ფარმაცევტული ბაზარი

სოფრომაძე: ყვარელში მამაკაცის გარდაცვალება რეცეპტის რეფორმას არ უკავშირდება

“აფთიაქს ჰქონდა სრული უფლება იმისა, რომ ურეცეპტოდაც გაეცა მედიკამენტი ლაზექსი, რომელიც ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტით მიკუთვნებულია ურეცეპტოდ გასაცემ გადაუდებელ მედიკამენტთა რიცხვში“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე, 55 წლის მამაკაცის გარდაცვალებას ყვარელში.

ადგილობრივი ტელემედიით ყვარელში მომხდარი ფაქტის მიზეზად მედიკამენტის ურეცეპტოდ გაუცემლობა დასახელდა. ზაზა სოფრომაძის თქმით, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომლებიც გაჟღერდა ოჯახის წევრებისა და მეზობლებისგან და რომლებიც განსაკუთრებულ მოკვლევას საჭიროებს.

„მიუხედავად ურთიერთგამომრიცხავი მონაცემებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლდათ უმძიმესი პაციენტი, მისი დიაგნოზი იყო მესამე ხარისხის არტერული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ასევე მესამე ხარისხის. მას ჰქონდა ჩატარებული რამდენიმე ხნის წინ სტაციონარული მკურნალობა თელავის ჰოსპიტალში, ახლა ცოტა ხნის წინ მან მიმართა ყვარელის პოლიკლინიკას, სადაც მიიღო შესაბამისი კონსულტაცია და დანიშნულება, მას დანიშნული ჰქონდა და რეცეპტით გამოწერილი ჰქონდა როგორც შარდმდენი საშუალებები, ასევე საგულე საშუალებები, შესაბამისად, ყველა უფლება ჰქონდა მიემართა აფთიაქისთვის შესაბამისი მედიკამენტის მისაღებად, კიდევ ვიმეორებ, მას შესაბამისი რეცეპტები გამოწერილი ჰქონდა. საერთოდ სასურველია, რომ მსგავს შემთხვევებში თვითონ ოჯახის წევრებმაც სხვა ტაქტიკა აირჩიონ ასეთი პაციენტის მოსავლელად, აუცილებელია ასეთ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ან ბინაზე ექიმის გამოძახება, რომელიც ადგილზე აღმოუჩენს კვალიფიციურ დახმარებას ავადმყოფს“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმითვე,  „გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ თუ მამაკაცი მაინც მედიკამენტის გაუცემლობის გამო გარდაიცვალა, ეს არ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს ახალ რეგულაციებს, რადგან აღნიშნული მედიკამენტი ახალი რეგულაციებითაც ურეცეპტოდ უნდა გაცემულიყო“.

ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, ყვარელში 55 წლის მამაკაცს აფთიაქში წამალი (ლაზიქსი) ურეცეპტოდ არ მისცეს, მან ექიმთან მისვლა ვერ მოასწრო და დაახლოებით ნახევარ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.

კომენტარები