საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: იყო მსჯელობები იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეიმედის გადაცემა რეაქციაში მმართველ გუნდთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე,  მართლა განიხილებოდა თუ არა თებერვლის თვეში მისი გადადგომის საკითხი, მარგველაშვილმა ეს ფაქტი არ უარყო და არც დაადასტურა.

"არც ვადასტურებ, არც უარვყოფ. იყო მსჯელობები იმაზე, რომ ჩემი პრინციპულობა არის მიუღებელი, დეტალებში არ შევდივარ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ვადაზე ადრე გადადგეს, მარგველაშვილის თქმით, ეს სწორად არ მიაჩნია. "მე შემიძლია გითხრათ შემდეგი - თუ საქართველოს პრეზიდენტი ამ დაპირისპირების ან დაძაბულობის გამო ზურგს შეაქცევს თავის მანდატს, ეს უნდა იყოს გამოწვეული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე რომ ვგრძნობდე რომ მართლა პრობლემა ვარ ქვეყნის განვითარებისთვის, სირთულეს ვუქმნი საქართველოს წინ მიმავალ გზაზე, ბუნებრივია, კომფორტული ამ პოზიციაში ნამდვილად არაფერი არ არის – ძალიან დიდი პატივია, მაგრამ კომფორტული არ არის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა პრეზიდენტს შეკითხვა იმის შესახებაც დაუსვა, დაითხოვს თუ არა პარლამენტს კრიზისულ სიტუაციაში, რაზეც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა: "ეს ჩემი ვალდებულებაა, თუ ასე მოხდება, ეს იქნება იმ კონკრეტულ მომენტში გადასაწყვეტი. დღეს ასეთი ვითარება არ არის".

მარგველასვილი ასევე თანაგუნდელების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა. "სიტუაცია მარტივია – მე არანაირ ალიანსში არ ვარ. თუ ვინმე არასდროს არ შესულა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ვარ სწორედ მე. არ ვიცი რა ინფორმაცია აქვთ. რაღა საჭირო იყო შეხმიანება? მე ხომ ტელევიზორში ვისმენდი არაერთ კონსპირაციულ თეორიას იმის თაობაზე, როგორ არასწორად ვიქცევი... ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირველი რეაქცია იყო ის, რომ გავბრაზდი, მერე ვიფიქრე, რომ ჩემი სწორი რეაქცია იქნებოდა, თუ ამას გადავაბიჯებდი – არაუშავსთქო. გაცხადებული იყო ბატონი ბიძინასგან, რომ საჭიროა ამ ფორმით ჩემთან ურთიერთობა, ვიღაცამ უფრო ნიჭიერად შეასრულა, ვიღაცამ უფრო ნაკლებად, ვიღაცამ საერთოდ თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს ეტაპი გადავლახეთ უკვე, დამთავრდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პრეზიდენტის სასახლეში გადასვლა გადაწყვიტა. 

"ჩემი ავლაბარში გადასვლა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ კანცელარიაში სამუშაო პირობები არ მქონდა. ამასთან ერთად იყო პოლიტიკური ნაბიჯიც, იმიტომ, რომ მე იმ მომენტში უკვე დავინახე ტენდენცია იმისა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადგილმიჩენილი. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის და კონსტიტუციის მიერ მინიჭებული სტატუსი, არამედ გარკვეულწილად, ადგილმითითებული იყოს. შესაბამისად, მე გადავდგი ეს ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის მადლიერია გუნდის და პირადად ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ ვალდებულება ხალხის წინაშე აქვს.

 "ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი იყო იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან - ძალიან დიდი მადლიერება გუნდის მიმართ, ძალიან დიდი მადლიერება პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ვალდებულება ხალხთან. ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები. მე მგონია, რომ ეს სირთულეები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ეს იქნება ზიანის მომტანი ყველასთვის", - აღნიშნა მარველაშვილმა.

კომენტარები