სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

სად-ის ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ დარბაისელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, "სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ". დარბაისელი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს რთულ პირობებში მოუწია მუშაობა და სწორედ ამიტომ მიიღო თანამშრომლებისთვის მაღალი პრემიების გამოწერის გადაწყვეტილება.

"დასამალი არ არის, რომ ეს უმძიმესი სფეროა. პატიმრებთან მუშაობა და ურთიერთობა განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს თანამშრომლებისაგან, მით უმეტეს, როცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომებია საჭირო. დეპარტამენტი, მისი თანამშრომლები ნამდვილად ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდეთ სასურველ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, მე როგორც მენეჯერმა, საჭიროდ ჩავთვალე და თავად მივიღე გადაწყვეტილება თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის შესახებ, რათა მათ კიდევ მეტი მოტივაცია ჰქონოდათ. მათ 24-საათიან რეჟიმში, უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა ყველაზე რთულ, გარდამავალ პერიოდში. ისინი ფაქტიურად ვერ ნახულობენ საკუთარ ოჯახებს და სამსახურში უწევთ ღამეების თენება. სწორედ ასეთი მუშაობის შედეგია, რომ მათ რეალურად შეცვალეს ის ნეგატიური ტენდენციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჩემს დანიშვნამდე. ჩემმა გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები და გამოიწვია უკმაყოფილება. კარგად მესმის, რომ საზოგადოებისთვის შეუძლებელია ახსნა, თუ რა მასშტაბის და სიმძიმის სამუშაო იყო გასაწევი. მე ბოლომდე ერთგულად ვემსახურე ჩემს საქმეს და ჩემს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა დავტოვო დაკავებული თანამდებობა. მე ვრჩები ერთგული ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სრული აბსურდია ყველა ის ბრალდება, რომელიც გაისმა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიმართ“ – აცხადებს დარბაისელი.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელს მისი უკვე ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხიდან სწორედ დარბაისელმა გაიყვანა. ამასთან, ბოლო კვირების მანძილზე, განხილვის თემა გახდა 2013 წლის დეკემბერში სად-ის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიღებული მაღალი პრემიები. სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, დიმიტრი დარბაისელს მაღალი ხელფასების გაცემა მისთვის არ შეუთანხმებია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი მიიჩნევს, რომ სად-ის თანამშრომლებს მაღალი პრემიები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე დუმილისთვის დაურიგეს.

ასევე ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი დარბაისელის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაათავისუფლეს ლალი მოროშკინა.

კომენტარები