იური ვაზაგაშვილის საქმე

პროკურატურა სოსანაშვილის თანამზრახველს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეს საქართველოს პროკურატურა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეძებს. პროკურ ცქვიტარიას თქმით, ამ ქვეყნების მთავრობებს საქართველომ უკვე მიმართა დახმარების თხოვნით. საუბარია პირზე, რომლის დნმ-ის კვალიც საგამოძიებო ორგანომ სოსანაშვილის კვალთან ერთად აღმოაჩინა იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, რომლის აფეთქებასაც იური ვაზაგაშვილი შეეწირა. პროკურორი საუბრობს დნმ-ის კვალის გადანაწილებაზეც - მაჟორული წილი სოსანაშვილს ეკუთვნის, მინორული - კი სხვა პირს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი ჰქონდა აფეთქების წინა პერიოდში სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. 

გია სოსანაშვილი კი ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბარი მეგობრებთან - ზაზა სიმონიშვილთან და გივი სილაგაძესთან -ჰქონდა. "გია სოსანაშვილმა განაცხადა, რომ ტელეფონი საკუთარი ნებით მიაწოდა გამოძიებას და უარი არ უთქვამს გამოკვლევაზე. პროკურატურისთვის ნაჩვენებია ის სახელები და გვარები, ვისაც სოსანაშვილი საფრანგეთში ესაუბრა. ესენი არიან მისი მეგობრები და გია სოსანაშვილი მიიჩნევს, რომ აბსურდულია მის მეგობრებში დამნაშავის ძიება და ეს პროკურატურამაც კარგად იცის", - ამბობს სოსანაშვილის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მივიდა, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. 

 

კომენტარები