ტრადიციები

უსამართლობის აღდგენა

„ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, თავისუფლების საიდუმლო კი სიმამაცეში"

ნუ მოვიტყუებთ თავს – ის, რაც ჩვენ გვჭირს, არც 70-წლიანი ბოლშევიზმის ბრალია და არც ორსაუკუნოვანი რუსული ოკუპაციისა. თუ ჩემი არ გჯერათ, გადაიკითხეთ ათასწლეულთა განმავლობაში საქართველოში ჩამოსულ მოგზაურთა ჩანაწერები და დარწმუნდებით.

ქართველთა მთავარი მტერი ყოველთვის ჩვენი „ტრადიციები" იყო – ტრადიციები, რომელსაც ჩვენი შინნაზარდი, მტერთან ყველა დროში შეხმატკბილებული, კონფორმისტული „ელიტა" კულტივირებდა: თემისა და თემურობის ვერგანცდა, შური და გაუტანლობა, თავისუფლების დაუოკებელ წყურვილად განცდილი მდაბიური შეუგუებლობა ყოველგვარ წესრიგთან, წმინდა ძალის გარდა ნებისმიერი ავტორიტეტის მიუღებლობა, არასრულფასოვნების კომპლექსიდან ამოზრდილი თავხედობა, უანგარო მავნებლობა, თანდაყოლილი სიზერელე საქმესა და აზროვნებაში, ყაჩაღობისა და ძალადობის რომანტიზება, კორუფციასა და ნეპოტიზმში ასახული ახლობლობისა და ნათესაობის ფეტიში, სიზარმაცე, ფარისევლობა, ღალატი...

უსამართლობაც ქართული ტრადიციაა. თავისი მრავალჭირნახული ისტორიის დიდი ნაწილი ჩვენს ერს სწორედ უსამართლობაში უცხოვრია. საქართველოში ყოველთვის ჭირდა საგნებისა თუ მოვლენებისთვის ადეკვატური სახელის დარქმევა. კარგს კარგი, ხოლო ცუდს – ცუდი, როგორც წესი, წლების ან საუკუნეების შემდეგ ერქმეოდა. სიცოცხლეში კი ქართველები წარმართული გახელებით ვიძულებდით და ვებრძოდით დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწყინვალეს, ილია ჭავჭავაძეს და სხვებს, ვინც ჩვენს ტრადიციებს ებრძოდა.

2012 წლის ბოლოდან საქართველოში „სამართლიანობის აღდგენის" პროცესი მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაწილი უკმაყოფილოა ამ პროცესის ტემპითა და ხარისხით. თავს უფლებას მივცემ გამოვექომაგო ხელისუფლებას – „სამართლიანობის აღდგენის" პროცესი მხოლოდ იმიტომაა ნელი და მტკივნეული, რომ მას ცივილიზებული სამყაროს ცივილიზებული წესები უშლის ხელს და არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურვილი არ აქვს ან უნარი არ შესწევს ყველაფერი სხვანაირად, თავისებურად მოაგვაროს! რომ არა დასავლეთი, რომელიც ვერა და ვერ გამოვიდა სიცრუის ჰიპნოზიდან, „ოცნება" აქამდეც გვანახებდა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა. მაგრამ – ვაგლახ! – ყველაფერი ნაცნობობითაა ამქვეყნად. მარტო ჩუბაისისა და კარასინის იმედად კი მტერი იყოს, თუნდ ასეთ კეთილშობილურ წამოწყებაში...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა არის „სამართლიანობა"? როგორ გვესმის იგი?

შეიძლება ჩემი სუბიექტური (თუნდაც პროფესიული საქმიანობის კონტექსტში განხორციელებული) დაკვირვება განზოგადებისთვის არ ვარგოდეს, მაგრამ მაინც მრავლისმთქმელია: ქვეყანაში, სადაც ადრე კრიმინალი ცხოვრების წესი იყო და რომელიც შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად იქცა მსოფლიოში, არ შემხვედრია არცერთი პატიმრის არცერთი „ჭირისუფალი", რომელიც გააცნობიერებდა – ან დაუშვებდა მაინც! – რომ მისი ძმა, შვილი, მამა, ქვისლი, მეზობელი ან მეგობარი შეიძლება სამართლიანად იხდიდეს სასჯელს.

ზოგადად, სამართლიანობის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ერთი იდეალისტი მიზანთროპისთვის სამართლიანობა ნიშნავდა თეზისს „ყველასგან – შესაძლებლობის მიხედვით, ყველას – საჭიროების მიხედვით". მადლობა ღმერთს, მის იდეებზე დაფუძნებული სახელმწიფო დაინგრა. ჩემთვის სამართლიანობა უფრო მარტივია: სამართლიანობაა, ცხოვრობდე და ვითარდებოდე ისე, როგორც „იმსახურებ" (ამ სიტყვის მეტაფიზიკური გაგებით) – საკუთარი ცოდნის, უნარებისა და შრომისმოყვარეობის შესაბამისად, თავისუფლების პირობებში, როცა ხელს არავინ გიშლის. (ამ მხრივ, ქართველთა ნაწილისთვის სამართლიანობა თითქმის აღდგა. მაგრამ არა ბოლომდე. „სისხლიანი 9 წლის" ინერცია გვაფერხებს – ჯერ მაინც იმაზე უკეთ ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ.)

დავრჩები ბოლომდე სკეპტიკოსად და ვიტყვი, რომ საქართველოში სამართლიანობას ვერ აღვადგენთ, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელია მოვძებნოთ ათვლის წერტილი, როცა ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა იმაზე მეტი სამართლიანობა, ვიდრე იმ ყბადაღებული „9 წლის" განმავლობაში. მიხვდნენ რა ამას, „ოცნების" ინტელექტუალური მძიმეწონოსნები შეეცადნენ სამართლიანობის „აღდგენა" სამართლიანობის „დამკვიდრებით" ჩაენაცვლებინათ. თუმცა, „ოცნების" პირობებში, ეს იდეაც მკვდრადშობილია:

წარმოიდგინეთ სამართლიანობა, რომლის საძირკველშიც რუსეთის ფედერაციის მიერ ამ საქმისთვის დაჯილდოებული და ქართული ოცნების მიერ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული, ადამიანთა წამებაში ბრალდებული ბადრაგ-რეჟისორის მხატვრული ნიჭი ძევს.

წარმოიდგინეთ სამართლიანობა, რომლისკენ დარაზმულ იდეალისტებს მხოლოდ ორი რამ – რუსული ფული და ყველა გაზომვადი კრიტერიუმით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობის სიძულვილი – აერთიანებს.

წარმოიდგინეთ სამართლიანობა, რომლის ელექტორალური ბაზისი წითელი ინტელიგენცია, ერთმორწმუნე მტრისადმი რიდით განმსჭვალული სიბნელე და კოლექტიური „ასავალ-დასავალია".

წარმოიდგინეთ სამართლიანობა, რომელიც რუსული დაზვერვის ოფიცრების პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებასა და მათთან მებრძოლი პატრიოტების დაპატიმრებას გულისხმობს...

ლოგიკურია – სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსული ადამიანების ნარატივში კომფორტულად ჯდება ის, რომ დღეს საქართველოში:

– ვანო ჩხარტიშვილი ქონებას 1 ლარად „იბრუნებს";

– ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღით გამოსულ და შემდეგ რუსეთში მოღვაწე ემზარ კვიციანს სახელისუფლებო კოალიციის 35 წევრი უდგება თავდებად (მათ შორის, თ. კორძაია და დ. ბერძენიშვილი);

– უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქტორ იუშჩენკოს აბანოს 400-ლარიანი ხარჯის მართლზომიერებას იძიებს, ხოლო ფინანსთა მინისტრი, რომელმაც ბიუჯეტი მილიარდით გაარღვია, ათიათასობით ლარს ხარჯავს ქეიფებსა და დროსტარებაში;

– ვოლსკი პარლამენტს მართავს, ფარცხალაძე – პროკურატურას, ჟორჟოლიანი – გულანთებულ სტუდენტებს, წითელწყაროელი მილიციონერების კლანი – კახეთს, ხოლო ზაქარეიშვილი – შერიგებისა და კოლაბორაციის პროცესს...

ჩამონათვალის გაგრძელება და ახალ-ახალი მაგალითებით პერიოდული განახლება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტად მოსაწყენია, რადგან მთლიანი სურათი ნათელია:

პროცესს, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, სამართლიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის უსამართლობის აღდგენა. უსამართლობა, რომელიც ბრუნდება ჩვენს ყოველდღიურობაში, ატარებს პიროვნული უიმედობის, სახელმწიფოებრივი უამბიციობის, მიუღებელი რეალობისადმი შეგუების, მტრისადმი მაამებლობის სახეს და თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს უბრალო, წესიერ ადამიანებს.

უბედურება ისაა, რომ რიგითი ქართველი ამომრჩევლისთვის აღდგენილი უსამართლობა ერთობ ნაცნობი მდგომარეობა იქნება. მაგრამ რიგითი ქართველი ამომრჩეველი იხტიბარს არ გაიტეხს. „ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება", იტყვის ის დანანებით და შეეცდება ასე მაინც დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ის არაფერ შუაშია. არადა, ჩვენი ამგვარი აპათიაა სწორედ რუსეთის და მისი ქართველი დამქაშების სასურველი მიზანი...

მაშ, რა ვქნათ?

ჩვენს კითხვას დაახლოებით 2500 წლის წინ გასცა ლაკონიური პასუხი თუკიდიდემ. ეს პასუხი ამ წერილის ეპიგრაფად არის გამოტანილი.

კომენტარები