ლარის გაუფასურება

პრემიერი ლარის კურსზე: სპეკულაციები მიმდინარეობს, კრიზისული პერიოდი გადავიარეთ

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ლარის კურსთან დაკავშირებით, ის შოკები, პირველი ტალღა გადავიარეთ, ახლა ეს არის ემოციური განცხადებებით განპირობებული". მისი თქმით, "ძალიან მარტივი რაღაც ხდება საქართველოში - ადამიანებს აქვთ ცრუ მოლოდინი შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია". ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ექსპერტების დასკვნებით, ლარის კურსის რყევებთან დაკავშირებით კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში უკვე გაიარა.

"რაც შეეხება ლარის კურსის გამყარებას, მე მინდა გითხრათ, რომ სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინი არის შექმნილი. მინდა, მივმართო ყველას, რომ არ დააბნიოს ამ ცრუ მოლოდინებმა და განცხადებებმა ჩვენი ბიზნესმენები და მოქალაქეები. მე გუშინ მქონდა საუბარი ეროვნულ ბანკთან, ასევე ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკოსებთან, ექსპერტებთან, რომლებმაც თქვეს, რომ ეს კრიზისული პერიოდი უკვე გადავიარეთ. მოქალაქეები, ინვესტორები და ბიზნესმენები დოლარს ინახავენ, რაც სწორედ განაპირობებს იმას, რომ ლარის კურსის გამყარება არ ხდება ამ პერიოდში, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან მათ მოუწევთ დღეს თუ ხვალ დოლარის გაყიდვა და ლარის ყიდვა", - აღნიშნა პრემიერმა ბათუმში.

კომენტარები