სასჯელაღსრულების სამინისტრო

სამინისტრო: პატიმრებს ციხეებში მათი სურვილის მიხედვით ვერ გადავანაწილებთ

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბრალდებულ კახაბერ ნაკანის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სპეცრაზმის ყოფილი უფროსი 2015 წლის 15 აპრილს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იმყოფებოდა. უწყების განცხადებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადანაწილება რეგლამენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლებით და ვერ დაუკავშირდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სურვილებს.

"თვითდაზიანების მიზეზად ნაკანის ადვოკატებმა დაასახელეს ის ფაქტი, რომ არ დაკმაყოფილდა ბრალდებულის მოთხოვნა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში ე.წ. მატროსოვზე გადაყვანის თაობაზე, თუმცა დღეს, წინასაგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აღმოჩენილ იქნა დოკუმენტი, რომელშიც თავად ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად აცხადებს პროტესტს ყოფილი სპეცრაზმელების დაკავების გამო და მხარდაჭერას უცხადებს ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას.

ბრალდებული განთავსებული იყო N8 დაწესებულების იზოლირებულ, განსაკუთრებულად დაცულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკანში იმყოფებოდა ძალოვანი უწყების 112 ყოფილი თანამშრომელი, სადაც მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული. ეს დადასტურდა დღევანდელ ფაქტზე ოპერატიული რეაგირებით. დაზიანება მიყენებულია ერთჯერადი საპარსით, რომელიც არ წარმოადგენს აკრძალულ საგანს. აღსანიშნავია, რომ თავად ბრალდებული, გამოკითხვის ოქმის თანახმად, პრეტენზიებს სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიმართ არ გამოთქვამს და მადლობას უხდის მათ ყურადღებისთვისა და დროული სამედიცინო დახმარებისთვის. ამავდროულად, წინასწარი სამედიცინო შემოწმების ოქმი ცხადყოფს, რომ ჭრილობა ბრალდებულის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქადდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის თანამშრომლებისთვის მხოლოდ ე.წ. მატროსოვის ციხეა განსაზღვრული, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადანაწილება რეგლამენტირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძვლებით და ვერ დაუკავშირდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების სურვილებს", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

კახა ნაკანმა გლდანის მე-8 დაწესებულებაში თვითმკვლელობა 15 აპრილს სცადა. მისი ადვოკატის თქმით, შესაძლოა ეს არ მომხდარიყო, სასჯელაღსრულების სამინისტროს დაკავებულის თხოვნა რომ გაეთვალისწინებინა და ის ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაეყვანა, სადაც სასჯელს ყოფილი სახელმწიფო მოხელეები იხდიან. ნაკანი პოლიციის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან და სპეცრაზმელებთან ერთად ზურა ვაზაგაშვილის სპეცოპერაციის საქმეში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები