ზაქარეიშვილი სააკაშვილზე: არავინ არ უკრძალავს ჩამოსვლას

ტაბულა

“არავინ არ უკრძალავს ჩამოსვლას. ჩამოვიდეს და მისცეს ჩვენებები პროკურატურას, რა პრობლემაა,” - თქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიმა პაატა ზაქარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე. მან ეს კომენტარი მას შემდეგ მააკეთა, რაც 15 ნოემბრის აქციის შეფასებისას თქვა, რომ ბედნიერა რადგან საქართველოში ოპოზიციის ლიდერს შეუძლია პირდაპირ ეთერში ჩაერთოს უცხოეთიდან, რაზეც ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ ამ ლიდერს ქვეყანაში ჩამოსვლა არ შეუძლია.

“ვინ უკრძალავს მას? როგორც კი ჩატარდა არჩევნები, მაშინვე მოჰკურცხლა საქართველოდან ანუ ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია. თუმცა აღიარეს რომ ჩატარდა ნორმალურად არჩევნები. წესით ის უნდა დარჩენილიყო და, სულ ცოტა, ინაუგურაციას უნდა დასწრებოდა და ახალი პრეზიდენტისთვის მიელოცა. მან კარგად იცოდა, თუ რა ცოდვები აქვს ჩადენილი. ამიტომ არავინ არ უკრძალავს ჩამოსვლას. ჩამოვიდეს და მისცეს ჩვენებები პროკურატურას, რა პრობლემაა,” - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა 15 ნოემბრის აქციაზე თქვა, რომ მისთვის თვალი არ უდევნებია, მაგრამ ბედნიერია, რომ აქციაზე შეკრებილები არ დაურბევიათ და ოპოზიციის ლიდერს შეუძლია თავის მომხრეებს უცხოეთიდან პირდაპირ ეთერში მიმართოს, რაც მისი ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო. 

“გაზი არავის არ გაუშვია როგორც ვიცი, არავის არ დაურბევია და მე ბედნიერი ვარ რომ ჩვენს სახელმწიფოში ვართ სადაც ოპოზიციის ლიდერს შეუძლია პირდაპირ ჩაერთოს უცხოეთიდან და მიმართოს თავის მომხრეებს. ეს არის სწორედ უდიდესი წარმატება რაც წარმოუდგენელი იყო მისი ხელისუფლების დროს,” - თქვა ზაქარეიშვილმა.

15 ნოემბერს თბილისში გაიმართა აქცია სახელწოდებით არა ანექსიას, რომლის დროს რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას კიევიდან სიტყვით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

კომენტარები