ნილს მუიჟნიეკსის ანგარიში

მუიჟნიეკსი: ქვეყანაში გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო

ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას მიესალმება. ამის შესახებ ნილს მუიჟნიეკსის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი.

კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კამპანია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

ანგარიშში წერია, რომ ძალადობა, რომელიც 2013 წლის 17 მაისს მოხდა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, იყო კიდევ ერთი ნათელი ილუსტრირება იმისა, რომ ქვეყანაში გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო.

ანგარიშში კომისარი კატეგორიულად უსვამს ხაზს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, საჯარო პირებმა და საზოგადოების ლიდერებმა მკაფიო გზავნილი გააგზავნონ ადამიანთა უფლებების დაცვისა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად, ძალადობის, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ცხადად უნდა განიმარტოს, რომ ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია.

ნილს მუიჟნიეკსი ასევე ხაზს უსვამს უმცირესობათა წევრების მონაწილეობას, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და საჯარო სამსახურში. "უარყოფითი დამოკიდებულება და ღია მტრული შემთხვევები მუსლიმების და სხვა უმცირესობების მიმართ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური სურვილი, მოახდინოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ეს ითვალისწინებს დარჩენილი ლეგალური და პრაქტიკული დაბრკოლებების გადაჭრას მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა და ინტეგრაციის მიმართულებით."

ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 2014 წლის 20-25 იანვარს იმყოფებოდა.

კომენტარები