მაუწყებლობის შესახებ კანონი

უმცირესობა: მაუწყებლობის შესახებ კანონით რუსთავი 2-ზე თავდასხმა მზადდება

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმცირესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ამოქმედების ვადის გადაწევა მოითხოვა. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციების პირობებში ტელევიზიები ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან. უმცირესობის წარმომადგენელს სერგო რატიანს მიაჩნია, რომ კანონპროექტი მედიას უპირისპირდება. მისი თქმით, "მედიასთან დაპირისპირებას არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის წარმატება არ მოუტანია". რატიანმა განმარტა, რომ ახალი კანონის ამოქმედების ვალდებულება 5 წლის განმავლობაში არსებობს და იკითხა, თუ რატომ არის აუცილებელი მისი 2017 წელს ამოქმედება. 

დღევანდელ სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა თავიანთ განცხადებებში აქცენტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ გააკეთეს. მათი შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებები საკუთრივ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არის მიმართული.

"თუ კანონის მიღება რუსთავი 2-ის დაზიანებას არ ისახავს მიზნად, გადადეთ მისი მიღება," - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

დეპუტატ აკაკი მინაშვილის შეფასებით კი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე თავდასხმა მზადდება და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის გაჩერება აქვს განზრახული. 

"ეს კანონპროექტი არის ნაწილი იმ გეგმისა, რომელსაც ხელისუფლება "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ ატარებს. ეს მათ არც დაუმალავთ. ამ კანონპროექტით "რუსთავი 2-ზე" თავდასხმა მზადდება, რომლის საბოლოო მიზანიც დამოუკიდებელი ტელევიზიის, დამოუკიდებელი ხმის ჩახშობაა," - განაცხადა მინაშვილმა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით კი, რუსთავი 2-ს კანონპროექტის მიმართ სამი შენიშვნა ჰქონდა, რომელთაგან ორი გაითვალისწინეს, ხოლო მესამე შენიშვნა, რომელიც პროექტის ამოქმედების გადავადებას ეხებოდა,  - არა. ზურაბ ტყემალაძემ უმცირესობის წევრებს შეახსენა, რომ აღნიშნული მიმართულებით ევროდირექტივების შესასრულებლად წინა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება დღეს ევროდირექტივების შესრულებას განაგრძობს. ტყემალაძის განცხადებით, მაუწყებელთა შეთავაზებების გათვალისწინებით, პროექტიდან ამოიღეს ნორმა, რომელიც კომერციული რეკლამისთვის დაწესებულ 20%-იან შეზღუდვას ითვალისწინებს მაუწყებლობის ხანგრძლივობის მიხედვით. მისი თქმით, 20%-იანი შეზღუდვა ყოველ საათში იქნება გამოყენებული . მისივე განმარტებით, სპონსორობის შესახებ დაწესებული ახალი დეფინიცია ძალაში 2016 წლის 15 იანვრიდან შევა. ტყემალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმა, რომლის მიხედვით, ანონსებში სპონსორობაზე მითითება იკრძალება. ნორმა, რომელიც პროგრამებსა და ანონსებში სპონსორობისას საათში 5%-იან ლიმიტს ადგენს, ძალას 2016 წლის 15 იანვარს დაკარგავს. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის 15 იანვრიდან ახალი ამბების სარეკლამო ჭრა 30 წუთში ერთხელ მოხდება, გარდამავალ პერიოდში კი - დასაშვები იქნება 15 წუთში ერთხელ.

დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. განცხადება ამის შესახებ დღეს ფრაქციის წევრებმა გააკეთეს. მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი დღეს დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გააკრიტიკა. 

"თუ ცვლილებებს ასე ფორსმაჟორში მივიღებთ, ეს აღიქმება მედიაბაზარში ჩარევად და ასევე აღიქმება კონკრეტულად რომელიმე ტელევიზიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებად, რადგან ამ შემთხვევაში მათი შემოსავალი შემცირდება. პირველად არ ხდება, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების საფუძვლით შემოდის ისეთი კანონი, რომელსაც ის არ ითვალისწინებს. ეს არის ძალიან ცუდი, რაც ხელს უწყობს მოსახლეობაში ანტიდასავლურ განწყობებს, რაც ჩვენთვის ასევე მიუღებელია," - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

კომენტარები