ერაყის ახალი მთავრობა

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა აირჩია

Getty Images

ერაყის პარლამენტმა ახალი მთავრობა აირჩია. მას ჰაიდერ ალ-აბადი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ახალი მთავრობა არაბულ-ქურთულ დაპირისპირებას სწრაფად აღმოფხვრის.

აბადის მთავრობა შიიტური უმრავლესობით გამოირჩევა. თუმცა, მთავრობაში არიან სუნიტები და ქურთებიც. ახალი მთავრობა სეკულარული პრინციპების მომხრე მინისტრებით არის დაკომპლექტებული. ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს. უახლოეს მომავალში დაიწყება არმიაში მოხალისეთა მიღება, რათა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) გავლენა შემცირდეს.

ახალი მთავრობის ფინანსთა მინისტრმა როშ ნური შავესმა, წარმოშობით ქურთმა, განაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქურთისტანის ადგილობრივ ბიუჯეტს გაზრდის, რათა რეგიონის მცხოვრებლებს მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში დაეხმაროს.

ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ არაბულმა ლიგამაც მიიღო დადგენილება.

კომენტარები