ზურაბ ადეიშვილი

პროკურატურა: ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი გააუქმა

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ინტერპოლმა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის. უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლით ძებნილი ადეიშვილის ექსტრადირება უკრაინას რამდენჯერმე მოსთხოვა. თუმცა, უკრაინამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ზურაბ ადეიშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

კომენტარები