საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, უნდა გაიწვიონ თუ არა ქალები ჯარში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო საქმე - "საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სადაც მოსარჩელე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციულად მიიჩნევს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.

"მოსარჩელე მხარე, სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას ასევე მიუთითებს დამატებით უარყოფით შედეგზე, კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელსაც რამდენიმე თვეში ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. შესაბამისად, განსხვავებით სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე ზოგადად ამავე კატეგორიის მამაკაცები ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალები, რომელთაც არ გააჩნიათ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა და ამავე კატეგორიის მამაკაცები, წარმოადგენენ თანასწორ სუბიექტებს სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ეს პირები სადავო ნორმის ძალით გაუმართლებლად არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რითიც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით თითოეული ადამიანისათვის გარანტირებული თანასწორობის უფლება.

სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

კომენტარები