არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO-ები: ძალადობის ამსახველი ფილმის ჩვენებით ბავშვების უფლებები დაირღვა

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამეგრელოს ოთხ ქალაქში ბავშვებისათვის ძალადობის ამსახველი ფილმების ჩვენების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღმაშფოთებელია არასამთავრობო ორგანიზაციის (ყველა თაობა საქართველოსთვის) მიერ წამებისა და ძალადობის ამსახველი ფილმის ("სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა") ამ სახით გავრცელება.

„ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების, როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ და წაახალისონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ვერ შეძლო ბავშვების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-17 მუხლის მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული უკანონო ქმედების განხორციელებაში, როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სამინისტროს რესურსცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, ეს ქმედება თავისი არსით საარჩევნო/პოლიტიკური მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

„გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შინაარსიდან გამომდინარე, ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ქმედება უნდა ჩაითვალოს პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელებად - სეანსის მიმდინარეობისას ღიად ხდებოდა აგიტაცია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ღონისძიებებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებული ჩართულობა, ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების პოლიტიკის პრინციპს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან და არღვევს საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებისაგან.

არასამთავრობოების თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" 2014 წლის 24 თებერვალს არის დამფუძნებელი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი ომბუდსმენი და საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსი დავით სალარიძეა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელები არიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია სალუქვაძე, ნინო გიგინეიშვილი, ბესიკ მაყაშვილი და მერაბ თორია და როგორც სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტოებიდან ჩანს, ზოგიერთ მათგანს გარკვეული კონტაქტები გააჩნია მმართველ კოალიციასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შექმნას იმგვარი სამართლებრივი სივრცე, რომელიც არასრულწლოვანთა ინტერესებისა და უფლებების, ასევე, მათ მიმართ მავნე ზეგავლენისგან დაცვის მექანიზმების არსებობას უზრუნველყოფს, და შესაბამისობაში იქნება ბავშვის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

ასევე მოუწოდებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოიკვლიოს გარემოებები და დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტებში. მათი განცხადებით, "მიზანშეწონილად მიგვაჩნია კონკრეტული პედაგოგებისა და დირექტორებისთვის პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვა".

არასამთავრობოები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, საჯაროდ გაემიჯნოს მსგავს კამპანიებს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის სამართლიანი მეთოდები გამოიყენოს, რათა პოლიტიკურ ბრძოლაში არ იყოს დარღვეული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებები.

განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და დაცვის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

კომენტარები