აშშ

ობამა გარანტიას აძლევს ევროპას, რომ შეერთებული შტატები მას არ მიატოვებს

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ახალ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებს დაჰპირდა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ობამას ინიციატივა არ არის საკმარისი.

3 ივნისს ბარაკ ობამამ წამოიწყო ოთხდღიანი ტური ევროპაში. ვარშავაში მან გარანტია მისცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ ამერიკა მათი უსაფრთხოების ერთგულია. ამის ხაზგასასმელად, პრეზიდენტმა კონგრესს ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა.

კონგრესის მხარდაჭერის შემთხვევაში, European Reassurance Initiative ევროპაში დამატებით ამერიკული სამხედრო ძალების გაგზავნას გულისხმობს. გამოყოფილი თანხა აშშ-ს დაეხმარება, რომ 2015 წლისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წვრთნები გააძლიეროს. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ბალტიისპირეთში საჰაერო პატრულირების და შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციების განმტკიცებას.

რუსეთის აგრესიის გამო აფორიაქებული ევროპელებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკიდან მომავალი ძლიერი სიგნალი. სწორედ ამიტომ, ობამას ინიციატივა ბევრმა აღიქვა, როგორც გზავნილი, რომ ამერიკას აქვს ნება და შესაძლებლობა, რათა მხარში ამოუდგეს NATO-ს და დაიცვას აღმოსავლეთ ევროპა.

მიუხედავად ამისა, ობამა ბევრმა გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ შექმნილ ვითარებაზე მისი პასუხი არაადეკვატურია. მეტიც, The Economist-ის საერთაშორისო რედაქტორის, ედვარდ ლუკასის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა NATO-ს სიძლიერეზე მეტად მის სისუსტეებზე მეტყველებს.

ამერიკა ამ ინიციატივით ახალ ელემენტებს კი არ ამატებს მყარ თავდაცვით ალიანსს, ის ცდილობს, „ბოძები შეუდგას სახლს, რომელიც ჩამონგრევის პირასაა მისული". სწორედ ამიტომ, ინიციატივა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს მიმდინარე პროცესებზე.

ევროპას არ აქვს საკმარისი სამხედრო ძალა, რათა რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა. ყველაზე თვალშისაცემი კი ის არის, რომ ამერიკულ უსაფრთხოებაზე ჩამოკიდებულს, მას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რათა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავისი წვლილი გაზარდოს.

ამაზე მეტყველებს ის, თუ მშპ-ის რამდენ პროცენტს ხარჯავენ NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოები თავდაცვისთვის. 2013 წელს მხოლოდ გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა და საბერძნეთმა შეასრულეს NATO-ს მიერ დადგენილი მინიმუმი, რომელიც მშპ-ის 2%-ს შეადგენს. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც თავდაცვისთვის 2%-ზე ნაკლები გაიღეს, არიან საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, ლიტვა და პოლონეთი.

ობამას ვიზიტის დროს პრეზიდენტმა კომოროვსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ის 2%-მდე გაზარდოს. მიუხედავად ამისა, ზოგადად ევროპაში ამ მხრივ არსებული ვითარება ნაკლებ დამაიმედებელია. მაშინ, როდესაც 2013 წელს ამერიკის თავდაცვისთვის მშპ-ის 4.4% დაიხარჯა, NATO-ს წევრმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ამისთვის ჯამში 1.6% გაიღეს.

დროა, ევროპული სახელმწიფოები უფრო სერიოზულად მოეკიდნონ საკუთარ თავდაცვას, ვინაიდან ამერიკა, ვის ზურგსაც ისინი არიან ამოფარებულნი, მათ დასაცავად უწინდელ მზაობას აღარ იჩენს.

ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც თებერვალში თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა წარმოადგინა, იმ ილუზიას ეფუძნება, რომ მსოფლიოში „ომის ტალღა უკან იხევს". 2015 წლისთვის ის ჯამში 495.6 მილიარდი დოლარი იქნება. ეს 400 მილიონით ნაკლებია 2014 წლის ბიუჯეტზე და 30%-ით ჩამოუვარდება 2011 წლისას, როდესაც თანხა 705 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მსგავსი შემცირება აშშ-ს რამდენჯერმე ახსოვს. თითოეული მათგანი იმავე მოტივით იყო განპირობებული, რითიც დღესაა – რომ ამერიკის ინტერესებისთვის საფრთხე შემცირებულია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალ ომს აღარ ელოდნენ, თუმცა მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ამერიკამ კვლავ შეამცირა თავდაცვის ბიუჯეტი და მალე არანაკლებ სახიფათო ცივ ომში მოუწია ჩაბმა. 90-იანი წლების შემცირებას კი 11 სექტემბერი და ავღანეთისა და ერაყის ომები მოჰყვა.

მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპა და ამერიკა ჯერ კიდევ ვერ გამოსულან ილუზიების ბურუსიდან, უკრაინაში სხვა არაფერი ხდება, თუ არა ომი. პუტინმა დაამტკიცა, რომ გაცილებით უფრო ამბიციურია, ვიდრე ამას დასავლეთი წარმოიდგენდა. ამის შემყურე პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საფრთხეს საკუთარ ზურგს უკან გრძნობენ. ისინი რუსეთს ესაზღვრებიან, მათგან ორს დიდი რუსული ეთნიკური უმცირესობა გააჩნია და ოთხივე ქვეყნის ენერგეტიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული რუსეთზე.

აპრილში ამერიკამ პოლონეთში სამხედრო წვრთნებისთვის 150 ჯარისკაცი გაგზავნა. დამატებით 600 ჯარისკაცი გადანაწილდება ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში. ობამას ინიციატივით, ეს რიცხვები კიდევ უნდა გაიზარდოს, მაგრამ ჯარები მხოლოდ დროებით დარჩებიან აღმოსავლეთ ევროპაში.

როგორც პოლონეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ბევრი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის თეთრი სახლის სიმბოლური ჟესტები. აუცილებელია, რეგიონში NATO-ს მუდმივი ბაზები განთავსდეს.
ცივი ომის შემდეგ, აღმოსავლეთით გაფართოების დროს, NATO შეჰპირდა რუსეთს, რომ არ განათავსებდა თავის მუდმივ ბაზებს რეგიონში. ეს პოლონეთისთვის გრძელვადიან პრობლემად იქცა. მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ობამას ინიციატივა „არ არის დასასრული". აშშ-თან დიალოგი ევროპის ამ ნაწილში NATO-ს ჯარების მუდმივ განთავსებასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება.

მაგრამ, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. თავად ობამას ადმინისტრაციამ გააუქმა პოლონეთსა და ჩეხეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების გეგმა, რომელიც გარდამტეხი იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ამ მაგალითის შემყურე ჩეხეთის და სლოვაკეთის სოციალისტურმა მთავრობებმა 5 ივნისს ობამას უარი განუცხადეს მათ ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების განლაგებაზე. ისინი აღარ არიან მზად, რუსეთი გააღიზიანონ, თუ ბევრად უფრო სერიოზულ უსაფრთხოების გარანტიას არ მიიღებენ.

თუ ამერიკას მართლაც სურს, ევროპა რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან დაიცვას, მას ბევრად დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ვიდრე დროებითი და სიმბოლური ხასიათის ინიციატივაა. მილიარდი დოლარი ამისთვის საკმაოდ ცოტაა.
ფაქტი, რომ ინიციატივა კონგრესიდან ელის მწვანე შუქს, ობამას ადმინისტრაციის მიერ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებას ჰგავს. როდესაც გააზრებულია მომდინარე საფრთხე და სწრაფი ქმედების მნიშვნელობა, უმაღლესი მთავარსარდალი მოქმედებისთვის კონგრესის თანხმობას არ უნდა უცდიდეს. მისგან ამას არც კონსტიტუცია და არც ისტორიული პრეცედენტები არ მოითხოვს.

ასე მაგალითად, 1983 წლის სექტემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირმა კორეული თვითმფრინავი ჩამოაგდო და 269 მგზავრი იმსხვერპლა, პრეზიდენტ რონალდ რეიგანს პასუხი არ დაუყოვნებია. მან მომენტალურად იმოქმედა „ბოროტების იმპერიის" წინააღმდეგ და ახალი რაკეტები განათავსა დასავლეთ გერმანიაში, ბრიტანეთსა და იტალიაში.

ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ობამამ ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ვალდებულია, წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაში, რადგან ეს თავად „ამერიკის უსაფრთხოების ქვაკუთხედია". თეთრი სახლი აცხადებს: „ჩვენ გადავხედეთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შესაბამისად". მაგრამ ობამას ინიციატივა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. მას არც საფრთხის თავიდან არიდება და არც მისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. სხვა გეგმა კი ჯერ არსად ჩანს.

კომენტარები