ბიუჯეტი

ჯაფარიძე: პრემიერმა დღევანდელი განცხადებებით მოსახლეობას ტყუილის დღე მიულოცა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ პრემიერმინისტრმა დღევანდელი განცხადებებით მოსახლეობას "ტყუილის დღე მიულოცა". მისი თქმით, ტყუილი არის არა მხოლოდ ის, რომ მოიყვანო არასწორი რიცხვები, არამედ ტყუილია ისიც, არ ისაუბრო იმ რიცხვებზე, რომლებიც პოლიტიკურად არ გაწყობს.

"მინდა, გამოვეხმაურო პრემიერის დღევანდელ განცხადებას. მან მოიყვანა ბევრი რიცხვები და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს არის პირველი აპრილი და, როგორც ჩანს, პრემიერმა ტყუილის დღე მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. ტყუილი არის არა მხოლოდ ის, რომ მოიყვანო არასწორი რიცხვები, არამედ ტყუილია ისიც, როდესაც არ საუბრობ იმ რიცხვებზე, რომლებიც პოლიტიკურად არ გაწყობს.

გეტყვით ოთხ რიცხვს და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა როგორია, მიდის გაუმჯობესების გზაზე, თუ არის კრიზისის პირას:

1. 2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული უკვე ზედიზედ შვიდი თვეა, კლებულობს ექსპორტი. 2015 წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტში გვაქვს 26%-იანი ვარდნა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში ასევე შემცირებულია იმპორტი;

2. საქართველოს 530 000 მოქალაქეს მნიშვნელოვნად გაუძვირდა სესხი;

3. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი გაუფასურდა 35%-ით;

4. 2014 წლის ბოლო კვარტალში, თუ შევადარებთ 2013 წლის ბოლო კვარტალს, საქართველოს ეკონომიკა დოლარში შემცირდა 35 მილიონით. ანუ ჩვენი ქვეყანა გაღარიბდა.

რაც მართალია, არის ის, რომ ლარის გაუფასურებამ უფრო იოლი გახადა ბიუჯეტის შევსება, მაგრამ ბევრად უფრო გაართულა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. მაგრამ ამ ციფრებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ რეალობაში ერთ მხარეს დგანან ივანიშვილი, ღარიბაშვილი და ხადური. იმოწმებენ ერთმანეთს და საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის. მეორე მხარეს დგანან რიგითი მოქალაქეები, პედაგოგები, ექიმები, ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, საკუთარი ჯიბით და საკუთარ მაცივარში შეხედვით, გრძნობენ იმ მძიმე რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი. პრემიერის დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ მთავრობას არ ესმის ხალხის ხმა, ის სრულად არის მოწყვეტილი რეალობას და ამიტომ გამოსავალი არის ერთი - ეს მთავრობა უნდა წავიდეს", - თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები