ენგურჰესი

ხაჯიმბა ენგურჰესზე: ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს

rferl.org

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენგურჰესი აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ამის შესახებ კომენტარი რაულ ხაჯიმბამ ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და საჭიროა ენგურჰესის სტატუსის ერთხელ და საბოლოოდ განსაზღვრა.

"დღემდე არ ვიცით, რეალურად თუ ვიღებთ იმ 40%-ს, რომელიც თავის დროზე 60-40%-ზე გადანაწილებით გვეკუთვნის. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობით. პრეზიდენტმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და მთელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმ დოკუმენტების შესამუშავებლად, რომლებიც ენგურჰესის საკუთრების საკითხს გადაწყვეტენ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და სწრაფად ვერ გადაწყდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. ის, რაც ჩვენს ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს", - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის ნაწილი, კერძოდ კი ელექტროსადგურები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს. დე ფაქტო აფხაზეთისათვის ეს ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა. სწორედ აქედან იღებს საქართველოც ელექტროენერგიის უმეტეს წილს. ამიტომ, როგორც საქართველო, ისევე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დაინტერესებული არიან, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება განაგრძოს.

კომენტარები