იური ვაზაგაშვილის საქმე

შოთაძე: გვყავს მოწმეები, რომლებმაც სოსანაშვილი სასაფლაოსთან დაინახეს

მთავარი პროკურორის მოადგილემ გადაცემა "იმედის კვირის" ეთერში განმარტა, ხელყუმბარის ნაწილიდან დნმ-ის ამოღების შემდეგ, როგორ გავიდა გამოძიება ბრალდებულ გია სოსანაშვილზე. მისი თქმით, გამოძიებას ჰყავს თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ აფეთქების დღეს, ისევე როგორც წინა დღეს, სოსანაშვილი ზურა ვაზაგაშვილის საფლავიდან მომავალი დაინახეს.

"რა თქმა უნდა ამ ფაქტამდე არავინ იცოდა ასეთი პიროვნების არსებობის შესახებ, ამ შემთხვევაში ანალიზი გაუკეთდა ამ ანძაზე დაფიქსირებულ 30 000-მდე ზარს, პარალელურად დაიკითხა ათეულობით მოწმე, კონკრეტულად რამდენიმე ადამიანი არის თვითმხილველი, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე.

ჩვენ გვყავს თვითმხილველი მოწმეები, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ პიროვნებას [სოსანაშვილს] იცნობდნენ და რომლებმაც გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 19 იანვრიდან მოყოლებული, 20 იანვრის [მკვლელობის დღის] ჩათვლით. აქ იყო ასევე ანძებზე დაფიქსირებული სატელეფონო ზარები, ასევე არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია, შესაბამისად ამ ყველაფრის ანალიზით გამოძიება მივიდა იმ დასაბუთებულ ვარაუდამდე, რომ სწორედ ეს პიროვნება შეიძლება ყოფილიყო ის პიროვნება, რომელმაც ეს ხელყუმბარა დადო სასაფლაოზე", - განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები