ირანი

ახალი „ცივი ომი” ახლო აღმოსავლეთში?

2012 წლის თებერვალში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ახალი პოტენციური ცივი ომის ვითარებას დაუდებს საფუძველს, რაც, თავის მხრივ, იმოქმედებს არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებზე. ახლო აღმოსავლეთი თავისი რეგიონული მოთამაშეებითა და მათ შორის ურთიერთობებით, ასევე დიდ სახელმწიფოთა ინტერესების გადაკვეთის გათვალისწინებით, თავისთავად საკმაოდ რთულ ფენომენს წარმოადგენს, რასაც ირანის ბირთვული პროგრამა და მის გარშემო არსებული გაურკვევლობა მეტ არასტაბილურობას ანიჭებს. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ვითარების ცივ ომთან შედარება არცთუ მართებულია, რამდენადაც განსხვავებები ირანსა და საბჭოთა კავშირს შორის აშკარა და არსებითია, ამის პარალელურად კი, საერთაშორისო სისტემა მეტად განსხვავებულ ხასიათს ატარებს დღეს, ვიდრე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს განსაკუთრებით ინტენსიურად და ყურადღებით ისრაელში აკვირდებიან, რაც გასაგებიცაა, რადგან პირდაპირ საფრთხეს ქმნის მისთვის. ისრაელში მიიჩნევენ, რომ ირანი უშუალოდ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს და არა ბირთვული შესაძლებლობების გაზრდას, ხოლო მისი უწყვეტი აგრესია, ტერორიზმის მხარდაჭერა თუ ირანის ლიდერთა ოფიციალური განცხადებები ისრაელის მსოფლიო რუკიდან გაქრობის შესახებ, აუცილებლად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ირანისა და ისრაელის ურთიერთობები, როგორც ყოველთვის, დღესდღეობითაც კომპლექსური, უფრო მეტად კი, დაძაბული და მტრულია. ისრაელმა, რომელმაც თავის მხრივ 1960 წელს შექმნა ბირთვული იარაღი, არაბ მეზობლებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან (მაგ., ჰეზბოლა, ჰამასი) გამკლავებისას თავდაცვის შესანიშნავი უნარი განავითარა და საჭიროების შემთხვევაში იმედს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობებზე ამყარებს, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც ელოდება იმას, რომ ის შეძლებს, ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში. ამ რთულ პროცესში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია აკისრია.

გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელიც არ არის ერთადერთი დაინტერესებული მხარე, რეგიონული სახელმწიფოების როლის უგულებელყოფაც არ არის მიზანშეწონილი. რამდენადაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონულ ბალანსზე იმოქმედებს, სავარაუდოა, რომ მეზობელი სახელმწიფოები აღარ დასჯერდებიან უსაფრთხოების არსებულ ზომებს და, დიდი ალბათობით, ნუკლეარიზაციის ჯაჭვს დაედება საფუძველი. უფრო მეტიც, რეგიონის არასტაბილურობა ზრდის ალბათობას, რომ ბირთვული იარაღი რაიმე ფორმით შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციების ხელში აღმოჩნდეს და ტერორიზმის ახალი და კატასტროფული სახე, ბირთვული ტერორიზმი მივიღოთ.

ირანი არ არის საბჭოთა კავშირი

ადვილი წარმოსადგენია, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბირთვული დაძაბულობის/შეჯიბრის გაზრდა მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონულ სტაბილურობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებზე. არსებული ვითარების ცივი ომის პერიოდთან შედარებისას იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებები, ამიტომ მათი ერთმანეთთან შედარება არცთუ მართებულია.

ცივი ომის მიმდინარეობისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ რეალურად ის წარმოადგენდა „ცხელი", პირდაპირი თუ ირიბი, მცირე თუ დიდი მასშტაბის ომების, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაპირისპირებათა მთელ სერიას. 1962 წელს კუბის კრიზისის დროს კი, ორი სუპერძალა ლამის სრულმასშტაბიანი ომით დაუპირისპირდა ერთმანეთს, რასაც აგრესიულ დაპირისპირებათა მთელი ეპოქა მოჰყვა. დროთა განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მხრიდან საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესების სურვილმა თუ მმართველ ელიტებში კომუნისტური იდეოლოგიის დასუსტებამ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე მიიყვანა საქმე.

მსოფლიო მასშტაბის კლასობრივი ბრძოლა „მშვიდობიანმა თანაარსებობამ", ორი ზესახელმწიფოს ლიდერთა საქმიანმა შეხვედრებმა შეცვალა, ურთიერთობამ მშვიდობიანი შეჯიბრების, დროგამოშვებით კი თანამშრომლობის სახე მიიღო. საბჭოთა კავშირი იქცა ძალად, რომელთანაც აშშ-ს შეეძლო საქმეზეც ელაპარაკა. აშშ ელოდებოდა და აკვირდებოდა, როგორ ეცლებოდა ძირი საბჭოთა ეკონომიკას, აღარ ექვემდებარებოდა რეფორმებს და საბოლოოდ დაიშალა „ერთი გასროლის გარეშე", როგორც ეს მარგარეტ თეტჩერმა აღნიშნა ერთხელ.

იმ შემთხვევაში, თუ ირანი გახდება ბირთვული კლუბის მეცხრე წევრი, გასაკვირი არ იქნება, რომ ირანის მეზობელი სახელმწიფოები არ დასჯერდებიან უსაფრთხოების არსებულ ზომებს და თავადაც მოინდომებენ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების გაზრდას და იარაღის შექმნას.

თუმცა თეტჩერის ცნობილი ფრაზა ცივი ომის „გასროლის გარეშე" მოგების შესახებ მთლად სწორი არაა. მთელი ცივი ომის განმავლობაში, კორეის, ვიეტნამისა თუ სხვა სამხედრო კამპანიებს უამრავი სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. თავად შეკავების პოლიტიკაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სამხედრო სტრატეგია, ძვირად დაეფასებინა საბჭოთა კავშირისთვის ეს მეტოქეობა. მეტიც, ყოველი მომდევნო მარცხი უფრო ასუსტებდა სსრკ-სა და მისი ალიანსის სისტემას, გავლენას უკარგავდა მმართველ ელიტას, რის ყველაზე ნათელ მაგალითსაც ავღანეთის კამპანია წარმოადგენს, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. აშშ, თავის მხრივ, არ იშურებდა მსხვილ თანხებს რადიო თავისუფლებისა თუ რადიო თავისუფალი ევროპის დასახმარებლად და დისიდენტური ჯგუფების წასახალისებლად ევროპაში.

უშუალოდ ირანსა და სსრკ-ს შორის არსებული განსხვავებები იმდენად პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ მათი გათვალისწინება განსხვავებულ სურათს გვაძლევს. პირველ რიგში, სსრკ წარმოადგენდა გლობალურ სუპერძალას, უზარმაზარი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსითა და ძლევამოსილი წითელი არმიით, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ დომინირებდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. მოსკოვისთვის, როგორც სოციალისტური სამყაროს იდეოლოგიური ცენტრისთვის, კომუნისტური, სატელიტური რეჟიმები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მყარ დასაყრდენს ქმნიდნენ როგორც პოლიტიკური, ისე იდეოლოგიური თვალსაზრისით. თავად სსრკ-ს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის ერთ მესამედს აერთიანებდა, მართავდა საბჭოთა პარტიული ელიტა, ერთპიროვნულად მმართველი კომუნისტური პარტია და ბიუროკრატიული მექანიზმი, თანამდებობის პირები კი პარტიული ნომენკლატურით „ზემოდან" ინიშნებოდნენ. კომუნისტური იდეოლოგია ფუნქციონირებდა როგორც რელიგიის, რწმენათა სისტემის ჩანაცვლების მცდელობა, გარეშე მტრის ხატის არსებობა კი ტოტალიტარული რეჟიმის ორგანულ მოთხოვნილებას, მოსახლეობის მასობრივი დაშინების იარაღს წარმოადგენდა.

მეორე მხრივ, ირანი ბევრად ჩამოუვარდება საბჭოთა კავშირს პოლიტიკური გავლენითა და იდეოლოგიური სიძლიერით. ის არც სუპერძალას წარმოადგენს, ჰყავს მცირერიცხოვანი მოკავშირეები, როგორც სახელმწიფო (სირია, ჩრდილოეთ კორეა), ისე არასახელმწიფო აქტორები (ჰეზბოლა, ჰამასი). სამაგიეროდ, საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგია მსოფლიო რელიგიასთან შედარებით სუსტად გამოიყურება, რამდენადაც ირანის შიიტურ მოსახლეობაში რელიგიური სენტიმენტები და ისლამური ელიტის გავლენა ჯერ კიდევ უზარმაზარია. ირანის პოლიტიკის დომინანტურ ფიგურად უზენაესი ლიდერი მიიჩნევა, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული უზარმაზარი უფლებამოსილება ენიჭება სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ამასთან, ალი ხამენეი, რომელიც 1989 წლიდან იკავებს სულიერი ლიდერის პოსტს, ხოლო მანამდე 1981-89 წლებში იყო ირანის პრეზიდენტი, უდიდესი გავლენით სარგებლობს, ფორმალურად თუ არაფორმალურად, აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლება მისი აბსოლუტური ძალაუფლების ქვეშ მოქმედებს და სწორედ მისი, როგორც მთავარი იდეოლოგის შეხედულებები აყალიბებს საგარეო პოლიტიკურ კურსს.

საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანის გამარჯვების შემდეგ, ბევრი მიიჩნევდა მას, როგორც ცვლილებების ჩემპიონს, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებულ ძალთა ბალანსს ზომიერი ცენტრისკენ გადასწევდა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაპირებებმა, რომ ირანის ქაოტურ და აჰმადინეჟადის კონფრონტაციულ პოლიტიკაში რაციონალურ ელემენტებს შეიტანდა, ასევე ადამიანის უფლებებსა თუ პოლიტპატიმრების უფლებებზე აპელირებამ, განაპირობა მისი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა რეალობა ბევრად კომპლექსური და რთულია, რამდენადაც ირანში ჯერ კიდევ რჩება ფაქტორები, რაც გარკვეულწილად ცვლის „ზომიერი" როჰანის დღის წესრიგს. მათ შორის, გავლენიანი ალი ხამენეი, რომელსაც როჰანი პირდაპირ, ღიად ვერ დაუპირისპირდება, განსაკუთრებით პრეზიდენტობის პირველ წლებში და ვერც ისეთ პოლიტიკას წამოიწყებს, რომელიც აიათოლას შეხედულებებთან წინააღმდეგობაში მოექცევა. გარდა ამისა, როჰანისთვის მთავრობის ყველა შტოს გასაკონტროლებლად კონსერვატორულ ფრთასა და უსაფრთხოების ძალებთან მუშაობაც გარდაუვალია.

თავად შტატებში ირანის ბირთვულ პროგრამასა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ორი ძირითადი, თითქმის ერთმანეთის საპირისპირო მოსაზრება დომინირებს. ერთნი, დიპლომატიურ მოლაპარაკებათა მომხრეები, მიიჩნევენ, რომ ამომწურავი, მნიშვნელოვანი შეთანხმების მიუღწევლობა ირანის ბირთვულ პროგრამას უკონტროლოდ დატოვებს და მისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციათა რეჟიმსაც აზრს და მნიშვნელობას დაუკარგავს, თავად აშშ-ს კი არ დაუტოვებს არჩევანისა და მოქმედების საშუალებას. სანქციათა ახალი რეჟიმის შემოღება მოლაპარაკებების პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს და ჩაშლის.

მეორე მხრივ, ისინი, ვინც დიპლომატიური საშუალებების გამოყენებას უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან, ამბობენ, რომ ირანი მოლაპარაკებათა პროცესს სწორედ თავისი ბირთვული პროგრამის გასაფართოებლად იყენებს, საბოლოოდ მაინც დატოვებს მოლაპარაკებების პროცესს და „ბირთვულ კლუბს" მეცხრე წევრად შეუერთდება. ბირთვული ირანი უფრო აგრესიული გახდება, შესაძლო ნეგატიური შედეგების გამოწვევით, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით.

ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის შეკავება რადიკალურად განსხვავებულ მიდგომასა და ტაქტიკას მოითხოვდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. სსრკ-ისა და შეერთებული შტატების დაპირისპირება უპირველესად იდეოლოგიური ხასიათის იყო, ამასთან, ორივე მხარეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ბირთვული ომი ორივესათვის ფატალური შედეგებით დასრულდებოდა – შედეგად, მათი დაპირისპირება მეტ-ნაკლებად რაციონალური ვაჭრობის ჩარჩოში ექცეოდა.

ისრაელისა და ირანის შემთხვევა კი რადიკალურად განსხვავებულია და ისრაელისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჯიჰადის, იგივე საღვთო ომის პირობებში, არავინ იცის, რა საფრთხის მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს ბირთვული ირანი ისრაელისათვის. თუ ცივი ომის შემთხვევაში დაპირისპირება ორ სუპერსახელმწიფოს, მეტ-ნაკლებად თანაზომიერ ძალებს შორის მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში ისრაელის ტერიტორია იმდენად მცირეა, რომ უმცირესი იარაღის გამოყენებითაც კი შეიძლება მისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შექმნა. ისრაელში გამუდმებით უკავშირებენ ირანს ტერორიზმსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს, ასევე აპელირებენ ირანის მიერ მათ მხარდაჭერაზე.

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც კი გააკეთა აშკარა განცხადება ირანის მხრიდან ჰეზბოლას დახმარებისა და ბირთვული პროგრამის მშენებლობის შესახებ. ჯიჰადის და თანამედროვე ტერორიზმის მახასიათებლების, მათ შორის, მისი კატასტროფული ხასიათის, განურჩეველი მკვლელობისა და თვითმკვლელი ტერორისტების ფენომენის გათვალისწინებით, ბუნებრივია, არსებობს შესაძლებლობა ტერორისტების ხელში ბირთვული იარაღის მოხვედრისა, რაც უკვე ბირთვული ტერორიზმის სახით შეიძლება მოგვევლინოს.

საერთაშორისო სისტემის განსხვავებული ხასიათი

დღევანდელი მდგომარეობის ცივი ომის პერიოდთან შედარებისას საერთაშორისო სისტემის ხასიათი და სტრუქტურა საკმაოდ მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორია. საერთაშორისო სისტემამ მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. თუ ცივი ომის დროინდელი სისტემა ხასიათდებოდა როგორც ბიპოლარული (ორპოლუსიანი), მისთვის თანამდევი დაპირისპირებით და მუდმივი კონკურენციით ორ ზესახელმწიფოს შორის, ამჟამად საერთაშორისო სისტემის სრულიად განსხვავებულ მახასიათებლებთან გვაქვს საქმე.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში ორ ბანაკად დაყოფილი მსოფლიო თვალს ადევნებდა ორ ძირითად მოთამაშეს შორის ძალთა გადანაწილებისა და კონკურენციის პროცესს. სსრკ-ის შეკავება 40 წელიწადს გაგრძელდა, რაც, საბოლოოდ, საბჭოთა სისტემის რღვევითა და მისი დაშლით დასრულდა 1991 წელს. ცივი ომის პერიოდის საერთაშორისო სისტემასთან შედარებით, დღევანდელი საერთაშორისო სისტემა განსხვავებული ხასიათისა და სტრუქტურისაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბიპოლარულიდან მსოფლიომ უნიპოლარურ სისტემაზე გადაინაცვლა, დამახასიათებელი აშშ-ის ჰეგემონური პოზიციით.

ღესდღეობით კი ამბობენ, რომ სისტემა მულტილატერალურ ხასიათს იძენს, რაც ნიშნავს რამდენიმე გავლენიანი მოთამაშის არსებობას. მეორე მხრივ, ცივი ომის დასაწყისი ბირთვული იარაღის გავრცელების პერიოდს წარმოადგენდა, რამდენადაც აშშ-ის შემდეგ ბირთვული იარაღი მოინდომეს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა, არამედ მოკავშირეებმაც: საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

დღევანდელი სისტემა, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, მეტად კომპლექსურია და სახელმწიფოთა შორის რთული ურთიერთობებით ხასიათდება, მით უმეტეს, რომ რამდენიმე სახელმწიფო აცხადებს პრეტენზიას რეგიონულ ლიდერობაზე. შედეგად, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა განსაკუთრებული გავლენის მატარებელი აღმოჩნდება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ ბალანსზე, ისე მსოფლიო გაუვრცელებლობის რეჟიმზე და გასაგები საფრთხის/უსაფრთხოების მიზეზების გამო, დიდი ალბათობით, ნუკლეარიზაციის ჯაჭვსაც წარმოშობს.

იმ შემთხვევაში, თუ ირანი გახდება ბირთვული კლუბის მეცხრე წევრი, გასაკვირი არ იქნება, რომ ირანის მეზობელი სახელმწიფოები არ დასჯერდებიან უსაფრთხოების არსებულ ზომებს და თავადაც მოინდომებენ საკუთარი ბირთვული შესაძლებლობების გაზრდას და იარაღის შექმნას. პირველ რიგში, საუდის არაბეთი, რომელსაც ირანისგან მკვეთრად განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში კი რადიკალურად დაპირისპირებული შეხედულებები აქვს. მეორე მხრივ, რეგიონული სახელმწიფოებიდან განსაკუთრებით საყურადღებო და გასათვალისწინებელია თურქეთის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ძალის ფაქტორიც.

ისტორიული თვალსაზრისით, თურქეთი და ირანი, მიუხედავად გარკვეული საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებისა, ერთმანეთის მეტოქეებად განიხილებოდნენ, რამდენადაც რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ იდენტობებსა და იდეოლოგიებს ეფუძნებიან. განსაკუთრებით, ირანის ბირთვული პროგრამა ქმნის დაძაბულობის მნიშვნელოვან წყაროს. თურქეთის მთავარი საზრუნავი და წუხილი ისაა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღების შეჯიბრებას დაუდებს საფუძველს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ზეწოლას თურქეთის მთავრობაზე, თვითონაც იზრუნოს საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე და შეინარჩუნოს ბალანსი რეგიონში.

ბირთვული იარაღის არსებობა რამდენიმე სახელმწიფოს ხელში შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ურთიერთშეკავების საშუალება. საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი გავლენიანი თეორიის მიხედვით, ბირთვული მშვიდობა უმეტესწილად ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა რაციონალურ სტრატეგიასა და მოქმედებას ემყარება, ისე, როგორც ეს ხდებოდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის ბიპოლარული დაპირისპირების დროს. დღესდღეობით კი, დასავლური სამყაროს დიდი ნაწილი და ისრაელი ირანს არარაციონალურ აქტორად მიიჩნევენ, ამასთან, რელიგიური ფუნდამენტალიზმის სახელით მოქმედი ირანის სასულიერო ელიტისთვის, რომელსაც დასავლეთისგან რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა და ბირთვული ომის აღქმა აქვს, ისრაელის სახელმწიფოს არსებობა თავისთავად უკანონო და მიუღებელია.

დამატებით, იარაღის მოპოვება რამდენიმე სახელმწიფო აქტორის მიერ, რომლებიც მეტ-ნაკლებად კონფრონტაციულ განწყობას ინარჩუნებენ აშშ-ის მიმართ, ამცირებს ვარაუდს, რომ სისტემა შეკავების ტრადიციული მეთოდების ჩარჩოებში მოექცევა. ამიტომ ბევრი მიიჩნევს, რომ განსხვავებით ცივი ომის საწყისი პერიოდისგან, როდესაც ყველაზე მეტად გავრცელდა ბირთვული იარაღი, მსოფლიო ახალ, პოსტგაუვრცელებლობის ეპოქაში შედის. მოლაპარაკებების პროცესი ირანთან 5+1 ფორმატში ჯერ კიდევ არ დასრულებულა, შესაბამისად, არ არსებობს გარანტია რაიმე კონკრეტული შედეგისა. ფაქტი კი ერთია – წინ „ბირთვული დიპლომატიური ვაჭრობის" მძიმე, დაძაბული და ხანგრძლივი პროცესია.

 

კომენტარები