კრიზისი უკრაინაში

ნულანდი: რუსეთმა უკრაინაში ტერორი და უპრეცედენტო ძალადობის კამპანია გააჩაღა

რუსეთმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინაში ახალი მძიმე ტექნიკა შეიყვანა. ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინაში ნამდვილი ტერორი გააჩაღა. სენატორმა მარკო რუბიომ კი აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი არა მხოლოდ უკრაინა, არამედ NATO-ც არის.

"როდესაც უკრაინა აშენებს მშვიდობიან, დემოკრატიულ სახელმწიფოს თავისი ტერიტორიის 93%-ზე, ყირიმი და აღმოსავლეთის ცალკეული რაიონები ტერორით იტანჯება. რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა უპრეცედენტო ძარცვისა და ძალადობის კამპანია გააჩაღეს. ეს კონფლიქტი ინსპირირებულია და კონტროლდება კრემლის მიერ და რუსი გადასახადის გადამხდელების თანხებით ფინანსდება. მას 6 ათასამდე უკრაინელი და ასეულობით რუსი შეეწირა", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორი ნულანდმა. 

"მიმაჩნია, რომ პუტინის მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინა. საუბარია ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ჩამოყალიბებული წესრიგის სრული გადახედვის მცდელობაზე. მას სურს, განხეთქილება შეიტანოს NATO-ში და შესაძლოა, დაშალოს კიდეც. იგი ღიად აცხადებს, რომ სურს გავლენის სფეროს შექმნა და არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ ვარშავის პაქტის ყოფილ წევრ ქვეყნებშიც", - განაცხადა აშშ-ის სენატორმა მარკო რუბიომ.

კომენტარები