ფარული ჩანაწერები

ჭიკაიძე: მოსასმენი აპარატურა დაკარგულია - მისი განკარგვა წინა მთავრობას შეეძლო

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებებით, მოსასმენი აპარატურა „ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს“. ჭიკაიძის თქმით, ეს შსს-ში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მოხდა.

"2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი მივიდა, ჩვენ აღვრიცხეთ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები. აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შეყიდული იყო რამდენიმე მილიონი ლარის ტექნიკა, რაც სამინისტროდან ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამდე გაიტანეს. გამოძიება ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა რადგან ახლა აქტუალური გახდა, მასალები გადაეგზავნა პროკურატურას და მას ამჟამად სწორედ ეს უწყება იძიებს. მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა გაკონტროლებულიყო ხმის მოსმენა ან ვიდეოთვალთვალი, სამინისტროდან დაკარგულია. გამოძიებას უნდა დაველოდოთ და წინასწარ საუბარი არასერიოზული იქნება, მაგრამ მაშინ ამ ტექნიკის განკარგვა წინა მთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და დამერწმუნეთ, გამვლელი პირები ვერ გაიტანდნენ სამინისტროდან. ე.ი, გამოდის, რომ ეს ტექნიკა შესაძლოა, ძველი მთავრობის წარმომადგენლებში იყოს გაშლილი“, - განაცხადა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ „სად იმყოფება ეს ტექნიკა, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მაგრამ ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობს კუდ-ის თანამშრომლების ჩვენებები, რომ ერთ-ერთ ღამეს ამ ტექნიკის დატვირთვა და მოდულის შენობიდან გატანა მოხდა“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია და არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა.

კომენტარები