ოკუპაცია

დამეხსენი, ჩრდილოელო

მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი,
შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი? ილია ჭავჭავაძე

"დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" - მონური აზროვნების ტიპური გამოხატულებაა. საინტერესოა, რომელი პერიოდიდან ჩათვალა ქართველმა, რომ ეს „სიბრძნე“ იყო და ანდაზად აქცია. ამ შეკითხვაზე პასუხი მეც მოსაძებნი მაქვს, მაგრამ ეს „ანდაზა“ რომ დღეს ყველაზე ხშირად გამოყენებადი გახდა, დამეთანხმებით. წლების წინ, რუსული ენის გაკვეთილზე, ასაკოვანმა პედაგოგმა ერთი კაცი ასე დაახასიათა: „შემაფურთხე, თორე კი ვერ მოვიწმინდავო“. როგორ ჰგავს ეს ორი ქცევა ერთმანეთს. არაფერი სხვაობაა დათვის ქვეშ მოქცეულის მიერ  ბაბაიას ძახილსა და შეფურთხებულის სიამაყით წმენდაში.

ყველამ კარგად ვიცით, ჩვენთვის დათვი და მაფურთხებელი ვინაა, ხოლო ბაბაიას ძახილისა და ფურთხის სიამაყით მოწმენდის მომხრე ვინ. მაგრამ პრობლემა მარტო ბაბაიას ძახილისკენ მოწოდებაში არაა.

ბაბაიას მაძახებელი ადამიანები საზოგადოებას უყვებიან მითებს „კეთილი“ და „გადამრჩენელი“ რუსეთის შესახებ. არადა, საკმარისია, საქართველოს ისტორიის გადაკითხვას რამდენიმე საათი დაუთმოს საკითხისადმი ნეტრალურად განწყობილმა ადამიანმა (თუმცა როგორ შეიძლება მტერთან ნეიტრალური პოზიცია გქონდეს) და საკამათოდ ის შეიძლება დარჩეს, გვყოლია თუ არა ოდესმე ისეთი საშინელი მტერი საქართველოს, როგორიც რუსეთია.

ადამიანები მითებს ეძებენ შორეულ წარსულში და ივიწყებენ დღევანდელ მოცემულობას, იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია. პოლიტიკური შურით დაბრმავებულები ცდილობენ საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულონ საკუთარი ტერიტორიების მტრის მიერ ოკუპაციაში. ისე წარმოაჩინონ, თითქოს აგრესორი რუსეთთან რომელიმე ბრძოლაში საქართველო იყო. თან მზად არიან, ბაბაია იძახონ.

ყველაზე გავრცელებული მითია, რომ ქართველების მიერ ქართველობის დღემდე მოტანა და ჩვენი, როგორც ერის გადარჩენა რუსეთის დამსახურებაა. ამ მითის მიხედვით, თითქოსდა, ჩვენი გადარჩენის გასაღები ერთმორწმუნეობაშია.

სინამდვილეში ეს ყველაფერი მხოლოდ რუსული პროპაგანდის მიერ ლამაზად შეფუთული ტყუილია, რომელსაც აყროლებული ლუდის ს(ხ)მით დამტკბარი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები საზოგადოებას ისტორიულ სინამდვილედ ასაღებენ.

რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე სხვა რამე აზრად არ მოსვლია, გარდა ქართველის გარუსებისა და საქართველოს, როგორც სიტყვის, ისე სახელმწიფოს გაქრობისა. განსხვავებით სხვა მტრისაგან, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას ისტორიულად გარდაუვლად სწორედ რელიგიური განსხვავებულობაც განაპირობებდა, რუსეთმა თავად ქრისტიანობა აქცია ჩვენი დამონების მთავარ საფუძვლად. როგორ? აი, ასე:

მანამ, სანამ საქართველო ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სახელმწიფოს (თუმცა დაქუცმაცებულს) წარმოადგენდა და მმართველობის ფორმა მონარქიული იყო, ისე როგორც ეს გავრცელებული იყო ევროპულ სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებშიც, მეფის ლეგიტიმურობის ფორმულა მის ღვთიურ წარმოშობას უკავშირდებოდა. სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ ამ თეორიას კაცობრიობა თეოკრატიული თეორიის სახელით იცნობს.

სადავო არაა, რომ ბაგრატიონთა დინასტია, სწორედ ამ ფორმულის წყალობით იპოვებდა ლეგიტიმაციას (ისტორიულ წყაროებში ბაგრატიონები ბიბლიური დავითის შთამომავლებად მოიხსენიებიან). შესაბამისად, მეფისადმი მორჩილება ქართველისათვის მისი რელიგიური ვალდებულების მოხდაც იყო.

ბუნებრივია, მაშინ, როდესაც მეფის მორჩილება სწორედ ადამიანთა რელიგიურ რწმენებთან იყო დაკავშირებული, ქრისტიანი ქართველისთვის რთულად მისაღები იქნებოდა არაქრისტიანი მეფისადმი მსახური, რადგანაც ამ ტიპის სამსახურს სწორედ რელიგიური კომპონენტი გამოაკლდებოდა.

სწორედ რუსეთთან ერთმორწმუნეობა გახდა ის საფუძველი, რომელსაც თითქოსდა საქართველო უნდა გადაერჩინა და რამაც ერეკლეს უბიძგა გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერისკენ. სწორედ ამ ეპოქიდან იწყება რუსეთის იმპერიული ზრახვების განხორციელების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დღემდე გრძელდება. 1801 წლიდან იწყება საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, 1811 წელს უქმდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და არსდება საქართველოს საეგზარქოსო, ხოლო მის მმართველად ეგზარქოსი ინიშნება. სწორედ რელიგიური მორჩილებისა და ერთმორწმუნეობის მოტივით, თითოეულ ქართველს, განსაკუთრებით კი თავადაზნაურობას, აჩვევენ აზრს, რომ ქრისტიანი რუსეთის იმპერატორი ისეთივე ღვთიური წარმოშობისაა, როგორც ქართველი ქრისტიანი მეფე და მისდამი მორჩილება მათი ქრისტიანული ვალია. 1832 წლის შეთქმულების შემდეგ, თავადაზნაურობა საბოლოოდ ეგუება აზრს, რომ მათი მეფე რუსეთის იმპერატორია, ხოლო მისდამი ერთგულება - საღვთო საქმე. ამ მოტივებზე რუსულმა იმპერიამ ქართული საზოგადოების გამოკვება ფაქტობრივად რევოლუციამდე შეძლო. მაგრამ რევოლუციამ მოიტანა ახალი ერთმორწმუნეობა საყოველთაო ათეიზმის სახით. აქაც, ისევე როგორც მანამდე, საქართველო კვლავ რუსეთის ერთმორწმუნედ დარჩა, თუ არ ჩავთვლით დამოუკიდებლობის წლებს, რომელიც ცალკე განხილვის საგანია.

დღევანდელი ერთმორწმუნეობაც, საბჭოთა ათეისტური წარსულისა და მეფის რუსეთის დროინდელი ქრისტიანობის მთავარ ხაზს ატარებს. ის იარაღადაა ქცეული რუსეთის ხელში საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის საწარმოებლად, რაც საბოლოოდ სასულიერო პირთა მიერ „პუტინის ღვთიური ბომბების“ შესახებ ქადაგებებში გამოიხატება და არამხოლოდ. ვინმემ შეიძლება მითხრას, რას ამოგიჩემებია ერთი „გამოშტერებული“ კლერიკალის ქადაგებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ქადაგების უარყოფა უფრო მაღალი იერარქისგან არ მსმენია, ხოლო მისივე შინაარსის ქადაგებები, სხვადასხვა შეფუთვით, თითქმის ყოველდღიურად მხვდება გარყვნილი დასავლეთის მიერ შობილ ინტერნეტში.

ზევით აღვნიშნე, რომ 1832 წლის შეთქმულების შემდგომ თავადაზნაურობა საბოლოოდ შეეგუა აზრს და რუსეთის მეფისადმი მორჩილება ღვთიურ ვალად მიიღო-მეთქი, მაგრამ ეს ბუნებრივია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სწორედ ამ მონური მორჩილების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. მათგან ბევრის სახელი საერთოდაც არ ვიცით, მაგრამ ვიცით ისინი, ვინც მათ ბრძოლას სათავეში უდგნენ.

ილია ჭავჭავაძე, მამულის, ენისა და სარწმუნოების შესახებ საუბრისას, კარგად ხედავს იმ როლს, რომელსაც გარუსებული ეკლესია თამაშობს ქართული ცნობიერების განადგურებაში. ილია ჭავჭავაძე ასევე აღგვიწერს, თუ რას აკეთებს რუსეთის იმპერია იმისათვის, რომ ქართველმა კაცმა მამულის, როგორც ერთიანი საქართველოს ცნება დაივიწყოს. სწორედ ილიას მოღვაწეობის, რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებთან შეუგუებლობისა და დაუმორჩილებლობის შედეგია ის, რომ მივიწყებული სიტყვა „საქართველო“ კვლავ ბრუდება ლექსიკაში.

ილიას მოღვაწეობის შედეგია რუსეთისაგან ქართულის, როგორც ენის გადარჩენა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება და მოგვიანებით მისი ხელმძღვანელობა იყო სწორად ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ბრძოლა მაშინ, როდესაც შესაძლოა ბევრს ჩაეთვალა, რომ ამ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და  დათვისთვის ბაბაიას ძახილი აჯობებდა.

საჭიროა, მკითხველმა იცოდეს რამდენიმე მაგალითი, თუ როგორი ფორმებით  ებრძოდა რუსეთი ქართულ ენას. იაკობ გოგებაშვილი წერილში - „შევიწროება ქართულის ენისა და ქართველებისა სწავლა-განათლების სფეროში“ - წერს: „კავკასიის სამოსწავლო მთავრობა ... ყოველი ღონით ჰზრუნავდა, რომ თვით სახელწოდებაც კი გაეუქმებინა ქართველებისა. აი ამისი ნამდვილი და ახალ-ახალი საბუთი. ზემოხსენებულმა ობერ-რევიზორმა თვისი მგზავრობა დასავლეთ საქართველოში ასეთის ღვაწლმოსილობით დაამთავრა. ინახულა ბათუმის სასწავლებელი და მიჰმართა ერთს რვა წლის ბავშვს – შენ ვინა ხარ? – ქართველი, – სთქვა პასუხად ბავშვმა. – ქართველი კი არა, რუსი ხარ, – სთქვი, რუსი ვარ-თქო. ბავშვი გაშტერდა და სდუმდა. რევიზორმა იფიქრა, აქ ნამდვილად სეპარატისტობაა დამალულიო, გაწყრა, გაგულისდა, წაავლო ხელი ბავშვს, ანჯღრევდა და გაჯავრებით გაიძახოდა თავისას. შეშინებულმა ბავშვმა ძლივს წამოილუღლუღა: რუ…სი… ვარ. ხმამაღლა სთქვი, რომ რუსი ხარ, – გაიძახოდა რევიზორი. შემკრთალმა ბავშვმა კარგა ხანს ვერ მოახერხა ხმის ამოღება. ბოლოს მოიკრიბა ძალ-ღონე და შეჰყვირა: რუსი ვარო, და თან ქვითინი წასკდა“.

ამავე წერილში მოთხრობილია მეორე შემთხვევაც: „მთავრობამ დაუწყო გაფაციცებით თვალ-ყურის დევნა, რომ ქართული წიგნები არ ჩავარდნოდათ, არც მეგრელებს და არც სვანებს, სულერთია, ქალი იქნებოდა, თუ კაცი. აი ამისი დამამტკიცებელი ერთი საოცარი ამბავი. ამას წინად თვით უფროსი სწავლა-განათლების საქმისა ბრძანდებოდა ერთს მეგრულ სკოლაში, სახელდობრ ახალ-სენაკისაში, საცა ქალები სწავლობენ. როცა სწავლება გათავდა, უფროსმა კეთილ-ინება და ბრძანა, გაშინჯეთ შეგირდები, ქართული წიგნები ხომ არა აქვთო. აღმოჩნდა დამნაშავეც. ერთს შეგირდს – ქალს უპოვეს ქართული წიგნი და დიდი შეშფოთებით მიართვეს დიდს ბატონს. უფროსმა ისეთის მრისხანებით გადახედა მთელს კლასს, რომ შეგირდებსაცა და მასწავლებელ ქალსაც ლამის გული წაუვიდათ და ზოგს ქვითინი წასკდათ. როცა მასწავლებელი ქალი ეახლა საღამოზედ ძლევამოსილს პედაგოგს, რათა შენდობა ეთხოვნა, საკმაო სიფხიზლით ვერ ვადევნე თვალ-ყური, ქართულის წიგნების კონტრაბანდა შემომეპარა და მაპატივეთო, დიდმა ბატონმა არც-კი მიიღო“.

და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითი თვალსაჩინოებისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ილიას „მამულს, ენასა და სარწმუნოებას“ გაიძახის და მათ გამოყენებას ილიას იდეალების საწინააღმდეგოდ ცდილობს.

დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
- დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო. აკაკი წერეთელი

რუსულის კიდევ ერთი გაკვეთილი დამამახსოვრდა - პანტელეევის ზღაპარი ორი ბაყაყის შესახებ, რომლებიც არაჟნით ნახევრად სავსე ქილაში ჩაცვივდებიან. სუსტი იფიქრებს, რა აზრი აქვს წვალებასო, არაჟანში ჩაიძირება და მოკვდება. მეორე კი, განუწყვეტლივ ხტის და არ ჩერდება, და ბოლოს, ქანცგაცლილი იგრძნობს, რომ მისი ფეხების ქვეშ არაჟანი გამაგრდება (კარაქად იქცევა), მყარად დადგება და ქილიდან ამოხტება, გადარჩება და მოიპოვებს თავისუფლებას.

ამიტომ, თუ გადარჩენა გვინდა, თუ თავისუფლება გვინდა, წამითაც არ უნდა შევწყვიტოთ ხტომა. ალექსანდრე რონდელს რომ დავესესხო, „ყოველ დილას რუსეთს ვუთხრათ - „შენ ხარ ოკუპანტი“ და ამ პოზიციებიდან გავაგრძელოთ მასთან დიალოგი“ და ჩვენს შვილებს აუცილებლად ბევრჯერ წავუკითხოთ აკაკის ლექსი.

კომენტარები