ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს

დღეს, 14:00 საათიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსში ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავაც მონაწილეობს.

გასაუბრების პარალელურად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის ილია აბულაძის დარბაზში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ერთხმად უჭერენ მხარს ბუბა კუდავას ახალი ვადით არჩევას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია ორი კვირის წინ გამოცხადდა. იქამდე, ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა თანამდებობიდან გადააყენეს, რასაც ცენტრის თანამშრომლები აქციებით აპროტესტებდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ხელფასებიცაა. IDFI-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. ასევე, NAEC-ში დასაქმებული დამლაგებლის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარი), ხოლო მინიმალური - 175 ლარს, საშუალო ხელფასი შეადგენს 300 ლარს.

თავად ბუბა კუდავა გათავისუფლებას თავის "პრინციპულ პოზიციას" უკავშირებს. მისი თქმით, "არასწორი ხარჯების, დარღევების, არაეფექტური მმართველობის შესახებ ქალბატონმა მინისტრმა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელნაწერთა ცენტრის კოლექტივმა და პირადად მე საკმაოდ პრინციპული პოზიციები დავიჭირეთ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ერთი გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დღევანდელი ტერიტორიის საკითხი და მეორე გახლავთ ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის თემა ხელნაწერთა ცენტრის საცავიდან".

კომენტარები