თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად ქართული ოცნების წევრები აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატები - მალხაზ მჭედლიშვილი და გიორგი ახვლედიანი გახდნენ. მჭედლიშვილს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი ახვლედიანს - 35-მა, წინააღმდეგი იყო – 2. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 11 კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გახდა ნუგზარ მალაღურაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი, ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას კი – ლია ჯახველაძე. 

საკრებულოში ასევე 9 ფრაქცია შეიქმნა და დეპუტატებმა ფრაქციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს, კერძოდ, ქართულ ოცნებას საკრებულოში 6 ფრაქცია ეყოლება, ნაციონალურ მოძრაობას – 2, ხოლო დემოკრატიულ მოძრაობას – 1. 

კითხვაზე, რატომ არ დაამტკიცა საკრებულომ თავმჯდომარის ორი მოადგილის პოსტზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი მოადგილის სტატუსი წმინდა პოლიტიკური იყო. 

"ჩვენი ხედვა ასეთია, რადგანაც ქართულმა ოცნებამ პასუხისმგებლობა აიღო ქალაქის მართვაზე და მისი პრობლემების მოგვარებაზე, აქედან გამომდინარე, მისი ხედვა უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, ქართული ოცნებიდან აირჩა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა და დასძინა, რომ კომისიის ახლადარჩეულ შემადგენლობაში არიან ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიც, რაც საკრებულოში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას გამორიცხავს. 

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა. ელისაშვილის თქმით, "სააკაშვილის დროსაც კი, დემოკრატიულად და ზრდილობის გულისათვის ოპოზიციას რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ". დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ საკრებულოს თანამდებობების 100% აიღო, თუმცა, არჩევნები 100%-ით არ მოუგია.

"ასე რომ, საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, სარევიზიო კომისიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია ნამდვილად არ ამქვს. ძალიან ცუდი და ძალიან დასანანია, პირველ რიგში ქართული ოცნებისათვის და, ზოგადად, ქალაქისთვის, როდესაც საკრებულო ასე იწყებს მუშაობას", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას თავიდან აიცილებენ.

კომენტარები