კრიმინალური სამყარო

ნადირაშვილი: ჩვენი პოლიცია გარიგებულია კრიმინალთან და ეს ჩვენს ქუჩებშიც ჩანს

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მას არ გაჰკვირვებია კრიმინალური ამბების სააგენტო პრაიმკრაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში აპრილში დეპორტირებული კანონიერი ქურდი ისევ რუსეთში დააკავეს. ცნობისთვის, 41 წლის გიორგი ჯანელიძის საქართველოში დეპორტაცია მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ჯანელიძემ რუსეთში დაბრუნება ისევ მოახერხა.

"ნამდვილად არ გამიკვირდა, იმიტომ რომ შსს-ს სერვისია უკვე, როდესაც კანონიერ ქურდებს ხვდებიან და აცილებენ სხვა ქვეყნებში. წარმომიდგენია რუსი სამართალდამცველების გაკვირვება, როდესაც რამდენიმე თვეში გადეპორტებული ქურდი ისევ თავის დედაქალაქში დაიჭირეს. მე არ მიკვირს, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს რემენას შემთხვევა, რომელიც თვითმფრინავიდან დაეკარგათ სამართალდამცველებს. ჩვენი პოლიცია, მისი ხელმძღვანელობა გარიგებულია კრიმინალთან და ეს ჩვენს ქუჩებშიც ჩანს", - თქვა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში და ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში ხელისუფლება რამდენჯერმე დაადანაშაულა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის, იგივე რემენას საქართველოში დეპორტაცის საკითხი. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა უკრაინიდან დეპორტირებული კანონიერი ქურდი აეროპორტიდან გააპარეს. პარტიის ინფორმაციით, გენინსპექციის თანამშრომლებმა კანონიერი ქურდის მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ვიცეპრემიერ კახა კალაძის დავალებით მოქმედებდნენ. მაშინ კალაძემ ამ ბრალდებას აბსურდი და სიცრუე უწოდა.

კომენტარები