GDI: ე.წ. კაბელების საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბარი ლოგიკურია

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, გაჭიანურებული სამართალწარმოება, განზრახვისა და მოტივის არსებობის საკითხი და მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა.

ანგარიშის მიხედვით, "ბრალდებულთა ქმედებების რაიმე სამართალდარღვევასთან დაკავშირება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივი და მიზანი. არ არის ინდივიდუალიზებული ბრალიც. გარდა ამისა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება აშკარად შეუსაბამო და არაპროპორციულია როგორც სავარაუდო სამართალდარღვევასთან, ისე რისკებთან და ბრალდებულთა წარსულ საქმიანობასთან. ყოველივეს ემატება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის არაერთი ზემოხსენებული შემთხვევა, რაც უსამართლობის განცდას ტოვებს. განსახილველი საქმის მიმართ პოლიტიკურ დაინტერესებაზე მიუთითებს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. ეს უკანასკნელი საუბრობდა ირაკლი ალასანიასა და მისი თანამშრომლების კორუფციულ გარიგებაში შესაძლო მონაწილეობაზე მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები თავიდანვე გრიფით გასაიდუმლოებული იყო. ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, მას გააჩნდა კითხვები მაგისტრალის შეძენასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი ლოგიკურია, ხოლო თავდაცვის სამინიტროს მაღალჩინოსნები შეიძლება, მიჩნეული იქნენ პოლიტიკურ პატიმრად საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად".

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა. ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები