზმრებს ხედავს. რასტის ეკრანზე გამოჩენა უკვე რაღაც საინტერესოს ნიშნავს, მისი თითოეული მოძრაობა თითქოს წინასწარაა სცენარში დაწერილი, მაგრამ ამავე დროს ხვდები, რომ ეს წარმოუდგენელია – უფრო იმპროვიზაციას ჰგავს, რომელიც ასე ბუნებრივს ხდის მაკონაჰის პერსონაჟის თითოეულ მიმიკას, ხელის მოძრაობას. სიგარეტის მოკიდება, პირის წკლაპუნი, ლუდის დალევა, ალუმინის ქილიდან ფიგურების გამოჭრა და ამ ყველაფრის ფონზე რასტი კოულის სამხრეთულ კილოზე საუბარი პერსონაჟს ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცევს.

კარი ფუკუნაგა
მსახიობების სუპერდუეტის გარდა, სერიალს კინოს დარი რეჟისურა აქვს. თითქოს კარი ფუკუნაგა არა სატელევიზიო შოუზე, არამედ ფილმზე მუშაობდა, სადაც ოპერატორი, კომპოზიტორი, კოსტიუმების ავტორი, ფერების კორექტორი – ერთ დიდ ეპიკურ კინოს აკეთებენ. „ნამდვილი დეტექტივის" მომხიბვლელობა მის პატარა დეტალებშია. როგორ აცვიათ პერსონაჟებს, T Bone Burnett-ის მიერ შერჩეული მუსიკა, რომელიც იდეალურად ავსებს სივრცეს. ამის ნათელი მაგალითია სერიალის მეოთხე ეპიზოდის ფინალი, ექვსწუთიანი, უწყვეტი კადრი. არანაირი მუსიკა, მონტაჟი, სპეცეფექტი. ამ სანახაობის შემყურეს ნელ-ნელა გეყინება სისხლი. სწორედ ამ დროს აჭერს T Bone მუსიკის დაწყების ღილაკს ხელს, როდესაც ემოციებისგან გადავსებულ მაყურებელს ამოსუნთქვა სჭირდება და ყველაფერი ნიქ ქეივის ბენდის (Grinderman) მუსიკით გვირგვინდება.

იდეალურად აწყობილი მექანიზმით შეგულიანებული პიცოლატო, ეპიზოდიდან ეპიზოდამდე, სულ უფრო დიდი დოზით „გვასხურებს ინფორმაციას", რომელიც ნარკოტიკივით მოქმედებს. რთული ხდება გაარჩიო, სად არის ზღვარი რეალობასა და ილუზიას შორის. ჩნდება პარანოია, სადაც ყველა შესაძლო თეორიას განიხილავ. ვერ გამორიცხავ, რომ მკვლელობაში არაამქვეყნიური ძალაა გარეული. რაც უფრო ღრმად შედიხარ პიცოლატოს სამყაროში, მით უფრო აშკარა ხდება, რომ მეფე ყვითლებში უკან მოგყვება, ის კარკოსასკენ მიგიძღვის, ადგილისკენ, რომელიც პირველად მწერალმა ამბროუს ბირსმა ახსენა, შემდეგ კი პიცოლატოს ერთ-ერთმა ფავორიტმა მწერალმა, რობერტ ჩემბერსმა თავის ნაწარმოებში გამოიყენა.

ნიკ პიცოლატო
კარკოსა და მეფე ყვითლებში სერიალში პირდაპირ და მინიშნებების სახით არაერთგზის გვხვდება. მეფე ყვითლებში ჩემბერსის მოკლე მოთხრობებში არსებული პიესაა, რომლის ნახვა ან წაკითხვა სასოწარკვეთასა და სიგიჟეს იწვევს. ავტორი პიესას სრული სახით არ გვაცნობს, მხოლოდ ფრაგმენტების წაკითხვა შეიძლება, რომლის მიხედვითაც ადამიანი სამყაროზე, მისი გონებისთვის გაუგებარ, მიუღებელ, საშინელ სიმართლეს იგებს. ჩემბერსი საკულტო, თუმცა ნაკლებად ცნობილი მწერალია, რომლის გავლენაც ლავკრაფტის, ჯორჯ მარტინის, ნილ გეიმანის, რობერტ ჰაინლაინის ნაწარმოებებზე აისახა. „ნამდვილი დეტექტივის" გამოსვლის შემდეგ კი მისი წიგნი ბესტსელერად იქცა. ისევე, როგორც ჩემბერსი, პიცოლატოც სრულ ინფორმაციას არ გვაძლევს კარკოსასა და ყვითელ ფერებში გამოწყობილ მეფეზე. პიცოლატო მაყურებელს არაფერს უღეჭავს, მხოლოდ საჭირო დოზით აწვდის ცნობებს და აკვირდება, რომ ყველა გაგიჟდეს, ყველამ გაიგოს სიმართლე სამყაროზე.

ნიკ პიცოლატო თავის გეგმას ჭკვიანურად მიუყვება. მაყურებელი მისი გრანდიოზული გეგმის მსხვერპლად იქცევა. სერიიდან სერიამდე, ყველაფერი სულ უფრო ჩახლართული ხდება, ფინალი კი ყველაფერს (ამავე დროს, არაფერს) ნათელს ხდის. მთელი სერიალი რასტი გვიყვება იმას, რომ ადამიანი ცხვირს ყოფს და იქექება იქ, სადაც არაფერი ხდება. ადამიანის ბუნებაა, რომ რაღაც ამოუცნობი და საოცარი იპოვოს, მაშინ როცა ის არ არსებობს. მაშინ, როცა ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს. არ არსებობს არანაირი ყვითლებში გამოწყობილი მეფე, არ არსებობს კარკოსა. მაგრამ, ამავე დროს, ის არსებობს და უბრალოდ ადამიანის გონებას არ შეუძლია ამის გააზრება და მიღება, რადგან ეს რევოლუციას, კაცობრიობის შესაძლო განადგურებას გამოიწვევს. თუმცა ეს ადამიანის ძალებს აღემატება, ბოლოს ნათელი ხდება, რომ რასტიც ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელსაც ადამიანური სისუსტეები აქვს. სწორედ ფინალის ტიტრებთან ერთად ხვდები, რატომ ჰქვია სერიალს „ნამდვილი დეტექტივი", სახელი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„ნამდვილი დეტექტივი" ახალი ტალღის დასაწყისი შეიძლება გახდეს. პიცოლატომ სატელევიზიო შოუსა და მხატვრული ფილმის იდეალური სინთეზი გააკეთა. „ნამდვილი დეტექტივი" კინოცაა და სერიალიც, ის შეიძლება მოკლე, 8-10-საათიანი შოუების, ერთი რეჟისორისა და სცენარისტის მიერ, კინოს ტრადიციებში გაკეთებული ნამუშევრების პიონერად იქცეს, რომელსაც მხატვრული ფილმის ესთეტიკა ექნება, არსით კი სერიალი იქნება. HBO ახალ წრეზე წავიდა. „ნამდვილი დეტექტივი" ყვითლებში ჩაცმული მეფეა, რომელიც კარკოსას მბრძანებელია. კარკოსას ჯერ ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ. ეს სერიალების სამყაროა, რომელიც კაცობრიობას სულ უფრო მძლავრად იზიდავს.

კომენტარები