ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი ანალიტიკოსებს მოამზადებს და მის გადაცემას 2030 ერქმევა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მან "საზოგადოება 2030" შექმნა და იგივე საზოგადოება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ამავე სახელწოდების პროექტს შესთავაზებს საზოგადოებას. მისივე თქმით გადაცემა ეთერში ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით გავა, ხოლო კვირას, სამ წამყვანთან ერთად გადაცემაში მონაწილეობას თავად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებაში საინფორმაციო ვაკუმია შექმნილი და ის აპირებს ანალიტიკოსების მომზადებას ახლადშექმნილი საზოგადოების ფორმატში.

"ეს ვაკუუმი, ეს სივრცე რაც შეიქმნა რომ რუსთავი 2 აგიტაციას უკეთებს ნაციონალურ მოძრაობას, სხვა ტელევიზიებს ბიზნესინტერესების გარდა შეიძლება სხვა ინტერესები ჰქონდეს, ჩემი აზრით ობიექტური ინფორმაციის და ობიექტური ანალიზის ვაკუმი გაჩნდა. და ეს აბნევს ძალიან ბევრ პოლიტიკოსს თუ ექსპერტს და ბევრ შეცდომებს უშვებენ. ამასთან მინდა კავშირში მოვიდე,

დღევანდელი ანალიზი ამით მინდა დავიწყო, რომ ის რაც ხდება, ბევრი შეცდომები და შეცდომების მიზეზი ეს არის და მე ამ მიზეზზე უკვე ვზრუნავ. და ეს მინდა ვთქვა, რომ ის 20 წელიწადი რაც მე ვთქვი, რომ აქტიურად ვიმოღვაწევებ და დავდგები იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევაა, ერთ-ერთ გამოწვევას მე ვხედავ, ერთ-ერთს და არა ერთადერთს, იმის, რომ კვალიფიციური ანალიზი აკლია ამ მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ ანალიტიკოსების მომზადებას ვაპირებ და დაწყებულიც მაქვს, შევქმენით ასეთი საზოგადოება 2030 და ვთქვათ, 2 წელიწადი, რაც ვთქვი, თანმიმდევრული რომ იყოს, იმ 20 წლიდან რომელსაც მე ვახსენებდი 2 წელიწადი უკვე ამოვწურეთ. ერთი წელი ვიყავი პოლიტიკაში და ერთი წელი რაც წამოვედი იმის შემდგომ, პირობითად 18 დარჩა, არ დავუმატე ვთქვათ 2032 გამოდიოდა, დავამრგვალეთ და საზოგადოება 2030 შევქმენით.

ამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნებაა უკვე გაერთიანებული და გარდა ანალიტიკოსების მომზადებისა, გარდა იმ სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მივიღებთ მონაწილეობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება 2030 წლისთვის. სტრატეგია 2030 წელი ძირითადი ლოზუნგი ჩვენი გახლავთ ილიას სიტყვები, რასაც ძალიან ხშირად ვიმეორებდი პოლიტიკაში ყოფნის დროს, "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და ჩვენი საკუთარი წარმატებები ვეძებოთ საერთო ერის წარმატებებში და არა ცალკე", აი სწორედ ეს მუხტი გვაერთიანებს ჩვენ ხალხს, ვინც ვართ და ვინც შეიძლება შემოგვემატოს კიდევ.

ყველა ჩვენი ანალიზი, ყველა ჩვენი აქცენტი გაკეთებული იქნება მხოლოდ საზოგადოების საერთო ინტერესებზე და სანამ გამოვიტანთ ამას საჯაროზე, ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერ მოვლენასთან, შიგნით მოვთელავთ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე კერძო ან პირადი ინტერესები.

ამავე საზოგადოებას და ამავე სახელით, 2030 - ტელეპროექტი გვექნება, სადაც კვირაში ერთხელ, კვირაობით ალბათ, მე პირადად. ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე 2030 საზოგადოების, 2030 – ოცი ოცდაათად დავამრგვალეთ და ეს სახელი გვინდა შევინარჩუნოთ. პროექტსაც იგივე სახელი დავარქვით. ალბათ ყოველდღიური ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ მოწვეული ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადოება 2030-დან და ესევე გარედან საინტერესო პიროვნებებით მოხდება ანალიზი. სტრატეგიაზეც, როდესაც არსებული მოვლენები არ იქნება იმდენად საინტერესო და დაგვრჩება ვაკუუმი და სტრატეგიაზეც ვისაუბრებთ და სხვადასხვა თემებს შემოვიტანთ ჩვენ მიერ გადამუშავებულს. და კვირაობით მე მოვახერხებ 1 საათის განმავლობაში 3 წამყვანთან ერთად, ძირითადი ანალიზი გავაკეთო.

მე წამყვანი საერთოდ არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. თანაწამყვანობა როდესაც მე ვთქვი და რაც ძალიან არ მოეწონა ბევრს, მაგრამ ამაშიც არავითარ ტრაგედიას არ ვხედავ ამ როლის შესრულებაც რომ მომიწიოს" - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები