ტელეკომპანია რუსთავი 2

ღარიბაშვილი: რუსთავი 2-ისა და ხალვაშის საქმეში მთავრობის ჩართულობა ნულის ტოლია

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

"ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამაში მთავრობის ჩართულობა და როლი არის აბსოლუტურად ნულის ტოლფასი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ტელეკომპანია რუსთავი 2-სა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შორის არსებულ დავას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა.

" ჩემი, როგორც მოქალაქის და როგორც პრემიერმინისტრის აზრი ასეთია, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თავისუფალი მედიის განვითარებას ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად და მე ვფიქრობ, რომ ყველამ ნახა ამ სამის წლის განმავლობაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიას და მედია დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, მთავრობას ან სხვა ნება ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი, მთავრობის ნება და გაცხადებული პოლიტიკა არის ის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს თავისუფალ მედიას და საქართველოში არსებობდეს ძლიერი თავისუფალი მედია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ შემიძლია აღვნიშნო, რომ მე, როგორც პრემიერმინისტრი და მოქალაქე, ვარ მომხრე ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამაში მთავრობის ჩართულობა და მთავრობის როლი არის აბსოლუტურად ნულის ტოლფასი. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ბატონი ქიბარ ხალვაში მიმართავს სასამართლოს, რომ თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. ბიზნესმენის ამ მოთხოვნას რუსთავი ორის დირექტორი გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით, ხალვაში რუსთავი 2-ის მფლობელებთან სამართლებრივად ვერაფერს მიაღწევს.

 

კომენტარები