ამერიკული ხორბალი საქართველოში

კახეთის რეგიონში ტეხასური ხორბლის მოყვანა იგეგმება

კახეთის რეგიონში ამერიკული, კონკრეტულად კი ტეხასური ხორბლის მოყვანა იგეგმება. პროექტს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი ახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის საბოლოო მიზანია საუკეთესო მარცვლეულის შერჩევა და კახეთისთვის ოპტიმალური ხორბლის ჯიშის გამოყვანა. ფრონტერაში ირწმუნებიან, რომ ეს  გენეტიკური მოდიფიცირების გარეშე მოხდება. ფრონტერასვე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს მომავალი სავეგეტაციო სეზონისთვის დაახლოებით 20 ჰექტარ მიწაზე ხორბლის სხვადასხვა სახეობის დათესვას.

ფრონტერა ცნობილია როგორც ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კორპორაცია. თუმცა ამ პროექტს იგი ცალმხრივად განახორციელებს, როგორც სოციალური დახმარების პროგრამის ნაწილს. ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ კუთხით აქტივობა, კომპანიის პრეზიდენტი, ზაზა მამულაიშვილი პასუხობს, რომ ეს მიღებულია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ტეხასში.

პროექტის გახსნის ცერემონიაზე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.

პირველი სამუშაოების დაწყებამდე მიწა, სადაც ამერიკული ხორბლის მოყვანა იგეგმება, აკურთხეს.

კომპანია და პროექტში ჩართული ფერმერები პირველ შედეგებს მომავალი წლის მოსავალთან ერთად, ივნისში ან ივლისში ელიან.

კომენტარები