სავიზო რეგულაციები

პარლამენტი სავიზო რეგულაციებზე კანონპროექტს დღეს კენჭს უყრის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭსაც უყრის.

კანონპროექტი ვიზების ელექტრონულად გაცემას, ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის ვადის გაგრძელებას და უვიზოდ შემოსვლის დამატებით შესაძლებლობას ითვალისწინებს. უძრავი ქონების ფლობა კი, ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი ხდება.

სავიზო და ბინადრობის ახალი წესები საქართველოში გასული წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა. ვიზების აღება კი მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებშია შესაძლებელი. სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებული ინიციატივით პარლამენტს მარტში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა, თუმცა გიორგი კანდელაკის ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მოგვიანებით მთავრობამ მის მიერ შემოღებული სავიზო რეგულაციების ნაწილის გამარტივება თავადაც გადაწყვიტა.

კომენტარები