სამომხმარებლო ბაზარი

ჯაფარიძე: საწვავის გაძვირების რეალური მიზეზი არის ლარის გაუფასურება

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ხელისუფლების განცხადება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საწვავზე ფასი 10-15 თეთრით შემცირდა და ამჟამინდელი ფასის მატება გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრებზე ე.წ. plats-ის ფასების ზრდით, ტყუილია. ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის რეალური მიზეზი არის ლარის გაუფასურება, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად ახდენს, რათა საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა შეასრულოს.

"ხელისუფლება აცხადებს, რომ 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ საწვავზე ფასი შემცირდა 10-15 თეთრით და აღინიშნება კლების ტენდენცია. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ამჟამინდელი საწვავის ფასის მატება გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრებზე ე.წ. plats-ის ფასების ზრდით. ორივე ეს განცხადება არის ტყუილი.

2012 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი იზორია საუბრობდა საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, საწვავზე ფასი იყო - 2.05-2.10 ლარი. დღეს საწვავის ფასია - 2.14-2.32 ლარი. ანუ, საწვავზე ფასი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა 10-20 თეთრით და, შესაბამისად, ტენდენციას ზრდისკენაა მიმართული და არა კლებისკენ.

2012 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი იზორია საუბრობდა საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი იყო დაახლოებით 121 აშშ დოლარი ბარელზე. მაისში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი არის დაახლოებით 110 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 11 დოლარით ნაკლები, თუმცა საწვავზე ფასმა საქართველოში კვლავ მოიმატა საწვავზე (ისევე როგორც მედიკამენტებზე და სურსათზე) ფასების ზრდის რეალური მიზეზი არის ლარის გაუფასურება, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად ახდენს, რათა უზრულველჰყოს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება", - თქვა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები