ტრადიციები

ბუზკაში - პოლო ცენტრალური აზიიდან

თხის წართმევა

ბუზკაში ავღანეთის ეროვნული სპორტია და ქართულად ითარგმნება, როგორც - "თხის წართმევა". მოთამაშის მიზანი შემდეგია: ცხენზე ამხედრებულმა უნდა აიღოს უთავო და ფეხებდაჭრილი თხის ტანი, რომლის მასა დაახლოებით 20-დან 25 კილოგრამამდე მერყეობს, შემოუაროს მოედანს, რაც დაახლოებით 200 მეტრის გავლას გულისხმობს და ჩააგდოს 3.6 მეტრის დიამეტრის მქონე ღრმულში - ეს ქულად ჩაითვლება. იმარჯვებს ის, ვისაც თამაშის დასრულების შემდეგ მეტი ქულა აქვს.

წესები მარტივია, თუმცა მთავარი სირთულე მაშინ იწყება, როდესაც მიზნამდე მისასვლელ გზაზე მოწინააღმდეგე გუნდი ცდილობს მონაწილის შეჩერებას და თხის წართმევას, ამისთვის კი აქტიურად იყენებს ცხენებს და მათრახებს.

ბუზკაში პოპკულტურაში

ბუზკაში ბევრი ამერიკელისა და ევროპელისთვის პირველად ცნობილი "რემბო III"-დან გახდა, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში ავღანელი ამბოხებულებისთვის დასახმარებლად გაგზავნილ სილვესტერ სტალონეს ადგილობრივები თამაშში მონაწილეობას სთხოვენ.

ლეგენდა მგელზე

ბუზკაში მრავალი საუკუნის წინ მდინარე ამურდარიის აუზში წარმოიშვა. იგი ავღანეთის გარდა ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. უზბეკეთში მსგავსი ტიპის თამაშს კოკ ბარუს, ყაზახეთში კოკპარს, ხოლო ყირგიზეთში ულაკ თურთუშს უწოდებენ.

ბუზკაშის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთი მათგანის მიხედვით, მისი ფესვები მგლებზე ნადირობასთან არის დაკავშირებული. რამდენიმე ცხენოსანი მგელზე წარმატებული ნადირობის შემდეგ, მისი სხეულით თამაშს იწყებდა და ერთმანეთისთვის ნადავლის წართმევას ცდილობდა. მოგვიანებით მგელი ცხვარმა ჩაანაცვლა, უბრალო გართობა კი ნაციონალურ სპორტად იქცა.

ჩინგიზ ყაენის ეპოქიდან მოყოლებული ამ სპორტს აქტუალურობა არ დაუკარგავს და ბევრი ადგილობრივი მას არა მარტო სპორტად, არამედ ძალის და სიმამაცის გამოცდის ცერემონიად აღიქვამს. ახალგაზრდა ავღანელი ბიჭებისათვის ოცნებაა, როდესაც გაიზრდებიან, ბუზკაშის ჩემპიონები, ჩაპანდაზები, გახდნენ, რადგან ჩაპანდაზები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით და პატივისცემით სარგებლობენ.

თამაშის წესები

თამაშის სეზონი ზამთარში იხსნება. მიუხედავად მოღრუბლული და ხშირად წვიმიანი დღეებისა, თამაშს მაყურებლები არ აკლია და ის თავისი აზარტულობით უცხოელ ტურისტთა დიდ ყურადღებასაც იქცევს.

თავდაპირველად ბუზკაშის წესები მეტად ბუნდოვანი იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურ სპორტის სახეობად გადაიქცა, მისი წესები დაიხვეწა. ავღანეთის ოლიმპიურმა ფედერაციამ  1949 წელს გამოაქვეყნა შესაბამისი ნორმების ჩამონათვალი, რომელიც როგორც ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს უნდა დაეცვათ.

ამ წესების თავდაპირველი ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

  • მოედანი 400მX400მ;
  • გუნდი შედგება 10 მხედრისგან;
  • გუნდიდან მხოლოდ 5 მოთამაშეს შეუძლია ერთ ნახევარში თამაში;
  • ერთი ტაიმი გრძელდება 45 წუთის განმავლობაში;
  • შესვენება ტაიმებს შორის გასტანს 15 წუთს;
  • თამაშს უძღვება მსაჯი;
  • მსაჯის გადაწყვეტილებით, მოთამაშე უხეშად თამაშის შემთხვევაში შეიძლება გაძევებულ იქნეს მოედნიდან.

ტუდაბარაი და ქარაჯაი

დროთა განმავლობაში ამ წესებში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

მაგალითისთვის, მოედნის ზომები 200მX80მ-მდე დავიდა, ხოლო მონაწილეთა რაოდენობა 4 გახდა. მიუხედავად მცირეოდენი სხვაობებისა ქვეყნების და ზოგჯერ ქვეყნის კუთხეების მიხედვითაც კი, ბუზკაში ზოგადად ორი ტიპის არსებობს. ესენია ტუდაბარაი და ქარაჯაი.

ტუდაბარაი ინდივიდუალური სპორტია. აქ მონაწილემ თხის ტანი უნდა აიღოს და შეძლოს წრიდან გაღწევა, ამის შემდეგ იგი მოგებულად ჩაითვლება. რაც შეეხება ქარაჯაის, იგი ბუზკაშის ტრადიციულ, გუნდურ სახეობას წარმოადგენს.

ბუზკაშის ყველაზე რთული ეტაპი ცხვრის მიწიდან აღებაა, რაც საკმაოდ დიდ პროფესიონალიზმსა და ძალას მოითხოვს. ამ დროს მონაწილემ მათრახი პირში უნდა ჩაიდოს, ცხენის ერთ-ერთ მხარეს გადაიხაროს, შესაძლებელია გადმოვარდეს კიდეც, და ცხვრის სრიალა სხეული ფეხებამდე აიტანოს. ბევრი მონაწილე ამას ვერ აკეთებს, ამიტომაც სხვას აცდიან, შემდეგ კი მის წართმევას ცდილობენ.

მოთამაშეების და ცხენების ფიზიკური მომზადება

თამაში საკმაოდ ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს საჭიროებს, ამიტომ მისი მონაწილეები ყოველდღე ინტენსიურად ვარჯიშობენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხენების გაწვრთნა და მათი გამძლეობის შენარჩუნება, რადგანაც წარმატებული გამოსვლისთვის, ჩაპანდაზთა განცხადებით, კარგი ცხენი მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი, ნაწილია. შესაბამისად, მის  ამორჩევას და მომზადებას ამ ტურნირისთვის დიდი დრო ეთმობა. ზოგადად ავღანელები ცხენების ორ კატეგორიას გამოყოფენ. პირველი ესაა ,,ქათაღანი’’ - მცირე ზომის, თუმცა საკმაოდ გამძლე ცხენი, მეორე კი ,,ფარიაბის“ და ბალხის სტეპებში გაზრდილი ცხენები, რომლებიც დიდი ზომით გამოირჩევიან. ბუზკაშისთვის ბოლო მათგანს უფრო ენიჭება უპირატესობა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განსაკუთრებულ გამოცდას გაივლიან. სპეციალური ვარჯიშის შემდეგ მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება უნდა შეიძინონ. პირველი და უმთავრესი არის ჩამოვარდნილი მხედრისთვის მოცდა იმ დრომდე, სანამ იგი კვლავ არ ამხედრდება ცხენზე.

ვარჯიშის გარდა ცხენებს საკმაოდ მკაცრი რაციონი აქვთ და მათ შესაბამისი ინტერვალით სპეციალურ საკვებს აძლევენ. მსგავსი ცხენების ფასები $50 000-მდე ადის, ხოლო თუ მრავალ ტრავმას არ მიიღებენ, შესაძლებელია, მათმა აქტიურმა სპორტულმა ცხოვრებამ 20 წლამდეც კი გასტანოს. თუმცა დაზიანებები ბუზკაშში საკმაოდ ხშირია და მათ ასარიდებლად მონაწილეები ხშირად საბჭოთა კავშირის პერიოდის დროინდელ ტანკისტის ჩაფხუტებსაც კი იყენებენ ხოლმე.

როგორ მზადდება სათამაშო ცხვარი

ცხენების გარდა აგრეთვე მნიშვნელოვანია თამაშისთვის ცხვრის მომზადება. ეს რიტუალი ტურნირამდე ერთი დღით ადრე იწყება და მისი შესრულების პატივი მხოლოდ იმ ოჯახის წარმომადგენლებს აქვთ, რომელმაც გასულ წელს მთავარი თამაში მოიგო. თავდაპირველად ცხვარს თავს და ფეხებს მოკვეთენ, შემდეგ შიგნეულობისაგან ასუფთავებენ, რათა სწრაფად არ გაფუჭდეს და ქვიშით იქამდე ავსებენ, სანამ სასურველ წონას არ მიიღებს. მოგვიანებით მას სპეციალურ მატერიაში ახვევენ და ღამის განმავლობაში მიწაში აჩერებენ. თამაშის დღეს წინა წლის გამარჯვებული ბომბარდირი, ვინც ყველაზე მეტჯერ ჩააგდო ცხვარი ღრმულში, ცხვარს ამოთხრის და ტურნირზე მიაქვს. 

როგორც წესი, შეჯიბრის დამთავრების შემდეგ ცხვარი მთავარ სპონსორს გადაეცემა, თუმცა ასევე ყოფილა შემთხვევები, როდესაც იგი აუქციონზეც გაუტანიათ, სადაც $10 000-ადაც კი გაყიდულა.

ბიზნეს-ბუზკაში

ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, ბუზკაშშიც საკმაოდ დიდია სპონსორების როლი.

ტურნირს, როგორ წესი, მდიდარი ოჯახები ან ადგილობრვი კომპანები აფინანსებენ.

მართალია, Nascar-ის მსგავსად ცხენებზე Exxonmobil-ის ლოგოები არ არის მიკრული, თუმცა ტურნირის სპონსორები საკმაოდ დიდ თანხებს გამოყოფენ.

არჩევნების პერიოდში კანდიდატები აქტიურად იყენებენ ამ საშუალებას, რათა ხალხში პოპულარობა მოიპოვონ. გარდა ფულისა, გამარჯვებულებს, ან თუნდაც მათ, ვინც უბრალოდ თხა ღრმულში ჩააგდო, შესაძლებელია გადაეცეთ ავტომობილები, იარაღი, ტანსაცმელი და სხვა ძვირადღირებული ნივთები. 

მაგალითად, 2014 წლის ჩემპონატის გამარჯვებულს მხოლოდ ერთი გატანილი თხისთვის, სპონსორმა $3 500 გადასცა. რა თქმა უნდა, ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ათლეტების ანაზღაურებასთან შედარებით ეს სასაცილოდ ჟღერს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3500 დოლარი დაახლოებით 10-ჯერ მეტია  ტიპური ავღანელის საშუალო ხელფასთან შედარებით.

ბუზკაში და მოდა

ამერიკულ პოლოსთან ამ თამაშს წესებისა და ცხენების გარდა, კიდევ ერთი საინტერესო მსგავსება აქვს. თუ ამერიკაში მხედრებს ტანსაცმელს უმეტესად Polo Ralph Lauren უკერავს, ცენტრალურ აზიაში ამ როლს kokpar ასრულებს, რომლის ლოგო მეტად საინტერესოდ გამოიყურება.

კომენტარები