სააკაშვილი: აგვისტოში უკრაინა და მსოფლიო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას და მსოფლიოს აფრთხილებს, რომ რუსული „ჰუმანიტარული კოლონა", რომელიც მოსკოვმა უკრაინაში მიავლინა, შესაძლოა კრემლმა ამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შემოჭრისთვის საბაბად გამოიყენოს.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „პუტინს არ შეუძლია „ტროას ცხენების" გარეშე. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთში, რომლებზეც თავდასხმის ინსცენირება რუსეთმა ფართომასშტაბიანი შემოჭრის გასამართლებლად მოაწყო. ამჯერად, უკრაინისთვის საბედნიეროდ, მის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელები არ არიან და იგი იძულებული იქნება „ჰუმანიტარული კოლონით" შემოიფარგლოს".

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც პუტინი მშვიდობაზე საუბრობს, იგი კონფრონტაციის ახალ ტალღას იწყებს.

გარდა ამისა, მისი აზრით, „რუსეთს უყვარს თავდასხმა აგვისტოში, როგორც მოხდა 1993 წელს აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალში. რადგან ამინდი ხელს უწყობს საომარ მოქმედებებს, დასავლელი პოლიტიკოსები ძირითადად შვებულებებში არიან და ტელევიზორს მსოფლიოში ნაკლები ხალხი უყურებს".

„ამიტომაც, ახლა უკრაინა და მსოფლიო განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. პუტინი დამარცხების გზას ადგას, მაგრამ მთავარია, მისმა აგონიამ უკრაინელების დამატებით სიცოცხლეები არ შეიწიროს", - აღნიშნავს სააკაშვილი.

კომენტარები