ლიტერატურა

ლავკრაფტი

ადამიანებმა ბევრი არაფერი ვიცით ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. „რეალობა", რომელსაც ასე ვებღაუჭებით, ბევრად უფრო თხელი და არაგამძლეა, ვიდრე ჩვენ ამას ვისურვებდით. ცუდად დაწებებული „შპალერების" უკან ნამდვილი, ცივი და უცხო სამყარო იმალება, რომლის შეცნობა ჩვენს ძალებს აღემატება. და ეს კარგია. ეს ძალიან, ძალიან კარგია, რადგანაც განსხვავებულ შემთხვევაში, ჩვენი კოლექტიური გონება დანახულ სურათს ვერ გაუძლებდა და სიბნელეში მოხეტიალე სილუეტების დანახვისგან ჭკუიდან შეიშლებოდა.

ჩვენი უმეცრება ჩვენივე კეთილდღეობისთვის არის საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტი. ექსცენტრიკული, უცნაური ჯენტლმენი, რომელმაც მეოცე საუკუნის საშინელებათა ჟანრი საკუთარი შემოქმედებით გამოძერწა. ამ ანგლოფილმა, რომელიც ცუდი ჯანმრთელობით და კიდევ უფრო ცუდი ნერვებით ბავშვობიდანვე იტანჯებოდა, ისევე დაასრულა თავისი ცხოვრება, როგორც ყველა გენიოსს ეკადრება – სიღარიბეში და დიდწილად უცნობმა. მწერლის სიკვდილის შემდეგ 70 წელი გავიდა, მისი პოპულარობა კი დღემდე იზრდება. ნიჰილიზმის და სკეპტიციზმის ლავკრაფტისეული ნარევი თითქოსდა იდეალურად ესადაგება თანამედროვე ადამიანის მსოფლმხედველობას.

„კოსმიური ჰორორი" – ლავკრაფტის შემოქმედებას დღეს ასე მოიხსენიებენ. შიში არაამქვეყნიურისა, არაბუნებრივისა, იმის, რასაც ჩვენი შეზღუდული გონება ვერ ხსნის. დამრთგუნველი ატმოსფეროს შექმნა, ეს იყო ლავკრაფტის მთავარი სიძლიერე. მისთვის უცხოა ანთროპოცენტრიზმი, მის ნაშრომებში ადამიანები არ წარმოადგენენ სამყაროს მმართველებს. ისინი უმწეო ჭიაყელები არიან, იმდენად უმნიშვნელო, რომ „მთავარ მოთამაშეებს" მათი განადგურებაც კი არ მოსდით თავში. ლავკრაფტის სამყაროში აპოკალიფსი მაშინ დადგება, როდესაც ზღვის ფსკერზე მთვლემარე ქთულუ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს გამოღვიძებას. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია კაცობრიობის დასასრულის მრავალი ვარიაციიდან. ბოლო ჟამის ყველა შესაძლებლობას ერთი რამ აერთიანებს, კაცობრიობისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება არცერთი მათგანის მომასწავებელს არ აქვს. როგორც ქარი არ არის ბოროტად განწყობილი ფოთლების მიმართ, ისევე არ აინტერესებთ „ღმერთებს" ჩვენი არსებობა-არარსებობის საკითხი.

თავის ნაშრომებში ლავკრაფტი აქცენტს ყოველთვის ატმოსფეროზე აკეთებს. გმირები და ისტორია მისთვის მეორეხარისხოვანია. მთავარი მიზანია შიშის და არაადამიანური, უცხო გარემოს ისეთი ძლიერი ატმოსფეროს შექმნა, რომ მკითხველმა საკუთარი თავი გმირის ადგილას წარმოიდგინოს. ლავკრაფტისეული გმირი ტრაგიკულია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ცოცხლად გადაურჩა რეალურ სამყაროსთან შეჯახებას, მისი ფსიქიკა სამუდამოდ იქნება დამსხვრეული. საზოგადოებაში ფუნქციურ წევრად დაბრუნება მისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ავტორის ნამუშევარი განუყოფელია მისი ცხოვრებისგან. რამდენად განვითარებული ფანტაზიის პატრონიც უნდა იყოს, ცხოვრებისეული გამოცდილება თავს მის ნაშრომებში მაინც გამოავლენს. ლავკრაფტის შემთხვევაში ეს ორმაგად სიმართლეა. მისი ისტორია პირდაპირ ქაღალდზე გადმოტანილი რამდენიმე სიზმარია. ავტორი კოშმარებით ბავშვობიდანვე იტანჯებოდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილებები Night-Gaunts, უსახო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ფრთოსანი არსებები, მას სიზმრებში ევლინებოდნენ, შემდეგ კი მისი ნაწარმოების გვერდებზე აღმოჩნდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მამამისმა და მოგვიანებით დედამისმაც ცხოვრების ბოლო დღეები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტილებმა გაატარეს, თამამად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ წერა ლავკრაფტისთვის საკუთარი შიშებისგან თავის დაღწევის მეთოდს წარმოადგენდა. ასე ვთქვათ, ერთგვარ თერაპიას, რომელმაც მას ამ უიღბლო „ოჯახური ტრადიციისგან" თავი დააღწევინა.

ერთი შეხედვით, ლავკრაფტი ასოციალური პიროვნება იყო, მაგრამ ამავე დროს ნავარაუდევია, რომ თავის სიცოცხლეში მან 100 ათასამდე წერილი დაწერა. აქედან ზოგიერთი ათობით გვერდის სიგრძის იყო. ლავკრაფტს მიმოწერა ჰქონდა იმ ავტორებთან, რომლებიც მის მსგავსად ფალფ ჟურნალებში იბეჭდებოდნენ, მათგან ყველაზე ცნობილები რობერტ ი. ჰოვარდი (კონანის შემქმნელი) და რობერტ ბლოჰი (Psychos-ს ავტორი) იყვნენ. ის ახალგაზრდა მწერლებსაც აძლევდა რჩევებს, ასწორებდა მათ ნამუშევრებს და ზოგჯერ ტექსტების მთლიან რევიზიასაც კი ახდენდა. ლავკრაფტი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ინტერნეტის და სოციალური ქსელების დიდი მოყვარული იქნებოდა.

ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ლავკრაფტზე საუბრისას ვერ გაექცევი, რასიზმია. ამ ადამიანის რამდენად დიდი თაყვანისმცემელიც უნდა იყო, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლი. თითქმის არ არსებობს ნაშრომი, სადაც მწერალი იმიგრანტების მიმართ თავის ზიზღს არ გამოხატავს. „Horror at Red Hook" ამის ყველაზე გამორჩეული მაგალითია. ნოველა ლავკრაფტის ნიუ იორკში ცხოვრებით იყო ინსპირირებული, ავტორს, როგორც ყოველთვის, საკუთარი უნარების ადეკვატური დასაქმების და შესაბამისი სახსრების მოპოვება უჭირდა, ამას იმიგრანტების უწყვეტი ნაკადი ემატებოდა, რამაც ხელი შეუწყო მისი ყველაზე ქსენოფობიური ნაშრომის შექმნას. ზოგიერთი თავის საყვარელ ავტორს იმ არგუმენტით იცავს, რომ ის თავისი დროის შეხედულებებით ცხოვრობდა, თუმცა ეს დიდი ვერაფერი შვებაა ტექსტების წაკითხვის დროს.

ალბათ უცნაურია, რომ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ზებუნებრივზე და ფანტასტიკურზე წერდა და, ამავე დროს, რომლის ნაშრომებმა რამდენიმე ახალი ეზოთერული ორდენის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი (მისმა გამოგონილმა წიგნმა „ნეკრონომიკონმა" კი ფიქციურიდან რეალურ სამყაროში გადმოინაცვლა), თავად არაფერი მსგავსის არ სჯეროდა. ლავკრაფტი ათეისტი იყო, მისთვის მხოლოდ მატერიალური სამყარო არსებობდა. თუ რაიმეს მეცნიერულად დამტკიცება ვერ ხერხდებოდა, ის მისთვის არ არსებობდა. შესაბამისად, მისი მოღვაწეობის დღევანდელი შედეგების ნაწილს ის ცივი ღიმილით შეხვდებოდა და კაცობრიობის უმეცრების კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანდა.

ცხოვრების განმავლობაში ლავკრაფტი მიესალმებოდა იმას, რომ მის იდეებს სხვა ავტორები იყენებდნენ. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები, ადგილები, ღმერთები ხშირად ხვდებოდნენ სხვა ავტორების ნაშრომებში. შეიძლება ითქვას, რომ ლავკრაფტმა შექმნა პირველი თანამედროვე მითოსი, რომელმაც არსებობა მისი ავტორის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძო და თავის შემქმნელს ნამდვილი უკვდავება უბოძა.

ლავკრაფტის „კოსმიურმა ჰორორმა" წიგნებიდან ჯერ სამაგიდო თამაშებში გადაინაცვლა, შემდეგ კომიქსებში და დიდ ეკრანებზეც მოსინჯა ძალები. თუმცა ამ უკანასკნელში საკუთარი თავის დამკვიდრება თავდაპირველი სახით ვერ შეძლო ერთი მარტივი მიზეზის გამო – ლავკრაფტისეულ ჰორორს სახე არ აქვს. არაამქვეყნიური საშინელებები ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი ფორმით გვევლინებიან, მათ აღსაწერად გამოყენებული ენა იდეალურად გადმოსცემს ატმოსფეროს და შიშს, რომლებიც მათთან ასოცირდება, მაგრამ, ამავე დროს, დეტალებისგან თავს იკავებს. შესაბამისად, მკითხველს ინტერპრეტაციის ფართო საშუალება ეძლევა.

დღეს ლავკრაფტის გავლენა ირიბად თუ პირდაპირ ყველგან შეიმჩნევა. მისი კრებულების ყდაზე ხშირად ვნახავთ კინგის, გეიმანის, ენ რაისის ისეთ კლიშე ფრაზებს, როგორიცაა „მან მე გზა მიჩვენა", „საშინელებათა ჟანრის კლასიკოსი" და ა.შ. ლავკრაფტული თემატიკა გასდევს ისეთ კინოშედევრებსაც, როგორიცაა Alien, რომლის ქსენომორფი იდეალური ლავკრაფტული მონსტრია და The Thing, სადაც კარპენტერმა იდეალური „ლავკრაფტული" გარემოს შექმნა მოახერხა. თანამედროვე სატელევიზიო პროდუქტების მხრივ გამოსარჩევია True Detective, რომლის ატმოსფერულობა, იდუმალებით მოცული მოვლენები და უცნობის შიში ზემოხსენებული ავტორების ნიშა იყო. უფრო მსუბუქ ნოტაზე კი South Park-ის ეპიზოდის გახსენებაც შეიძლება, სადაც კარტმენი ლავკრაფტის ყველაზე ცნობილ ქმნილებას, აბსოლუტური ბოროტების და დედამიწის განადგურების მომასწავებელ ქთულუს დაუმეგობრდება. მუსიკა ყოველთვის განიცდიდა ლიტერატურის დიდ გავლენას და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, უამრავი ემბიენტ და მეტალ ბენდი მთლიანად ლავკრაფტის შემოქმედებას ეძღვნება, მათ შორის ყველაზე ცნობილი ალბათ მეტალიკას სიმღერაა The Call of Ktulu.

არსებობენ ავტორები, რომელთა მნიშვნელობას საზოგადოება მხოლოდ მათი გარდაცვალებიდან ათწლეულების შემდეგ იაზრებს. ლავკრაფტი ერთ-ერთი მათგანია. მისი ნაშრომები არის გამოძახილი იმ ეპოქისა, როდესაც მეცნიერება ფეხს იკიდებდა საზოგადოების ფართო მასებში და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას გვპირდებოდა. იგივე ხდება დღეს. ლავკრაფტის გამოთქმული აზრი აქტუალურია მაშინაც და დღესაც – პასუხებისთვის, რომლებსაც უკვე ამდენი ხანია ვეძებთ, ადამიანის გონება შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეს.

კომენტარები