გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლომ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო. თანხების ლეგალიზების, City Park-ისა და მარნეულის ეპიზოდზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც დაცვის მხარემ პროკურორების აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა. თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ ეს პროკურორები არაობიექტურობასა და სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. პროკურორების მიერ წაყენებული ბრალის ფორმულირებაზე ისაუბრა თავად გიგი უგულავამ.

"თქვენ ალბათ გაგიკვირდებოდათ, ბატონო მოსამართლევ, როდესაც ბრალის განჩინება წაიკითხეთ. გინდა ჩემი და გინდა ღონიაშვილის. იქ სიტყვა პარტია საერთოდ ნახსენები აღარაა. არაა, გაქრა. ხომ ჰგონიათ, რომ მე და გიორგის პარტიის უკანონო დაფინანსებას გვედავებიან და მის ორგანიზებას. სინამდვილეში ამ ბატონებმა საზოგადოება მოატყუეს, საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინ ჩერთნენ დღევანდელი სამთავრობო პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდაში და აბსოლუტურად სხვა ბრალის ფორმულირება მოხდა. ის საზოგადოებისთვის წარდგენილი ვერსიაც, სისხლის სამართლის დავა არ არის და არის ადმინისტრაციული დავა, რომელიც თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი ამნისტია რაც გააკეთა, ეს იყო "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ", სადაც პოლიტიკური პარტიები და ფიზიკური პირები გაათავისუფლა სახდელისგან. ამით საკუთარი თავი გაათავისუფლა იმ დარღვევებისა და ჯარიმებისაგან, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი 1 ოქტომბრის არჩევნების წინ",-თქვა უგულავამ.

შუამდგომლობის საფუძვლები აბსოლუტურად დაუსაბუთებელად შეაფასა ბრალდების მხარემ.

ამ საქმეში გიგი უგულავას გარდა, ბრალდებულია გიორგი ღონიაშვილი, ალექსანდე გოგოხია და დავით ჭედია. თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობა სწორედ აღნიშნული საქმის გამო აქვს შეფარდებული. ამ საქმის მთავრი მოწმეები კი გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა და კობა ბექაური არიან.

კომენტარები