კარლ ბილდტი საქართველოზე

კარლ ბილდტი საქართველოს ხელისუფლების შეფასებებს კრიტიკით პასუხობს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე კიდევ ერთხელ ეხმაურება. ამჯერად ბილდტი საკუთარ კომენტარს Civil.ge-ს სტატიის ბმულს ურთავს. ხსენებულ სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ასევე მმართველი კოალიციის სხვა წევრების გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის კრიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას მოჰყვა.

„საქართველოში რევანშის პოლიტიკის გამო საერთაშორისო შეშფოთება იზრდება. ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი შინაარსის შეფასება კარლ ბილტმა Twitter-ზე 6 ივლისსაც გააკეთა:

"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბილდტის ამ შეფასებას გამოხმაურებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსებისა და მთავრობის წევრთა მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ მისი შვედი კოლეგის განცხადება „მთლად კორექტული" არ არის და სასამართლოზე ერთგვარ ზეწოლას წარმოადგენს.

Civil.ge-ს სტატიაში, რომელსაც ბილდტი საკუთარ ტვიტს ურთავს, თეა წულუკიანის WALL STREET JOURNAL-ში გამოქვეყნებულ წერილთან, უმრავლესობის დეპუტატების - გია ვოლსკისა და თედო ჯაფარიძის შეფასებებთან ერთად, მაია ფანჯიკიძის ეს ფრაზაცაა მოყვანილი.

 

კომენტარები