უკანონო მოსმენები

უსუფაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე: გასარკვევია, ძველი პრობლემაა თუ რამე სხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, "რომ გამოძიება ძალიან მალე გაარკვევს, რასთან გვაქვს საქმე". უსუფაშვილი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაზე ფარული თვალთვალის საქმეს გამოეხმაურა.

"ჩვენ ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ ორი წლის წინანდელ საქართველოში, პრაქტიკულად ყველგან ყველაფერი ისმინებოდა. გამოძიების გასარკვევია, ჩვენ გვაქვს შემთხვევა ძველი დროიდან მოყოლებულ გარკვეულ პრობლემასთან თუ რამე სხვასთან. დღევანდელ ვითარებაში, ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დარღვევა როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიების და კერძო პირების მხრიდან. ამიტომ, უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო დონეზეც და ადმინისტრაციულ დონეზეც, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს", - თქვა უსუფაშვილმა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები