NDI-ის კვლევა

NDI: პატრიარქის საქმიანობას "ძალიან კარგად" 11%-ით ნაკლები აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის მიხედვით, აპრილთან შედარებით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საქმიანობას "ძალიან კარგად"  11%-ით ნაკლები აფასებს. კერძოდ, ახლა მის საქმიანობას "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 66% აფასებს, ხოლო აპრილში ასე 77% ფიქრობდა.

თუმცა, 3%-ით გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც ილია მეორის საქმიანობას "კარგად" აფასებს, ხოლო 7%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც პატრიარქის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. აგვისტოში გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ ილია მეორის საქმიანობა "კარგია", ხოლო 11% მიიჩნევს, რომ "საშუალო". აპრილში, 14% აფასებდა პატრიარქის საქმიანობას "კარგად", 4% კი, "საშუალოდ".

მათი რაოდენობა, ვინც "ცუდად" ან "ძალიან ცუდად" აფასებს პატრიარქის საქმიანობას, აგვისტოშიც და აპრილშიც 1-1%-ია.

ასევე, უცვლელია მათი რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ არ იცის პატრიარქის საქმიანობა (3%) და უარს აცხადებს პასუხზე (2%).

ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოწონების რეიტინგმა 5%-ით დაიკლო. კითხვაზე, "მოგწონთ თუ არ მოგწონთ?", გამოკითხულთა 91% პასუხობს დადებითად, მაშინ როცა აპრილში საქართველოს პატრიარქი კვლევაში მონაწილეთა 96%-ს მოსწონდა.

ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ილია მეორე NDI-ის რესპონდენტთა 2%-ს არ მოსწონს, 4%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

კომენტარები